Monday, September 6, 2010

აღმოსავლეთით (ნიკა ჩერქეზიშვილი)


ახლა ჩვენ შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა,
ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე,
ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან,
რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს
და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს,
ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში,
ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა,
ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში
და ახლა, ისევ მენატრება - მოგყვე, გეძიო,
მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი...
შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ,
შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი,
რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა,
შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური,
მაინც მოგძებნი, მანამდე კი - იყოს დასტურად
ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა სულით, ნატურით.

No comments:

Post a Comment