Thursday, April 28, 2011

მზებუდობა ***ლელა ცუცქირიძე***

მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში
და სანამ სხივებს გამოჩეკავს,
ჩამოვჯდე უნდა,
სკივრი გავხსნა ბინდისფერაი,
ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ,
მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან
მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით.

წინ ზამთარია.
ჩამოვჯდე უნდა და სკივრიდან ამოვალაგო:
სიკეთე, როგორც ქობაქურის ლურჯი საკაბე,
ჩითის ღიმილი – ჭალას ჩამდგარი გარიჟრაჟის ერთი ნაკუწი,
მოფერება – ვერცხლის შიბები…
დალოცვა – თითბრის სამაჯურზე თრიმლისფერი სერდოლიკები…
ნაშალ ყორეზე გადავფინო
ბაბოჩემის ნაჩუქარი შალის თავშალიც.
სანამ ჩრჩილებმა ზედ ჩადუნა არ ააყვავეს,
ვერ გავიმეტე:
ვერც სტუმრისათვის, ვერც ბეჩავი მეზობელისთვის,
ვერც ლხინისათვის, ვერც ჭირისათვის…
არადა, ისე სიყვარულით იყო ნაქსოვი, ისე ღუნღულა,
ყველა შემცივნულს გაუთბობდა დამზრალ სულ–სხეულს.

უნდა ჩამოვჯდე,
დავამზეურო ყველა სიტყვა,
რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში
და არ ამოვთქვი.
ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს –
ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო:
ზოგს – ქობაქურის ლურჯი საკაბე,
ზოგს გარიჟრაჟი,
ზოგს სამაჯური სერდოლიკებით, ვერცხლის შიბები…
ბაბოს თავშალსაც ყორეს მაგივრად გზაზე დავაფენ,
იქნებ ბაბოს ხმით ადუდუნდნენ ზედ ჩადუნები:
“შემოგევლეო, კეთილო და გასახარელო”…

მზებუდობაა,
მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში.
წინ ზამთარია, ჰაი, როგორი ზამთარიაა…
თეთრ ბამბაზიას დაიფარებს ჩემი სათიბი,
ბოლო სიტყვამდე გარმონის ერთი გაწელვა დარჩა:
“რა ლამაზიაა”…
და სანამ სკივრი – ბინდისფერაი, ფესვამნდუკ ფესვს მიწას შეაზრდის,
სანამ კალოზე გავილეწები ხორბლის თავთავი,
როგორმე უნდა ამოვღერღო ჩემი სათქმელი:
სანთელს მიგიკრავ სარკმელზედა,
მზეო, ბუდეში ჩამალულო,
ყველას ერთნაირად დააყარე
შენი თივისფერი ბულულები.
სავალიმც დაულოცე შეჭირვებულს,
შენი სავალიმც დაგელოცებ,
სხივები გამოჩეკე, მობუდარო,
მზეო, ერთგულო, მადლიანო…

Sunday, April 24, 2011

*** ცირა ბარბაქაძე

"მარტივად ვცხოვრობ _
შენს თვალებში ჩამქრალ ნათურებს ვანთებ...
ჩემი თვალებიც იწყებენ ბრწყინვას!"

(ც.ბ. 24.04.2011)

Saturday, April 23, 2011

ფეხდაფეხ მოგყვები და გახმოვანებ... ფეხდაფეხ მომყვები და მშლი... *** ცირა ბარბაქაძე ***


როცა სიტყვები საკუთარ თავში ვერ ეტევიან,
ადიდდებიან
და გადმოდიან ფეხადგმული მეტაფორები ცხოვრებაში...
სიტყვები მხოლოდ წიგნებში არ ცხოვრობენ,
გვატყუებენ ტექსტები,
ისინი მუდამ სხვაგან არიან...

შენ, რომელიც დაგტოვე ჩემს წიგნებში,
მოვდივარ და იქ აღარ მხვდები,
ჯერ კიდევ დაუწერელ წიგნში სახლდები...
ფეხდაფეხ მოგყვები და გახმოვანებ...

ფეხდაფეხ მომყვები და მშლი...


p.s
შენა ხარ საშლელი _
ასწორებ ჩემს შუბლზე ხაზებს და ნაოჭებს _
მაცინებ, მატირებ, მაღელვებ.... მაოცებ...

21.04.2011.

Friday, April 22, 2011

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი **დავით გურამიშვილი**





ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

Thursday, April 21, 2011

დგები, მოდიხარ... **ლელა ცუცქირიძე**

მე ხშირად ხელს გკრავ, ან გიშორებ, ან არ მახსოვხარ…
და სწორედ მაშინ,
როცა სახლს – დაცლილს სიკეთისგან,
გულდაგულ ვკეტავ,
დგები, მოდიხარ,
ყელზე შებმულ ცოდვის ეჟვანს მხსნი,
და სინანულის სამყურების თბილ მარცვლებს თესავ:
შუბლზე და მკერდზე,
მარჯვნივ და მარცხნივ…
სულმოსათქმელად.

…დგები, მოდიხარ,
ნატერფალებზე გეშლებიან პალმის რტოები,
ზედ სისხლის წვეთი ისე ანათებს, როგორც ბინდში –
წითელი კენკრა, ეკლებით სავსე კუნელის ბუჩქზე.
ეს შენი უხმო ძახილია, უნდა გავიგო!
უნდა გამოვყვე რტოებიდან აფრენილ ჩიტებს,
გაშლილი ფრთებით ჯვრებს რომ ჰგვანან
და მივხვდე, მივხვდე:
ჭეშმარიტად მოდიხარ ჩემთან.

დგები, მოდიხარ,
კალაპოტიდან პეშვით მიქცევ მღვრიე მდინარეს,
ნაპირზე ხეს რგავ,
რომ ნაყოფმა – სიყვარულმა
ამოავსოს ჩემი სულის ვერდაცლილი სიცარიელე...
რომ კიდევ ერთხელ, ყელიდან შემხსნა ცოდვის ეჟვანი,
რომელიც ხშირად, კი არ წკარუნობს,
არამედ რეკავს, ზარივით რეკავს!

…და მერე, ისე დაღლილ ხარ, ისე დაღლილი,
რომ ძლივსღა ამბობ:
“ელი, მწყურია,
მწყურია, ელი”…
მე მავიწყდები,
ათასში ერთხელ, მომაქვს ცრემლის კამკამა წვეთი.
შენ ესეც გყოფნის:
დგები, მოდიხარ მერამდენედ დაკეტილ სახლში,
ხედავ ჩემს ყელზე ხელმეორედ შებმულ ეჟვანს
და მაინც, მშვიდად მეუბნები:
“ნუ გეშინია, მე თქვენთან ვარ, ყოველთვის თქვენთან”…

Monday, April 18, 2011

ეს გარდაცვალება _ლევან ქერდიყოშვილი_


შენ ალბათ მომკლავდიმეტყველი თვალებით,
(ვერ გეტყვი სულ შენთან რატომ არ ვიყავი)
მე მოვკვდი ღამეში თეთრ გარდაცვალებით
უშენოდ და მაშინ საშინლად მიყვარდი.

მე მომკლა ნასვამი ცბიერმა ნიავმა
შენს სუნთქვას რომ გავდა ცივსა და საამოს,
უეცრად შემთვრალი ცამ გადამრია და
ამ ნიავს ვეცეკვე მთვარიან საღამოს.

სადღაც შენ მიცდიდი გაშლილი მკლავებით
და ვერც კი იგრძენი უფერო წამი, რომ
მე მოვკვდი არაფრის მთქმელ გარდაცვალებით
და ცაში ნიავმა ფარფატით წამიღო.

წამიღო, რაჩემი ბრალია სიკვდილი,
ვერ გეტყვი რა მითხრეს მეტყველმა თვალებმა...
მე მოვკვდი ღამით და (მელოდი) იმ დილით
შეიტყვე უსიტყვო ეს გარდაცვალება...

13 თებერვალი.
2011წელი.
ბობნევი, ღამე.

Saturday, April 9, 2011

სარფის ორადგამყოფ სამანზე თქმული - იმედი ჯახუა


ოთხკეცი  სონეტი


ჭანეთო  და  ლაზისტანო,
კლარჯეთო  და  ერუშეთო -
გული  ვითღა  გავიხაროთ,
ვმონებთ  ვიდრე  ბედს  უღმერთოს?!.

როსღა  -  ჩვენმა  ორჩხომელმა
ისრებრ  პონტოს  ზღვა  გაჰკვეთოს?!.
- გაყოფილმა  ორად  ერმა 
საქმე  ერთი  ვით  აკეთოს?!.

ვით  მივუვალთ  დიდ  წინაპართ,
ძმანი  ერთურთს  თუ  ვერ  ვიხსნით?!.
როდის  აქეთ  გაიაფდა
მოსისხლისთვის  ჩვენი  სისხლი?!.

როსღა  დავდოთ  გაჭრილ  სარფთან
ფიცი  -  ცოტნეს  საკადრისი?!.

ვითღა  ჰპოვონ  ძვლებმა  შვება,
ამ  ზღვისპირად  დაფლულებმა,
ვიდრე  კიდევ  ნატვრად  რჩება
ერთმანეთის  დაბრუნება?!.

ვიდრე  გული  უქმად  შვრება,
ვიდრე  სისხლი  ჯავრით  შრება...
ერთხმად  ძმობის  გამარჯვების
არ  დავჭექეთ  ვიდრე  ძმებმა?!.

ვიდრე  გვესმის  სარფის  კართან
მოთქმად  ,, სი  სო  ული  ბატა ’’?!.
ვიდრე  ცრემლი  სულშიც  ატანს,
როს  ამ  ხმასაც  ქარი  ფანტავს?!.

ყელში  ბურთებრ  მეჩხირება,
ქვითინს  გულს  რომ  ამოვატან...

ამ  ზღვის  პირად  დავანება
ხომ  ღვთივ  ერგო  ლაზიკიას?!.
როს  ძმები  ვართ  ალალები,
,, მეზობლობა ’’  რას  მიქვია?!.

სევდაც  ჩვენი  დანანებით
ჩვენს  ერთობილ  ცას  მიჰკვრია...

ამ  ზღვას  მიჯრილ  მთებში  ჰქრიან
სულნიც  ჩვენთა  წინაპართა...
ჩვენ  ხომ  გვახსოვს  -  ჟამთა  წიაღ
ეს  კედელი  ვინ  აღმართა?!.

არც  ტყვევნილი,  არც  ხიზანი -
შენსას  ზიხარ  ეზო-ყურეს!..
არც  ცრემლი  გაქვს  ნასხვისარი,
დღემდის  რითაც  შემოჰყურებ

შენს  განაყოფ  მამულ-დედულს  -
ჩვენს  ძველ,  ზიარ  არემარეს...
არ  გაგვწირავს  ღმერთი  ბედკრულთ
-  ნანატრს  მოგვახარებს  ხვალეს!..

დავიბრუნებთ  მალე  ერთურთს -
კიდევ  ცოტაც,  გენაცვალე!..

აგერ  გვრინიც  გვესმის  გმირთა -
ამ  მიწას  შეწირულ  სპათა...
ზღვა  ჭოროხის  ზვირთებრ  ირთავს
ჰანგებს,  ციდან  ჩამონატანს...

-  ჩვენ  სისხლ-ხორცი  ჩვენი  გვინდა!..
ჩვენ  არც  მიწა  გვინდა  სხვათა!..
-  მესმის  ორად  გაჭრილ  სარფთან
როგორც  ,, სი  სო  ული  ბატა ’’...

Thursday, April 7, 2011

ციხე **ლევან ქერდიყოშვილი**


ციხეა, ცხოვრება ციხეა ნამდვილად,
ვიქეცით ყველანი პატიმრად სიცოცხლის,
ტკივილი გვეყოფა მხოლოდ ერთ ბღავილად,
გვერდითაც ვერავინ გაიგებს იყო რის.

სამყაროს ყრუ კედლებს ვერაფერს დააკლებ,
იქნება აყროლდე კიდევაც ბოღმისგან,
ყველა გასაღები მრისხანედ დააქვს ღმერთს–
იყვირე და როცა არ ელი მოგისმენს!

გაგიღებს ცხრაკლიტურს სწრაფად და გაგიშვებს,
არათუ ღიმილი–სიტყვა არ დასცდება,
შენ წახვალ, დარჩებათ პატიმრის დაღი სხვებს
და გული ახლა ამ ციხეზე დაგწყდება.

დააღწევ სწრაფად თავს სიცოცხლის ტყვეობას,
გტირიან, ოცდები არ გესმის მათი რად.
გავა დრო, არავინ გახსენებს თვეობით–
მიხვდები, იქეცი სიკვდილის პატიმრად.

ციხეა, ციხეა ამ ციხის იქითაც,
იმ ციხის აქეთაც ყრუ არის კედელი...
იყვირე! იბღავლე! შენ ტყვე ხარ რიგითი–
ღმერთია ამ ციხის მხნე ზედამხედველი!

................

უფალო შეგვიწყალენ!


2011 წელი.
ბობნევი, ღამე.

Wednesday, April 6, 2011

ცოდვილი ფიქრი **ლევან ქერდიყოშვილი**


მიწა კიარა,ტრიალებს ზეცა!
სამყაროს გული ფეთქვას ჩემს გულში
და ჩემს გარშემო ირევიან ჭიანჭველებად რუხი ფიქრები...
წრიალებს აზრი წარსულსა და მომავალს შორის.
შორია, შორი ფინიშამდე-ასე მგონია.
ვერ კი მივმხვდარვარ ვინ ვიყავი ან ვინ ვიქნები.

არვინ მისულა ალბათ იქ ნებით,
თვითონ მოვიდა, უჩუმრად, მალვით
და ზედ ფიქრებზე ფაფხურობს ეშმა,
მეკი მგონია მიწა არა, ტრიალებს ზეცა,
ჩემში სუფევს სამყაროს სული
და ძლიერდება ნელ-ნელა ეს ხმა.

...................

ღმერთი იცინის-
(შეიძლება კიდევაც ტირის)
ვჭიანჭველდები...

19 თებერვალი. 2011წელი.
ბობნევი. ღამე.

Saturday, April 2, 2011

ღამეული ოქტავა - იმედი ჯახუა


1.

... გასენილი  გული  მიმაქვს...
... გასრესილი  გული  მიმაქვს...
... არაფერი  მენატრება...
... მონატრებაც  აღარ  მსურს...
ოდენ  ერთი  სურვილი  მაქვს,
სულ  ბოლოლა  სურვილი  მაქვს
( სად  შესწვდება  წყურვილი  მას?!.)
-  უდრტვინველი  ძილი  მერგოს  დაქანცულს...

2.

... შუაღამეს  გადასცილდა...
... ყველა  როლი  განაწილდა...
... გახსენება  აღარც  მინდა...
არც  მანებებს  ღამე  თავს...
...რაც  დაიწყო  რაღაციდან,
სულ  არ  შერჩა  რაღაც  წმინდა...
- ვერ  გათბება  რაც  გაცივდა...
- ჩიტის  გულიც  ვერ  აიტანს  ნამეტანს!..

3.

... ფუთფუთებენ  სადღაც  მტრები...
...შორს,  წარსულში, სადღაც  ვტყვრები...
(აწ  წასული)  მახლავს  ძმები,
ჩემგან  რაღაც  ახალს  (გიჟურს!)  ელიან...
მე  კი  ამ  დროს  სულ  სხვას  ველი...
სხვაა  მზერაც,  სულ  სხვა  -  სველი
(- გააღვიძა  სუსხმა  ძველი
დარდი,  რომლის  აწ  მითვლემა  ძნელია!..)...

4.

... ჩქარობს  გული  -  განა  ცხრება...
იგრძნო  სუსხის  მანაც  ხლება...
სუსხს  კი  ცეცხლის  ჩანაცრება,
იცის, მალე  მოჰყვება...
თმა  შეფიფქეს  განა  წლებმა,
თუნდაც  ჭირხლით  ანაცრებმა?!.
- სხვამ  მაგემა  დამარცხება?!.
- არა!  -  მხოლოდ  გაიძვერა  მოყვრებმა...

5.

... ესიტყვება  ფიქრი  ფიქრებს...
შეასმინოს  რამე  იქნებ
(ამ  დროს  გულს  კვლავ  ღამე  იკლებს!..)...
ფიქრს  კი  ფიქრის  მოსმენაც  კი  არა  სურს...
... ყველა  ყავლი  გასულია...
... ყველა  მგზავრი  წასულია...
ეს  სულიც  სულ  სხვა  სულია...
და  ცხოვრებაც  ჰგავს  დაკარგულ  თამასუქს...

6.

... ეს  ღამეც  რა  ნელა  დნება...
ცას  უმუხთლეს  კელაპტრებმა...
(აწ  ქცეულნი  ყველა  მტრებად!..)
-  რევდა  გულს  რა  ღამეები  -  მაცდური!..
... ზღაპარ  იყო  და  ზმანება
ფრთებზე  ბედის  დაზმანება...
-  თვით  შეზრულნი  დამზრალ  ვნებას
-  დამსხვრეული  ეს  ფრთებია  დასტური...

7.

...გასულია  რგოლი  რგოლში
(ბოლი  -  ბოლში,  -  ნოლი  -  ნოლში...) ...
...გაცვლილია  როლი  როლში...
რა  ქნას  გულმა  -  შეცდომების  დახსომება  არ  იცის...
იქნებ  მართლაც  არის  ახი,
ვინც  მაინც  სდევს  გულის  ძახილს,
თუ  ეს  ღამის  ქარი  ჩახრის
( - ო, რა  ღამეს  მიაგორებს  ქარი  ცივს!..)?!.

8.

... რა  ხმა  ისმის  -  ხმა  მიწიდან...
... ძარღვში  სისხლი  გამიცივდა
( ეს  კი,  თქვენი  არ  ვიცი  და,
მე  კი  ვიცი  რაც  არი...)...
... სიცივე  რომ  ჩამიდგება
ძარღვში  -  ბოლო  ჟამი  დგება...
და  რაც  ენით  არ  ი თ ქ მ ე ბ ა !..
მიწა  ყ ვ ი რ ი ს !!!  -  ფ ე რ ფ ლ ი ა    დ ა    ნ ა ც ა რ ი !!!...