Sunday, January 30, 2011

*** დათო მაღრაძე

ამაყობს შავი დედალი მომცრო, -
კაკანით დადო ფაბერჟეს კვერცხი…
როცა კანკანით ჩხრიალებს ოქრო,
ხელისკანკალით ითვლება ვერცხლი.

შეაგროვებენ კვერცხებს კალათით,
სტუმრებს დახედავს მთვარე აივნის,
მტკვრის სანაპიროს წითელ ხალათით
ფარნით ნაძებნი ბიჭი აივლის.

- წითელპერანგა მტკვარის მეთევზეს -
იმასაც შენი სახელი ერგო
და ქვაფენილთან დამრეც კედელზე
მიწერილია:
სერგოს + სერგო.

… თენდება, ჩქარობს საქმეს ევროპა, -
ჯვაროსანი და გრაალის მცველი,
… აღმოსავლური ფარისევლობა
გაიზმორება ათრეულ წელით.

აღმოსავლეთი ვისთვის ახალი
ხილია, ძველო,
შენსავით ძველი,
დაწინწკლულია ხალით ხახალი,
თენდება ძველით წელი ახალი.

აშხივებულა ხორცით მაყალი,
დაიძრა ბოლი თვალების მწველი
და მთაწმინდური აყალმაყალი
აზიდულ წარბით და ხელით ხმელით…

დრო, -
როგორც წვივში მოსმული ცელი
მიდის, და მოაქვს რაც არის ძველი,
უცხოელ სტუმრებს თბილისი ელის…
მთაწმინდის ფერდზე გზა მიდის ძნელი,
მასპინძელია “ძალიან ძველი”,
არღნის ჩიტივით მორთული, ჭრელი,-
ძველი ჩუქურთმის ახალი მჭრელი,
… თენდება ძველით ახალი წელი.

კანკანს მოჰყვება ჩხრიალი ვერცხლის
და დედლის კაკანს ფაბერჟეს კვერცხი,
საკანის ჭერში ბუდეა მერცხლის,
ბოლო ბაქანი -
“ფრთები და ცეცხლი”.

Thursday, January 27, 2011

ბინდის ფერო... **ლელა ცუცქირიძე**

                                                (თეთრი ფარა, თენგიზ მირზაშვილი)


აჰა, მოგლიე, ბინდის ფერო,
ვდგავარ სამანთან.
რაღა უნდა ვთქვა…
რამდენჯერ იყო, უდროო დროს ღამე დაანთე,
კუდიანი ვარსკვლავების ჭიაკოკონა გააჩაღე
და ჩიტებად გადაქცეულ ჩემიანებს
დაუწვი ფრთები…
ვერც მოვასწარი, რომ მეყვირა:
არული–მეთქი კუდიანებს,
არული–მეთქი...

რას ვაკეთებდი?  არც არაფერს.
სატრფო ვიყავი  –
კირით ნაგებ კოშკში ვიჯექ და
მოვის წითელ, შვიდღილიან პერანგს ვკერავდი.
და ვიყავი  –
ძმის ჭრილობაში   ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი.
ცოლი ვიყავი –
ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან
სანთლად ვდნებოდი.
ქვრივი ვიყავი –
ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი
და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი.
ბერდედაც ვიყავ –
ადგილის დედად გადაქცეული…

ასე ვიარე…
გზებს ვკეცავდი და ისევ ვშლიდი,
ხანაც საბრალო დედაბრისას ყანასა ვმკიდი,
ჭინჭველს ვაცლიდი ალვის ხეებს,  მორევს ვხაპავდი,
მარტოდდარჩენილთ ვუცელავდი ჯავრის სათიბებს,

და ჰა, მოვედი შენს სამანთან,
შე ბინდის ფერო,
რაღა უნდა ვთქვა…
ერთი იმდენი,
ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე 
ბროწეულები მახარებინე,
რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...

ჩემთვის აღარ,
მე – სიპი ქვა, უკვე გავლიე,
შვილებისათვის,
ბინდის ფერო,  წუთისოფელო…

Wednesday, January 26, 2011

რა მარტივი ანბანი აქვს წვიმას... *** ცირა ბარბაქაძე ***

* * *
ისე მინდა გესმოდეს ჩემი,
როგორც ფოთლებს _ წვიმის წვეთების...
რა მარტივი ანბანი აქვს წვიმას:
ყველა ბგერა ერთმანეთს ჰგავს,
მაგრამ მაინც...
განსხვავებულ ხმებს გამოსცემენ,
როცა სარკმელზე  ჩამოსხდებიან...


26.01.2011.

Saturday, January 15, 2011

ღმერთო, მაპატიე აპათია... *** რატი ამაღლობელი ***

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა...
იქნებ გამახსენო? გამახსენე,
ყველაფერი თავიდან ამიხსენი,
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო, ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

Tuesday, January 4, 2011

მეორედ მოსვლა ***პაატა ნაცვლიშვილი***

დიდი, ცისფერი თევზი აწყდება აკვარიუმის დაორთქლილ კედლებს,
ის ცდილობს, მაგრამ თავის დაღწევას ამ კედლებიდან ვერასდროს შეძლებს.

ნიშაში ჰკიდია ღვთისმშობლის ხატი და ჩვილი ქრისტე მარიამს ეკვრის,
მან ჯერ არ იცის, თუკი ამქვეყნად სადმე არსებობს გვირგვინი ეკლის!

ან თუ საერთოდ არსებობს რამე, დედის სითბოს და ალერსის გარდა,
ან თუ ოდესმე მოუწევს მისვლა სიკვდილ-სიცოცხლის გარდუვალ ზღვართან,

ბევრი უნდა ქმნას, ვითარცა ღმერთმა და უფრო მეტი ვითარცა კაცმა,
მაგრამ არაფერს აპატიებენ__ ქრისტეს დასჯიან, მას ელის ჯვარცმა.

რაც წინასწარვე განსაზღვრულია, იმას ვერ შეცვლის ვერც ის და ვერც სხვა;
და მაცხოვარი აუქციონზე გაიყიდება 30 ვერცხლად!

საიდუმლოა სერობა ესე, მოციქულები გვერდიგვერდ სხედან,
იესო უკვე ზეცად მაღლდება და ძვლივს მიათრევს საკუთარ ცხედარს

და დასხდებიან ოთხთავის წერად იოან, მარკოზ, მათე და ლუკა:
ის არ მომკვდარა, მხოლოდ წავიდა და დაბრუნდება ოდესმე უკან!

აკვარიუმის კედელებს აწყდება თევზი დიდი და ციფერი ერთობ,
ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები მიწაზე ღმერთო!

ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, რადგან შეხვედრა იქნება მკაცრი,
თუ მაინც შენსას აღარ დაიცდი დაბრუნდი როგორც უბრალო კაცი!!!


Monday, January 3, 2011

გაგშოლტავ **ქეთინო გრძელიშვილი**

ტანს გეტმასნება სველი ალერდი. 
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს. 
და აზიდული მაღალი მკერდით 
მიეფინები მწვანე ეზოებს. 
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი 
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი. 
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის - 
და ატევრილი სხეულმზიანი 
როგორც ავაზა 
შენ ტანმხურვალი 
დაეძებ კუროს - 
რომ დაგიურვოს... 
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები 
დათესლილია ჩემი სურვილით. 
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები 
გადალეწილი მხეცის წყურვილით - 
და გავარდები... 
დაგედევნები... 
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან: 
შენი ვარ შენი მოდი გევნები, 
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს 
აგიყვან ხელში 
და გადაგისვრი დიდ საწნახელში - 
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად 
მწიფე მტევნები... 
მაგრამ თვალები - 
თვალები - თვალები: - 
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში. 
ათასი ქალი ყველა მრუში. 
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი. 
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო. 
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა. 
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე. 
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე. 
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა. 
და შენი თმების წითური მორგვით 
მიგაკრავ მაგრად 
ცხენის ძუაზე... 
მაგრამ თვალები - 
თვალები - თვალები: 
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა. 
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?! 
ნელი და ტკბილი 
ქვემეფინები - 
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი. 
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ. 
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით. 
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს 
ირუბაქიძის 
და ერთხელ კიდევ 
გასუდრულ მტევანს 
გაგშოლტავ ლოშნით“...