Tuesday, December 18, 2012

*** ნინი ელიაშვილი


მე შევეჩვიე დაფიქრებას.. შენი სიოდან
ახლა მსუბუქი სინანულით გული მევსება..
და უკვე ვხედავ, გამომადგა ის, რაც მტკიოდა,
გადავაქციე თეთრ ფურცლებზე მბორგავ ლექსებად..

დღეს უფრო საღად შემიძლია, გავმართო აზრიც.
თუმცა წარსული პატარაა, ისე გავწელე..
ჩემში სხვის მიმართ სიძულვილი რომ დღემდე არ ზის,
შენც მიხვდებოდი.. ამჩნევიათ ზედ ჩემს ნაწერებს..

არ მიცხოვრია ბედნიერად, დღეს როგორც ვამჩნევ,
თუმცა წინ არის ჯერ ცხოვრების ალბათ ბილიკი..
და სხვა გზა არ მაქვს, უეჭველად აქ უნდა დავრჩე,
მკაცრ მზერის მიღმა დაბნეული ჩემი მიმიკით..

ხელში შემაჭკნა გაცვეთილი დღეების კონა
და თავს ვიტყუებ, რომ კარგად ვარ, დამშვიდდეს სული..
შენზე ფიქრებმა ყველა ფიქრი თუ გადაწონა,
მაშ რად გამიხდა სანატრელი მე დასასრული??

ყოველდღე ვიტან დამარცხებას..  შენი სიოდან
სიცოცხლე მოდის და მევსება ლექსები მისით..
მე სინანული არასოდეს გამომდიოდა,
ამიტომ არ ვარ, ღმერთო, შენი წამების ღირსი!

თოვლმა გამახსენა (ბარბარობა) **ნუციკო დეკანოზიშვილი**

თოვლმა გამახსენა
ანათემა -
რუხი, ფიფქიანი
ყელსახვევი.
მოკლე ნაბიჯების
გამართლება -
შენ და ჩემი ქუჩის 

შესახვევი.
ხესთან მოხამხამე
ლამპიონი.
ტოტის ნამთვრალევი
რევერანსი
თოვლი -
პოეტური რაციონი,
სველი თითები და
„მერე რა“-თი
ცრემლის სიცივეზე
დაბრალება
თმაზე მოთოვლილი
ზამთრის მესა.
ვნებით არეული
ბარბარობა
თოვლმა გამახსენა
ბარდნის დღესაც......

Thursday, December 13, 2012

თითქოს არასოდეს არ ვყოფილვართ.. **ნინი ელიაშვილი**



თითქოს არასოდეს მიცხოვრია,
ისე შემაშინა ლაბირინთმა..
სხვისით დაწყებული ისტორია
ბოლოს სიმარტოვემ გამირითმა..

ფიქრი ფიქრს რომ საღად შევაჯახეთ,
მერე ლამის ფრთები გამომესხა..
ალბათ მისწრებაა ჯოჯოხეთი,
ჩემთვის გამოგონილ სამოთხესთან..

ღმერთმაც არ იცის და მე რა გითხრა,
რად მაქვს სუნთქვა ყელში ამოსული??
მზეში ამოსვრილი მწერალი ხარ,
მე კი მელექსე ვარ მარტოსული..

თითქოს შენც არასდროს არ ყოფილხარ..
მაინც უსასრულოდ მტკივა ნიჭი..
ნიჭი, რომლის ხელშიც ნაყოფი ხარ..
მაგრამ რა უნიჭოდ მოაბიჯე

ჩემთან და უნიჭო ერთგულებით
უკვე დავემსგავსეთ ყველა მოკვდავს..
ქვეყნად სხვას არავის ვეგულებით,
ჩვენ ხომ ერთმანეთი ციდან მოგვყვა..

თითქოს არასოდეს მიცხოვრია..
თითქოს შენც არასდროს არ ყოფილხარ..
ისევ მეორდება ისტორია..
ისევ აკრძალული ნაყოფი ხარ...

Thursday, November 29, 2012

მიწა **ნინი ელიაშვილი**



რომელი გულით მიყვარდეს მიწა?
რომელი ცრემლით დავნამო იგი?
გულით, რომელიც ქვად გადაიქცა?
ცრემლით, რომელზეც სუყველა ირგვლივ
ღიმილს იმრავლებს? დღეს უკვე მარტო
ვცდილობ, სიმართლე აღარ წამომცდეს.
მინდა, რომ ვინმემ მეც განმიმარტოს,
როგორ გავართვა თავი გამოცდებს..
შეუნიღბავად მინდა დანახვა,
თუნდაც ვუყურო მხოლოდ სიავეს!
ჩემი ოცნება ბრბომ რომ დამარხა
და მეგობრებმა რომ ჩამიარეს
საათებივით.. მერე ამიხსნეს
ამის მიზეზი - ჩემი სიცივე..
ვერ მივაწვდინე თვალი სამიზნეს
და თავი ვეღარ გადავირჩინე.
მაგრამ და მაინც სიტყვა აშლილი
არ ვეგუები განაჩენს, ურჩი..
ცოდვებით სავსე დამდევს თან ჩრდილი
და შიშით სხვასაც ვერაფერს ვურჩევ..
გულით, რომელიც ქვად გადაიქცა,
ცრემლით, რომელიც ღიმილს გვრის ყველას,
მე წვიმებივით დავნამე მიწა..
მიწა, რომელიც დღეს ითხოვს შველას...

Wednesday, November 14, 2012

*** ნინო ალადაშვილი***


თუკი ჩემს სიტყვებს 
შეუძლიათ, 
შეგასხან ფრთები,
თუკი ჩემს ლექსებს
ძალა აქვთ, რომ

გაქციონ ჩიტად,
შემისვი ფრთებზე,
მომატარე
მოლურჯო მთები
და მერე სადმე
გადამკარგე
მტრედისფერ ნისლად.

Wednesday, October 24, 2012

ასეთ ამინდებში ***ნუციკო დეკანოზიშვილი***

ასეთ ამინდებში (როცა შემოდგომა
წვება ფარდაგებად) მხიბლავს აზრთაწყობა,
რომ უნდა ვაბრალო ნაღველი ამინდებს
და ლოიალური სექტემბრის განწყობა
შიშების სამიზნედ
გავხადო...
ჩავიცვა ქურთუკი (თუმცა, ჯერ არ ცივა),
ჩავიწყო ხელები აბსურდის ჯიბეში
და ასე დაცული სიმშვიდის გრაცია
კოლბებით დავაწყო თაროზე-

-სინჯებში...
ასეთ ამინდებში (თუმცა, ჯერ არ ცივა)
მიჩნდება მიზეზი ოთახის გარდაქმნის
გარემოს ფანტომად...ვზივარ და განწყობას
ამინდებს ვაბრალებ...
ქარები ბარბაცით
(მთვრალი კაცებივით)
მიმტვრევენ დარაბებს...
ალიბი გავრანდე-
-მჭირს მელანქოლია
უწამლო რეცეპტით...
დამშვიდდით, ქარებო!-
-გიკვეთავთ ფოთლებს შე-
-მოდგომის... დამხურეთ...
რეპეტე!
ტაშს ვუკრავ მინასთან-
-წვიმებმა მოაწყვეს
წვეთის სიმფონია
აივნის რიკულზე
და ჩემი ოთახი
კლდის თავშესაფარი
მგონია...
მერე, დეკემბერი
ზამთრის აგონიას
დამმართებს-
თოვლიან ქუჩებში
ღიმილით
სულს რომ ძლივს
დავათრევ...
ასეთ ამინდებში ვწერ-
-უამინდობის ალიბი
გავრანდე...

Wednesday, October 17, 2012

შენა ხარ ჟანგბადი... ***ცირა ბარბაქაძე***


შენა ხარ ჟანგბადი
და ყოველწამს ჩემს ფილტვებში მოგზაურობ,
შენა ხარ მოგზაური,
შენ გიყვარს დაბრუნება...
გამუდმებულად გადიხარ-ბრუნდები,
როგორც ჟანგბადი ჩემს ფილტვებში.
ვერ დავხატე შენი სახე _
ვერ გაქციე ქრისტედ (ჯვარცმისგან გიცავ),
მით უფრო, _  კერპად (არ მინდა, დაგამსხვრიონ),
არა ხარ ავთანდილ-ტარიელი და
და არ ცხოვრობ დაწერილ წიგნებში...
არ ვქმნი შენგან ზღაპარს: იყო და არა იყო რა...
არ ვეძებ სიბრძნეებს... (შენთან ყველაზე სულელი ვარ),
მუზის სამოსიც ვერ მოგარგე (ძალიან ცალმხრივები არიან მუზები),
ვერ გქმნი...
შენ, უბრალოდ, ხარ ჟანგბადი ჩემს ფილტვებში
და როცა ჩაგისუნთქავ,
მინდა, მზის სხივებს ვეთამაშო...

25.08.2012

Monday, October 15, 2012

ჩემი ანარეკლი **Lino Ni**

ჩემი ანარეკლი მიჩვევას მორგებული..
დეტალებს აგროვებს ბაცი ხასიათი..
სიყვარულს გადაჩვეულა შეხების უფლება..
სისხლში დადებითი უხრწნელი რამ არის..
ჩემი მე სარეცხივით გაფინეს გაოცება..
იმედი მერამდენედ გახუნდა რეალობით..
დარჩენილს უსისხლოდ მაჩუქეს ბედისწერა..
ჩემი სამშობლოა უსიტყვოდ ავყევი..
გაზაფხულისფერი გრძნობები ვაჯირითე..
ცისარტყელასაც ხომ წვიმად მოვეფერე ..
განთიადის წინ დრო მორჩა თვლემას..
და ნაგრძნობი გულის ფეთქვა, სხივებს დავაწიე..
გაჩირაღდნებულა ციცაბო ზე გრძნობები..
ქვემოთ უხერხულად ბნელში ჭორაობენ..
ვისაც შეუძლია აკრიფოს ნიჭები..
ზღვა რომ ჭრელ კენჭებად არჩევს და აგროვებს..
მერე თვალის გუგა, დახრილი ჰორიზონტი..
მზე გთხოვ გამისწორე მზერა ამერია..
იცი რამდენია დიდების მსურველი..
პატარებს გემრიელად ოცნებაც დალევიათ..
ყველა მოჩანჩალე დროს ჩამოკიდებული..
ნაპირზე გარიყულნი სირცხვილით შავდებიან..
მოკლე კაბიანი თამამი სურვილი ..
მინდვრად ყაყაჩოთა ცეცხლი ამჩნევია ..
მაინც ძლიერია მზერა არწივების..
მყინვარებს მოსდებია ცოდვებით გათბობა..
იისფერ ღრუბელ ღრუბელ ზეცას მადლი მოსდის..
ხელები გაწვდენილა მემკვიდრის უფლებად..
ვერხვები ისე გახმნენ აღარ დამელოდნენ..
ვენახი ბუჩქნარივით ეკლებით ამაყობს..
სუფთა ჰაერზე წინაპრებს ცრემლი სდით..
გადაჭრილ კუნძად ქცეულ კაკლებს რომ არ ახმობს.
ეპოქას ტკივილებით უყვარს მოგონება..
შედევრებს ინახავენ უზნეო ცხრაკლიტულში..
სადილი დამშეულა მოჰგავს მოჩვენებას..
მიზეზ მიზეზებით დროს ართობს სურვილი..
ისე მივეჩვიე ისევ მერამდენედ..
ანარეკლს გაუჩერდა ღიმილში აცაბაცა..
თვალებში სიბრალული, ვიგრძენი მამხილეს..
სუსტებს ეშინიათ ძლიერის დასანახად..
რაღა დამრჩენია, როგორ დაგიმალო..
სხვებად დავაცალე აზრებს გულწრფელობა..
სამყაროს უზრდელობა უზნეოდ გარინდული..
არასდროს არ შეიცვლის დრო-ჟამი ბუნებას..
შური საფუარად ედება ბოროტებას..
რაც უფრო ახლო არის ძნელია რომ არ აყვე..
ჩემი ანარეკლი მიყურებს ჩვეულად..
ზრუნვა მოჰკლებია ღრმა რწმენის ლამპარებს..
სად არის ჩემი გული, სად არის არ ნახული..
სად არის იმედები ბემბაზე დამსხვრეული..
ჩემი ანარეკლის გულის ხმაურია..
ფორმულა გამოთვლილი გენი დამშეული..
მოყვასის სიყვარული მუცელს შელეულა..
ორ გროშზე გაყიდული მატყლს წეწავს ლერწამი..
შიმშილს დაუკარგავს სიმაძღრის ირონია..
ბოთლებს აბარებს კმაყოფას დუმილი ..
ჭრელი ფერებია არა კონკრეტული..
თეთრში შავი არის, თუ შავში თეთრია..
შეძლება დაჰკარგვია უძველეს გამოკვლევებს..
ბოროტი ეშმაკია, სიკეთე ღმერთია..
გული ვეღარ მიტევს სიცოცხლე მოწყურებულს..
სიბრიყვე ნარდში იგებს, სიბრძნეს ჩალის ფასად ..
აქლემს ნემსის ყუწში ვინც აძვრენს ბოლომდე..
უსამართლობაზე თვალს ვეღარ დახუჭავს..
ცას ვერ გადახურავ მხოლოდ პირობებით..
გაკვალულ ბილიკებზე წაქცეულ ნეფეხურებს..
შეძლება იბვრძვის რომ შეძლოს წამოდგომა..
ძალიან შესცივნიათ კარები დახურეთ..
თორემ იპარება ჩემი წარმოსახვა..
კოვზით ზღვას თუ სცლიან ამას რას უზავენ..
გაღმა ბილიკ-ბილიკ სულ სისხლად გატანილა..
შიგნით მუცელადღებულს სიკვდილით ათრობენ..
დედები ზედმეტობენ სიცოცხლის უფლებას..
სიკვდილს ყიდულობენ უმანკო სულებისთვის..
მამებს გაუფუჭდათ უფულო გუნება..
უსიყვარულო ბზარებზე დავეცით..
ჰო და რატომ მიკვირს ჩემი ანარეკლი..
მიყურებს ირონიით მიკითხავს განკითხვას..
ჩაკეტეთ კარებები, დაკიდეთ სარკეები..
დარეკეთ ზარები ჯვრებთან და გულებთან ...

Friday, September 7, 2012

"სულ(ი) იესო" ** ლინონი **


უფალო ..  დიდება შენდა !

ეს ჩემი სული,
ძილშიც რომ ფხიზლობს,
თურმე შენია,
შენგან შექმნილი ..
სახელი ბევრი
შეარქვეს ქვეყნად,
ფიქრი, ქვეგრძნობა,
წრფელი სინდისი ..
ბევრჯერ ვათრიე,
სულ ამოვსვარე,
"სული იესო" შველას
რომ გთხოვდა ..
ერთხელ გაჩუმდა და
თხოვნის ნაცვლად,
ბავშვის თვალებით,
მზერამ მომხედა ..
მივხვდი ...  
დავღალე,
მოვქანცე ბრძოლით,
სიბნელის ჩრდილით
თვალი დავბინდე ..
მითხრა ...
თავისუფალი ნების
ხარ ღირსი და
უღირსობას როგორ ადიდებ ..
შენ ხომ დროს ფიქრობ
უსასრულომდე,
რომ შეიცვლები
ოდესღაც მერე ..
მაგრამ არ იცი
დროის საზომი
რაც რომ დღესა ხარ
ისა ხარ შემდეგ ..
მივხვდი ...
სიმდიდრე განზრახ
არ მომცა,
რომ არ დამჩაგროს  
გონებამ  სრულად ..
მივხვდი ...
მადლობას არ ვამბობ
ხშირად და
ვუმადურობ ჩემს
ამ დროებას ..
ადამიანი მისთვის
ჩვეულად,
მუდამ დაეძებს ღმერთს და
მის მფარველს ..
რომ იქცეს მონად და
არა სრულად,
ამისთვის ვქარგავთ
ჭრელ ცოდვის ფარდებს ..
მითხრა ...
საკუთარ სულს
რომ ვერ ხედავ,
საზღაურს ელი და
ითხოვ რისთვის ?!
კმაყოფილების დოზა ..
ოცნება და ყველაფერი
გაეცი სხვისთვის ?!
შენ თავს ადიდებ
ყოველთვის ყველგან,
თხოვნებით სავსე
ზეცა უსაზღვრო ..
ერთხელ ხომ უკვე
მთლად ჩამოგეგცათ?!
როცა იესო
ჯვარზე გაეკრო ..
უმადურობით,
საშინელებით ..
შურსა და ბოღმას
პირი დაეღო .. 
თუ გსიამოვნებს
ყოფნა შენ ჩემთან
ნუღარ შეცოდავ
აღარ გაბედო ..
ეხლა ხომ მიხვდი?!
ვინც ხარ და რა ვარ,
ნუ მჩრდილავ ბნელით
არ მიღალატო  ..
შენ თავს აჯობე,
მერე დროებას,
ბოროტებასთან
წაგება გეყო ..
რომ გაიმარჯვებ
მე გაგინათებ
როცა დატოვებ
ხორცს და ქონებას ..
დრო ისე გარბის,
როგორც დღე-ღამე,
გადაქცეული ერთ
მთელ ცხოვრებად ..
და სიყვარულის
ასე მოთმენა
ტანჯვის მორევად
მოგეჩბვენება .. 
თავი ვერაფრით
ვიმართლე ..
დიდხანს ..
ხმის ამოღებაც
რომ ვერ შევძელი ..
მივხვდი ..
რომ არ მძინავს და
არც მომკვდარვარ,
უბრალოდ ჯერ ისევ
სიცოცხლეს ველი ..
და დავინახე ის
რაც რომ არ სჩანს,
მაგრამ განვიცდი
და უკვე მჯერა ..
უფალო ღმერთო!
გთხოვ შემიწყალე,
მე მონა შენი,
ამდენს რომ ვბედავ ..

Friday, August 24, 2012

****** ♥ ♥ ♥ ელგა ფოლადიშვილი ♥ ♥ ♥


ჩვენს ქოხში ახლა,შენ რომ ჩადგი უღრან ტყეში, ბინადრობს ქარი...
დიასახლისობს ეკალ-ბარდი...
ჭრიალებს კარი...
და აბლაბუდა ლამბავს ჭორებს ფანჯრის ღრიჭოში,
მარტოობაზე მობუტბუტე ობობის ხლართით...
ჩამოსძენძია გვირისტები ფერწასულ ფარდას,
დაჭინჭრულ კედლებს აქერცვლიათ ქავილით კანი...
და იალქანი მოქარგული ბალიშის პირზე
შუაღამისას ჩაძირულა მოხატულ ზღვაში...

 - დაბრუნდებიან?!.
ჩამოსძახა მზემ დედამიწას...
მიწამ სამზეოს გამოფინა შავ-თეთრი კადრი:
მე - სარკმელთან...
შენ - სარკმლის მიღმა...
ყამარის ნასროლ სარკეში ჩანს იმედი ხვალის...
ამთქნარებს დღე და თვალს ვერ ხუჭავს უძილო ღამე:
მიწას - თიხისა,
თიხას  - კაცის აწუხებს დარდი...
- დედამიწაზე დაეკარგათ გზა ერთმანეთთან  და როგორ გითხრა რა მოელით მზეო, მანდ, ცაში?!.

როგორც ყვავილი გაზაფხულზე მიწის გამოცვლას,
ისე მთხოვს სული, რომ გადავრგა ედემის ბაღში...
სურს ევა იყოს ან წარსულში, ან მომავალში ...
და ის ნეკნი, კენტი ნეკნი, თუნდაც წამით შეიგრძნოს ტანით...
გაბერწდა სიტყვა...
წყალი ჩადგა სხეულშიც, კვალშიც...
და თებერვალი თალხი კაბით მიჰყვება მარხილს...
გამოულოცა ამ გაზაფხულს მერცხლების გუნდმა,
და ზამბახები გადამალა მაისმა ცაში...

Wednesday, August 8, 2012

ადამიანი ჩიხია და ლაბირინთი... **ცირა ბარბაქაძე **


ადამიანი ჩიხია და ლაბირინთი...
ის შედის საკუთარ თავში და იკარგება,
ავიწყდება რომელი კარით შევიდა.

სწორედ ის კარია გასასვლელიც,
რომელიც შესასვლელია... _
ვკარნახობ საკუთარ თავს.
და საერთოდ, რას და(ვ)ეხეტები,
ან ძაფი გამოიბი და ისე იარე,
ან სიტყვების გუდიდან დროდადრო
ანბანი  გადმოჰყარე და დააწყე ასე:
აქ უკვე ვიყავი...
ეს გზა გავიარე...
ამ წყაროს წყალი დავლიე...
ამ ჭინჭარმა დამსუსხა...
ეს უცნობი იმდენჯერ შემხვდა, უკვე ნაცნობია...
ეს წერილი უკვე მივწერე 7 წლის წინ...
წინ თუ უკან...?
მაგასაც რა მნიშვნელობა აქვს, როცა წრეზე ტრიალებ.

07.08. 2012

Saturday, July 28, 2012

ისეთი სუფთა სიყვარულია... **ლელა ცუცქირიძე**

***
ისეთი სუფთა სიყვარულია,
როცა მოდიხარ,
დგება სახლში
თოვლში გამშრალი, 
გახამებული თეთრეულის კამკამა სუნი.
ისეთი თბილი სიყვარულია,
როცა მოდიხარ,
მე - თეთრეულზე 
ბამბის ძაფით ამოქარგული,
გაყინული, თეთრი ყვავილი ვდნები, 
ვიშლები.
სხვა არაფერი შემიძლია,
ვიშლები-მეთქი, ნელ-ნელა ვქრები.
ისეთი დიდი სიყვარულია.

Monday, July 23, 2012

შენ ხარ ასეთი.... ***ცირა ბარბაქაძე***


* * * 
შენ ხარ _
გარეთ _ ატლასი და
შიგნით ათასი...
შენ ხარ ბროწეულის ყვავილებიც
და ნაყოფიც _ ათასგულა...
მე ვაგროვებ ყველა გულს...
მე ვაერთებ ყველა გულს...
მე მინდა იყო ასეთი:
ერთგულა და ერთგული.

23.07.2012

Wednesday, July 18, 2012

ფორს-მაჟორი ***ლელა ცუცქირიძე ***



გამოაცხადეს მოსალოდნელი წყალდიდობების
და უეცარი წყალმოვარდნების შესახებ.
მივედი მდინარესთან და დავიწყე ლოდინი. 
ჩამოიარეს ფესვდაკარგულმა ხეებმა,
მომეცით ჩემი ფესვები-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის ფესვებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს გზებდაკრგულმა ხიდებმა,
მომეცით ჩემი გზები-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის გზებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს სახლდაკარგულმა კედლებმა,
მომეცით ჩემი სახლი-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის სახლებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს მკვდრებდაკარგულმა საფლავებმა,
მომეცით ჩემი მკვდრები-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის მკვდრებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს ხავსდაკარგულმა ლოდებმა,
მომეცით ჩემი ხავსი-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის ხავსს მისდევდნენ.
...ყველაფერი წაიღო წყალმა,
დამტოვა წყალდიდობაჩავლილი,
ქვიშასავით გაცრილი...
როგორც ასახდენი სიზმარი.

Saturday, July 14, 2012

შენს ხმაში *** ნინი ელიაშვილი***


ლექსზე დამეტყო შენი ხმის ლაქა, -
გამოულევი სევდის მდინარე...
მრავალჯერ მეტყვი - არმყოფი - აქ ვარ!
სიახლოვიდან გამომდინარე.
შენი უაზრო სიტყვები მესმის,
რადგანაც აზრი ჩვენთვის მეტია!
გამოღვიძების ცივი მზე შემშლის
და შენს არყოფნას გზები მეტყვიან.
მივხვდები როგორ მიხმობს ჩვეული
შებინდებული ქალაქის სევდა.
ეს გული ქარში გადახვეული
ათასი წლის წინ რომ გამიჩერდა,
ისევ დაიწყებს აჩქარებას და
კვლავ გავაგრძელებ დაწერილ ლექსებს..
ყოველი გვერდის ჩამთავრებასთან
ჩემი კალამი თვითონვე გეძებს.
ლექსში ხმაურობს შენი ხმის ლაქა,
შენი არყოფნაც ლექსში ხმაურობს...
გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამს -
მინდა შენს ხმაში ვიმოგზაურო !
ახლა როდესაც სინათლე კვდება,
უხმოდ ჩამოკრა სიბნელის ზარმა..
ახლა - უბრალოდ მე გული მწყდება,
რადგან იძახი აქმყოფი - არ ვარ....

Sunday, July 8, 2012

*** ელგა ფოლადიშვილი


წავალ, ჩამოვხსნი გასაშრობად გაფენილ დღეებს,
თორემ ბეღურებს ფანჯრის რაფა ევიწროებათ...
სათითაოდ წამოვკრიფავ:
ფერწასულ აისს...
გაცრეცილ დილას...
უსახურ დაისს...
დაკემსილ ღამეს...
და ზეწარს, მარცხნივ რომ ეტყობა ნაწოლი...
გულის მხარე საწოლშიც ჩემია.

შენ მანამდე დალიე ჩაი...
მაგიდაზე დევს ორცხობილა.
ნუ უყურებ ასე ჯიუტად,
კედლის საათმა ისედაც იცი,
დიდ ისარს როდის უსწრება პატარა...
გაიკეტე კარი უხმოდ,
ნუ გადარაზავ...
არსად არ წავალ.
აივანამდე სულ ორი ნაბიჯია...
სამზარეულომდე -  ექვსი...
აბაზანამდე - ოთხი...
ამ "სამკუთხედის" იქეთ წასასვლელი მაინც აღარ მაქვს.

წავალ ავკრიფავ დასაკარგად განწირულ დღეებს,
გაწყვეტილი მძივივით რომ გაბნეულან მტვრიან ქალაქში...
კალთაში ჩავიყრი,
ფეხმორთხმული დავჯდები იატაკზედა დავახარისხებ:
შენთან ყოფნის და უშენობის დღეებს გადავთვლი...
მერე თითებზე დავითვლი წლებს და თავს ვინუგეშებ -
ათის შემდეგ ისედაც სიცარიელე იწყება...

ამასობაში შენ მოხვალ სახლში.
დაღლილი ხარ...
შემოდგომასაც გასდის ლანდი
და  ერთმანეთის ჩრდილად ქცეულები
რიგრიგობით რაზვათ - კარებს,
ხურავთ - დარაბებს,
აქრობთ - სიანთლეს...
ზამთრის საღამურს იცმევ და ამბობ:
მე ვიძინებ!..
შემოდგომას რა დააძინებს, ჩემთან რჩება დაზამთრებამდე...

წავალ...
აივნამდე სულ სამ ნაბიჯია,
წამოვკრიფავ გასაშრობად გაფენილ დღეებს...
სამზარეულომდე  -  ექვსი,
ჩაიდანს შემოვდგამ გაზქურაზე...
აბაზანამდე -  ოთხი,
გამშრალ თეთრულს ისევ დავალბობ...
და დილიდან ისევ თავიდან დაიწყება
მარტივი და მოსაწყენი არითმეტიკა:
ერთს პლიუს ერთი ორს უდრის,
ერთს პლიუს ნული - სიცარიელეს...
არც ოჯახს,
არც სიყვარულს,
სიცარიელეს!..

_____________

წავალ, ჩამოვხსნი გასაშრობად გაფენილ დღეებს,
თორემ ბეღურებს ფანჯრის რაფა ევიწროებათ...
ისინი ორნი არიან.

Saturday, July 7, 2012

ს ა მ კ უ თ ხ ე დ ი *** თემურ ჩხეტიანი ***

რითი ვიმართლო თავი
იმ ლექსთან,
ჩემს გამო რომ დააყრიან
სიცილის კენჭებს ?

რითი ვიმართლო თავი
იმ ქალთან,
ჩემს გამო რომ გააწნავენ
სიტყვას და სილას ?

რითი ვიმართლო თავი
იმ ხესთან, 
ჩემს გამო რომ დახერხავენ
ბოლო ფიცრებად ?..

წიგნიდან „საღამოს ფოსტა“, 1987 წელი