Monday, September 30, 2013

როდესაც მიმზერ ***ნინო ალადაშვილი***

როდესაც მიმზერ,
შენ ვერ გხედავ,
მაგრამ ვხედავ ჩემს ზურგსუკან
შენს მზერას, გამჭოლს,
სულს რომ მიშფოთებს.

როდესაც მიმზერ,
მთელი სამყარო დუმდება ჩემთვის,
არ მესმის სხვა ხმა...
მესმის მხოლოდ საკუთარი
გულისცემის ხმა.

როდესაც მიმზერ,
არ მაკავებს დედამიწის
მიზიდულობა,
ვვარდები სადღაც,
თავდავიწყების უწონადო
სივრცეებში...
ვერ ვპოულობ
დაკარგულ სხეულს.

როდესაც მიმზერ,
მე ვცდილობ, მივხვდე:
იქნებ თმებზე მეფერება შენი მზერა,
იქნებ მხრებზე,
იქნებ ზურგზე,
იქნებ მკლავებზე.

როდესაც მიმზერ
და მეც ვბედავ, მზერა შევაგებო
დაჟინებულ შენს მზერას წამით,
მე მემუქრება
შენი თვალების ზღვა დახრჩობით,
ვეღარ ვუძლებ
და თვალს გარიდებ.

როდესაც მიმზერ,
შენს თვალებში ვკითხულობ
სიტყვებს,
სიტყვებს, რომელიც არასოდეს
არ გითქვამს ჩემთვის...
შენი მზერა ჩემს პასუხს ელის...
მე უძლური ვარ.

როდესაც მიმზერ,
როდესაც მიმზერ,
როდესაც მიმზერ..........
უსასრულოდ გრძელდება წამი,
საათს ისრები ეკარგება,
დრო ჩერდება
და ეს წამი იქნებ ჩვენთვის
სიცოცხლედ ღირდეს!


23 ივნისი, 2013 წელი

Wednesday, September 18, 2013

ირინოლა მეიფარიანო ***თამო ჯაფარიძე***

ჰეი,  ირინოლა  მეიფარიანო,
ენგურს მოჰყოლიხარ და სველდები სევდებით,
მონაპირე  ქვებით,   მდინარეზე
შესეული ჭრელი ფოთლებით...
გახსენი კალთაბროლები - დედის სანთელხელებით,
გადამაწვინე  მკლავებზე - ფიქრის ბორანზე,
ღამის ყორანი - შიშის ქვაზეგანი გამინათე,
დაუძახე მხედრებს - ტყეში შეხიზნულ მწვანე ყაჩაღებს,-
ნაძვის დევბიჭებს, ცაში ნამეხარ ქუხილებს...
წვიმის წუხილებს  უმღერე ძველი სიმღერა, უმღერე!
დაჰკარ  ირინოლა,  ძველი  სისხლკალამი,
დაწერე, დაწერე,-  ჩიტბუდეებში ჩანერგე  იმედები,
გადაუფრინე კოშკების სათოფურებს,
ხელისგულები  აავსე თაფლით,
აქ ხომ ყოველთვის ღმერთი გადმოდის მაღლით!

ჰეი, ირინოლა მეიფარიანო!
განფინე მოწაფის შავი წინსაფარი, გაშალე მძიმე თმები და
უავდრო წელთა ატლასები...
ღამეათასები მოიხმე და დამასიზმრე სიცხადის სიზმრები,
ირმებით მოქარგული ხალიჩები,
სიცხით გათანგული ოქროს ბალიშები,
წამაკითხე  ლურჯი მელნის წერილები,
გეფიცები ვიქნები მომთმენი და დამჯერი, ოღონდ
გაცხადდი და განათდი...  აბრიალდი  და კოცონად  მაქციე!

ჰეი,  ირინოლა მეიფარიანო!
მომიყვანე ჩემი დობილები, - კეთილი მეათეკლასელები,-
დამფრთხალი ბეღურები და ხელჩანთებში გულის წამლების ნაცვლად
ჩაუყარე  მზეჭრელა ყელსაბამები და ბროწეულის ტუჩსაცხები,
ცისნატეხა სარკეები და უმისამართო ბარათები...
სხვა არაფერი...  არც დაგვცდება აუგი რამე...
აუშვი ღამე - შავი ავაზა, ჩარაზე პირღია მიწის კარები,
გახსენი ზეცა - ლურჯ მინდორზე შეფენილი თეთრი კრავებით!

ჰეი,  ირინოლა მეიფარიანო!
ფიქრდები, ფითრდები, ქვავდები და ჭკნები,
დღეები - ლაჩრები მოგდევენ ხავსებით,
ავსებდი დოქებს და წყალს მთებში დასდევდი, ასმევდი
ლექსებს შარბათებს, აბნევდი...
არწევდი ღრუბლების მაღალ საქანელებს
და დროის კამათელებს არასდროს არ  ცნობდი;
ამბობდი,  ამბობდი...
გარბოდი, გარბოდი, გარბოდი!

ჰეი,  დედაბერო!
ჰაი, „სი ხოლა!“ სხვაგვარო  ირინოლა!
ადევნებიხარ  ჩამტყდარ ხიდებზე გარბენილ აპრილებს,
ატირებ ლექსებს და ჭუნირსაც ატირებ...
ან რაღას აპირებ, დადექ, დაოკდი, გახედე ნამდვილებს-
კოშკებზე ბზარები, ქვებზე ქალები...
ადექ  დედაბერო,  აკეცე დილა, დაბერტყე სიზმარი,
მოქსოვე  სათბილო, მოგადგა ზამთარი....
კართან დგას  აფთარი, - ნამდვილი სათქმელით...
პური და სასმელი  ხელებზე მოიბი,
შეჩერდი, იმ მინდვრებს შენ ვეღარ მოივლი!
ყოილი დააგდე,  დაკემსე ბალახი, არ გიცნობს არავინ,
სხვა არი მთავარი!

ჰაი, დედაბერო!
მოისხი თავშალი, ძვლებს ხმა რომ ჩაუდგა  არ არი ხარხარი,
ვინაა მართალი, ჯერ ისევ არ იცი,
ჰაი, შე კერკეტო, გგონია დაიცდი...
წლების ჯირითებს ვერ შეაჩერებ,
ჰო,  ვეღარ მაჩვენებ აპრილის ფანჯრებს...
და ვიდრე გამჩენს უსტარი ხელში აქვს,
გერჩიოს დადევი სალექსო კალამი,
დაწერე ანდერძი,-
და ირინოლას,  უმზითვე სამზითვო -
საშენო ნამდვილი
სვანური ამბავი...

Thursday, September 5, 2013

დავეძებ...***საშა გველესიანი***

დავეძებ სათქმელს, 
რაც არასდროს არავის უთქვამს...
უბრალო კიბეს, 
მეგობართან რომელიც ადის,
ზამთრის ყინვაში,
გაზაფხულის დავეძებ სუნთქვას,
სიტყვის მოსმენას
უფრო ვარჩევ, ვიდრე შარადის.
ზურგს, გამარჯობას
არასოდეს არ ვეუბნები,
თოხის ტარებზე
ჩამომჯდარი საღამო მიყვარს...
მენატრებიან
მომღიმარი ძველი უბნები...
ფიქრებს ბავშვობა
ხელს ჩაჰკიდებს და სადღაც მიჰყავს.
მზეს ვეძებ...
გუთნიდედებთან რომ გაიოფლება,
მთვარეს, - ღელეში,
გამომტყვრალი როგორ ჩაწვება
და კვამლს, - ზამთრისას
რომ იციან მთაში სოფლებმა
ფიფქებს, - წვეთებად
რომ აქციეს ბავშვის ღაწვებმა.
რა ვქნა, წარსულმა
მოგონებებს არ მიმაკარა...
გოგონას ვეძებ,
თეთრი კაბით და გულსაბნევით...
გაუცხოებულ
ორღობეში ვხედავ პატარას,
შენი თვალებით,
შენი ფერით, შენი დაბნევით.
აბრიალდება
ეზოებში ისევ ძახველი...
შემრცხვება... გახსოვს,
სახეზე რომ ალმური ვიცი...
ცაცხვი, დანით რომ
ამოვჭერი შენი სახელი –
გაზრდილა...
ცისკენ წაუღია ბავშვური ფიცი.
ახლა კი გული,
ხურჯინივით მინდა დავცალო,
კართან ჯიუტად
ჩამომჯდარი წლების კალათში...
და წუთისოფელს
არაფერი არ დავაცალო...
თორემ სჩვევია,
ასე მწარედ, გულთან თამაში.