Tuesday, October 25, 2011

ტანგო საკუთარ თავთან **კატო ჩულაშვილი**



ერთზე გაიელვებს დეკოლტე,
ორ–ზე გაშტერდება თვალი,
სამიი!
...მიპოვე და მოგენდე...
ოთხი–ავად გიხურს ტანი!!
აკორდს მიადევნე კორსეტი!
სუნთქვა შეკრული და მწველი..
შენ ხომ უტიფარი თეძო გაქვს,
მას კი უკანკალებს ხელი..
ღამე გახედნილი სიზმრების,
მხარზე გაშოტილი ტერფი..
მალებს გადაითვლის ცენზორი..
ბაგე ლავიწის ძვალს ერთვის...
და ისევ–
ერთი!
შემუსვრილი დეკოლტე...
ორი!
შელახული კერტი..
სამი!
გიპოვე და მომენდე...
ოთხი...

Sunday, October 16, 2011

ტერენტი გრანელის უკანასკნელი მონოლოგი ***ლია რუსიაშვილი***


 მარადისობა     მიმზერს
 და საღამოა გრილი.
 გათოშილ ხელებს ვიშვერ
 და ვეფერები თბილისს...

შემოაქვთ როიალი,
სხეულს ვაყუჩებ მტკივანს.
უკრავს უცნობი ქალი
და მე რატომღაც, მცივა!

ვიგონებ წარსულ მაისს,
შუაღამისას ვდგები.
მაინც მიმიხმობს საით
ხმა მომაკვდავი გედის?

მოვა ასული ერთი,
უცხო და მოალერსე
და დამისვენებს ფერხთით
ჩემს გაფითრებულ ლექსებს.

იქ სითეთრეა მარტო
და ლოლუები ყვავის.
ქანაობს შიშველ ტოტზე
ჩემი  ძვირფასი ყვავი.

 სძინავს  გათვალულ ქალაქს,
 ვიღაც ხმაურით დადის.
 აქ  ჯიბგირები  წვანან,
 მე  მეშინია დანის!!!

 დროა სიზმარში შესვლის,
 ჩნდება ცისფერი ორთქლი.
 მოდის ხალათი თეთრი,
 მე  მეშინია მოკვლის!!!

 ვიღაც შუქისკენ უხვევს
 და მეც მივყვები რიდით.
 და მაგონდება უცებ,
 თეთრი მუხრანის ხიდი.

 აქ  მზეებია ბევრი
 და მიძვრებიან თავში!
 მთვარის სონატას მღერის
 ცისფერთმიანი  ბავშვი.

 მარადისობა მიმზერს
 და საღამოა გრილი.
 გათოშილ  ხელებს ვიშვერ
 და  ვეფერები თბილისს...

 ისევ ეცემა ფიფქი
 ჩემს გაყვითლებულ ქალას.
 უკანასკნელად ვიცდი
 და მერე, ალბათ– წავალ!

 ჩემს ნაფეხურებს წაშლის
 ქარი ზიზღის და თრთოლის.
 მე ვიმალები  ქვაში...
 და ეულია თოვლი...

 გარინდულია  ზეცა
 და მე  აღარ  ვგრძნობ  ტკივილს.
 თეთრ ფილაქანზე ცეკვავს
 მივიწყებული ჩრდილი.

 მე  ფოთოლი ვარ სველი
 და გატეხილი  ჩელო.
 ჰე,  უცრემლობა გშვენის
 შემოღამებავ  ჩემო...
                                        P.M.    ტილოს ავტორი კორნელი სანაძე

Wednesday, October 12, 2011

ნუთუ მართლა..........**ნიკო მიქაია**


ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში,
ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა?
ნუთუ მართლა დამივიწყე უკვე
და დაიწყო საუკუნო გლოვა.

ნუთუ აღარ დაბრუნდები აწი,
დამიტოვებ შენზე დარდს და ფიქრებს.
ნუთუ ვეღარ შევეხები აწი,
შენს ლამაზ და გაფითრებულ თითებს.

ნუთუ ასე გაგრძელდება მუდამ,
არ შეწყვიტავს ეს ზამთარი თოვას.
ის აქ არის, შენს გულშია მარად,
დაელოდე პაემანზე მოვა.

დაიდარებს და დადნება თოვლი,
ისევ დავკრეფთ ერთად წითელ ვარდებს.
მზის შუქი და სხივი კვლავ გაათბობს,
გულზე თეთრად ჩამობარდნილ დარდებს.

არ იდარდო, იცოდე რომ მალე,
ჩვენს ეზოშიც გაზაფხული მოვა.
ნუთუ მართლა დაგიზამთრდა გულში,
ნუთუ მართლა თეთრად ჩამოთოვა.




Thursday, October 6, 2011

ს-იცი(?)-ლი **ლევან ქერდიყოშვილი**


ვიცინი, რადგან მტკივა ეს ხორცი
და ჩემს სიცილზე ხორხოცებს ხალხი,
ვიცინი, რადგან მიწას შემოვრჩი
ბალღთან მოხუცი, მოხუცთან ბალღი.

დავცინი სივრცის მოღუშულ სახეს
და ვიცი ცეცხლში მომელის ბოლო
და ვიწვი მე დღეს რაც გუშინ ვნახე
იმ მიწით, იმ ცით, იმ ცეცხლით... ხოლო
ხვალ უკვე ახალ ცეცხლად და კვამლად
შევინთებ დღეის ნაგროვებ შეშას
და სიმწრის სიცილს ვიწამლებ წამლად,
დავცინებ მიწას, შევცინებ ზეცას!

ვიცინი, ვიცი მოქუფრულ ღრუბლებს
არ ძალუძთ ჩემთვის ანთხიონ ცრემლი.
დაცვინი ბრმა ძმებს, დაცვინი ყრუ დებს
და აღარც რამე უკეთესს ველი.

რადგან ჩემსავით ხორხოცებს ხალხი,
ვიწვით და ცასაც ყელში აქვს ლავა.
ერთმანეთს ხორცის ნაფლეთებს ვახლით...
ვიცინი! ყველა ერთი გზით წავა!

ვიცინი, რადგან მშია და მხეცი
დღეს გუშინდელზე უარესს ვიზავ!
ვიცინი, რადგან თავ პირის ლეწვით
ჩემი ტკივილის მიზეზებს ვიცავ!

9 სექტემბერი. 2011 წელი.
თბილისი

შენ სხვა ხარ... ***გუჯა ბიძია***


შენ როგორი ხარ?..
ან რატომა ხარ ..
რას მეკითხები,
აგე თვალები პასუხს მოგცემენ,
თუნდაც დახრილი  მაინც გამცემენ
და გამჭირვალე  სურვილებს ჩემსას  აღერილ  ტანზე ჩამოგაცმევენ
სანთელივით ხარ მართლაც.. სანთელი,
სამყარო  მთელი
შენი სხეული  ასანთებად  და ჩასაწვავად გამზადებული..
და ამ  სურვილთან  დაზავებული
მართლაც სანთელი-
არ ჰგევხარ ბალახს ფეხით გათელილს,
არც  დამდგარ  ტბას   და არც ანარეკლს მასში  მთვარის ,გაჭედილს
თუ გადაწოლილს..
სიბრძნეს  გაცვეთილს თუ გამოწოვილს..
თუ ხელის მშვიდი მოძრაობით ლექსად გაწერილს,
ან ჩრდილს მოღალულს უკან დევნით  დუნედ გაწელილს
არა  არ ჰგევხარ..
არა..სულ სხვა ხარ..

აკვირტებული..ახეთქებული..
როგორ საყვარლად აცეტებული
სურვილსაღერღერაღერებული
ნდომა ლაქებით აჭრელებული
სუნთქვაწყვეტილად ამღერებული
დედაბუნებააფეთქებულიიი..
გინდა.. მიყვარდე
გინდა.. გიყვარდე
და რომ ეს გრძნობა
სხვისას  არ  ჰგავდეს

რას ვამბობ მართლაც და რეებს მართლაც  გიპირისპირებ
ია ხარ თქო ვთქვა?..თუ მზე მეთქი..თუ ცა?
მე დავიფიცებ..დიაღაც  ვფიცავ..
აბა მომხედე..ააა..თვალებმა გაგცა..
სხვა გინდა გითხრა ..ჰო სხვას ვაპირებ
როგორ მიღიმი..მიღიმი როგოორ,
როგორ საყვარლად გადამიბირებ..

აბა  გითხრა ..რომ აშლილ საწოლზე
ოდნავ ჩავარდნილ ორმოს გამსგავსებ?
რომ სურს ავსება 
კვლავ, გადავსება,
ხელის დადებით ეხლაც  რომ  ვავსებ
და სითბო მყვება შენი სხეულის..
გიჟმაჟისა და გარდარეულის
 როგორ გიყვარდი..
ეხლა..ერთი წამის წინ..ჰო სულ ეხლახან
და სულ ესე ხარ..განა ხანდახან.
როგორ გიყვარდი..?
რომ გითხრა გინდა?
 ჰმ..თვალს რომ ხუჭავდი
სუნთქვა გეკვროდა და ვერ სუნთქავდი
ვნებით მხუთავდი
გაგეხილა და დაინახავდი..
ჩემი თვალებით დაინახავდი..
საძაგელი ვარ ..ჰო საძაგელი..
ვითომც  და ვითომ..
ნათქვამზე  ვითომც
გამიბრაზდი და.. კი მომეფერე
მიმომეფერე..მომისურვილე
მომინდომე და მომიწყურვილე..
არადა მართლაც გამომიძებნე ზუსტად სახელი..
როგორ მშვიდად ვარ შენი მნახველი
მე საძაგელი..
როგორ მშვიდად ვაარ .. სურვილამწვარი  დილის მნახველი..!!
და უკვე ვხვდები 
შენი თვალების ცელქი ჭინკების წერა გავხდები
და მართლაც ვხდები..
ამ ჩემს მოგონილ გულგრილობის ფარდას გადასწევ,
ნდომით გავსებულ ტალღას დაარწევ,
ყველა ღმერთქალის მაგივრობას  შენ ერთი  გასწევ,
ყველა სხვა სურვილს რასაც არ ასდის შენი სურნელი ჩამომაცილებ
შენს თავს ვერც ღმერთი, ვეღარც ეშმაკი ვერ მომაცილებს..
სულ სხვა ხარ..სხვა ხარ..
როგორ მიყვარხარ..



Wednesday, October 5, 2011

ბეცის მონოლოგი - /იმედი ჯახუა/


უცნაურად  ვწერ  ლექსებს  -
ქუჩა-ქუჩა,  კარდაკარ...
და  ჩემსავე  ცრემლებზე
დავალ  ცოცხალ  ქანდაკად…

წმინდა  საკურთხეველზე
გული  მიმაქვს  ზვარაკად
და  ვით  ერთმა  მელექსემ
ერთხელ  მოგვიარაკა,

-  მეც  იმ  წამალს  დავეძებ,
თუა  სადმე  სამთელი…
თორემ  ლამის  გავექცე
გულს  -  
უგულოდ  გათელილს!..

ყველა  წყალი  ისე  დის,
ანუ  -  მიედინება…
ჟამიც  ისევ  ისეთი,
ვით  უფალმა  ინება…

ყველაფერი  ისედაც
იყო  წვა  და  წვალება…
ყველაფერი  ისე  დგას  -
კაცს  რომ  დაგენანება…

უცნაური  რამე  მჭირს:
- ბეცი  ვხედავ  ცაში  ბეწვს!...
რისი  ბეწვი,
რა  ბეწვი?!.
- ეკითხება  რაში  ბეცს?!.

მაგრამ  ის  რომ  ბეწვია  -
ჩემს  მტერს:  
- ქვა  და  დირეა!..
ჩვენს  ტყე-ველს  რომ  ეწვია,
სულ  სხვა  მონადირეა!..

გაჩეხილი  მუხნარი…
მოწამლული  მდინარე…
ქვაბი  -  მოთუხთუხარი
საყდრის  კარის  წინარე…

შველი  -  ყელდაღადრული…
ჯიხვი  -  მკერდგაფატრული…
მწუხარება  -  საყდრული…
გალეშილი  პატრული…

ჩათვლემილი  მეტყევე…
ყარაული  -  ხისთოფა…
მარად  თანამედროვე
სენი  -  სატანისტობა…

სული  -  ეჭვით  დახრული…
გული  -  სიმწრის  ჭურჭელი…
სამართალი  -  მარხული,
დღემდის  უსმელ-უჭმელი…

ლაფდასხმული  კაცობა,
ვით  უმამლო  საქათმე…
ზოგჯერ  ისე  დამცოფავს
ეჭვი  -  ლამის  გავქვავდე!..

ნეტამც,  მართლა  ბეცი  და
ვიყო  ყრუც  და  უჩინოც!..
ვიფიქრე  და …
- შემცივდა…
- ვის  სად  გინდა  უჩივლო?!.

ამღვრეული  დავდივარ  -
რის  ჩანგი  და  ფანდური!..
ჩემივ  მწირი  ლანდი  ვარ,
ნიღბით  -  დარდიმანდულით…

კივილს  ყალბი  ნაღარის,
ყურისწამღებს,  უფალო,
ისევ  შენი  მაღალი
რწმენა  უნდა  ვუფარო!..

თორემ,  ლამის  ჩამქოლოს
უგულობის  ქვაღორღმა…
- სანამ  უნდა  ვაგორო
გულზე  ესე  ხღვა  ბოღმა?!.

ვამბობ  არა  წუწუნით,
რომ  არ  ჰყოფნით  სიცილად…
-  მძულს  ლექსი  გაქუცული!..
-  მძაგს  ლექსი  -  კუდქიცინა!..

მძაგს  ლექსი  -  ჩათაფლული,
ფერუმარულმოყრილი,
ლიქნის  ლაფში  ჩაფლული,
ლაზღანდარა,  ორპირი!..

მძულს  ლექსი  -  ტვინნაჭყლეტი  -
უსისხლო,  უგონორო,
სიყალბე  -  მონაწრეტი
ოდენ  საჰონორაროდ…

როს  სულს  ღაფავს  იმედი,
როს  ხრწნა  -  ერის  სულს  უტევს…
როს  გარშემო  -  მილეთის
უცხოთესლი  ფუთფუთებს…

როცა  ჩვენს  მწირ  ყანებზეც
მობალახობს  კალია…
როცა  ნასახლარებზე
ეშმას  ჩლიქის  კვალია…

როცა  ჩვენს  ტყე-წყალ-ჭალებს
ხიზნის  ბუში  იჩემებს…
უჯიშოთა  ჭაჭანი
ძარღვში  სისხლს  რომ  მიჩერებს…

ხროვა  შინაგამცემთა,
ახვართა  და  უძღებთა,
როცა  მტერს  -  ბილწს  და  ცვედანს
კუდუსუნქვეშ  უძვრება…

როცა  ნიჭი  ღალატის
ფასობს  ვერცხლის  ჩხრიალად…
როცა  ცრუ-შემპარავთა
ჯოგი  გვიძოვს  იალაღს…

როცა  თვალი  მუშტრული
ჩვენს  ნაზვრევსაც  გარს  უვლის,
შენ  რას  მღერი  ჟღურტულით
ტყემლის  ტოტზე  გასული?!.

ნუთუ  მხოლოდღა  მე  მჭირს
სენი  -  
რომ  ვჭვრეტ  ცაში  ბეწვს?!.
იქნებ  სულ  სხვა  რამე  ჭირს
და  არ  შემდის  თავში  ბეცს?!.

იქნებ  მართლა  ბეწვია,
მე  რომ  ვამბობ  -  დირეა?!.
იქნებ  -  ტყეს  რომ  ეწვია,
არც  სხვა  მონადირეა?!.

იქნებ  მკრეხელობაა,
რომ  სჭვრეტს  ბეცი  ცაში  ბეწვს?!.
იქნებ  მხოლოდ  ბოდვაა
და  ვიქმ  ცოდვას  საშინელს?!.

ღმერთმაც  ქნას  და  ვცდებოდე  -
ბოდვა  დაშთეს  ბოდვადვე!..
ცუდუბრალოდ  ვცდებოდე!..
ცუდუბრალოდ  მოვთქვამდე!..

მაგრამ  როცა  გუმანი
მაინც  მისას  ჩამძახის
და  შიშიც  იდუმალი
გულს  კვლავ  იკლებს  ცახცახით,

მაშინ  რა  დამაწყნარებს,
რა  სიკვდილი,  რა  ჭირი?!.
ვყვედრი  გგულებს  დამცხრალებს…
ვგმობ  სიფრთხილეს  საჭურისს…

…ყველაფერი  ისედაც 
იყო  წვა  და  წვალება…
ყველაფერი  ისე  დგას,
კაცს  რომ  დაგენანება…

მეც  კვლავ  ისე  ვწერ  ლექსებს
ქუჩა-ქუჩა,  კარდაკარ
და  საკუთარ  ცრემლებზე
დავალ  ცოცხალ  ქანდაკად…

1987.01.  09

Sunday, October 2, 2011

წითელი გველი **მათე მარადელი**


სიცოცხლის ზღვაში ჩაიძირა ჩვენი გემი
და აღმოვჩნდით იმედისაგან შეკრულ ტივზე,
მზერა კი მივაპყარით ჰორიზონტზე ხსნას.

ზღვა იყო სველი,
დღე მდუმარე,
ტივი კი მერყევი,
როგორც ყველაფერი ბედს მინდობილი ამ ქვეყნად.

შენი თითები გავდა ალერსის ათ მხედარს,
თეძო კი ალბათ ნოყიერ და დასახნავ ყამირს.
მკერდიდადნ ქალი მიყურებდა ორი, ყავისფერი თვალით.
და სუნთქვა იმ ზღვაზე ღრმა გქონდა, რომელშიც ვლივლივებდით.
თმის სამაგრი ამოგიღე შავი ნაწნავიდან
და შუაღამისფერი მდინარე დაგეღვარა ღაწვებზე.
ფიქრიდან გადმოაბიჯა ჩემმა სურვილმა,
მოგიახლოვდა ცხელი ტუჩებით
და ისინი ფრთილად შეახო შენს ტუჩებს,
რომელიც ცივი აღმოჩნდა,
შეირხა წითელი გველივით
და მიწოდა მრუში.

ზღვა იყო სველი.,
დღე მდუმარე,
ტივი კი მერყევი,
როგორც ყველაფერი ბრმა ამ ქვეყნად.

ყველაფერს უეცარს გამოფხიზლება ახლავს რატომღაც
და მე ვიგრძენი ჩემს ტერფებზე გადაკრულ კანს,
ნელ-ნელა როგორ არბილებდა ზღვის მარილი.
ტივი ვერაფრით ვერ უძლებდა ორივეს წონას
და უყოყმანოდ გადაგაგდე ხელის კვრით წყალში.
ტივმა და ფიქრმა ერთად იგრძნო ის სიმსუბუქე,
ლაღად რომ გაჰყვა სამხრეთისკენ მქროლავ ნიავებს.
მერე კი მალე, ჰორიზონტზე გამოჩნდა მიწა,
რომელზეც ფეხი დავადგი და
იმ თმის სამაგრით,
მოსაგონებლად რომ შემომრჩა შენი თმებიდან,
ქვიშაზე წყნარად დავაწერე: - თავისუფლება!

ზღვა იყო სველი,
დღე მდუმარე,
მიწა კი ურყევი,
როგორც ყველაფერი გააზრებული ამ ქვეყნად.