Sunday, November 30, 2014

*** ტარიელ ხარხელაური


შავად ვირევი, ვტრიალებ,
მთათა წვერებზე ვგროვდები,
რა გზნექავს, ქარო, ტიალო,
რა წარამარა ღონდები.
ეჰე!- დღეს აღარ იფრინოთ,
მხარკვერიანო არწივნო,
მზადა ვარ, უნდა ვიგრგვინო,
მთელი სამყარო დავწვიმო,
წავლეკო ნიაღვარებით,
მტვერში და სისხლში გავრიო,
მერე დავჭამო ქარები,
და ეს სილურჯე დავლიო.
კიდევ ჩამოდგეს მთქნარებით,
ტყეების ზემოთ მთვარეო,
ცრემლით დამილპა თვალები,
დავთმე, მუხლთ მოვიხარეო,
ახლა მათ ლოკონ წვალებით, 
ბედის მარილი მწარეო.
მთქრევით ჩამოვლსხტი მთადამთა,
ხევები ავიჩქამეო,
ცის გულისპირზე გადატყდა
მოყორნისფერო ღამეო.

Saturday, October 11, 2014

***ძევახ,სიცოცხლეო ჩემო *** ნანა ქელეხიძე

ძევახ,სიცოცხლეო ჩემო,
ვართავ თითისტარზე მთვარეს,
გულში მზე გამთბარა ჩვევად,
მკერდზე-ამეთვისტოს თვალი.
ისევ გამოვყურებ შენს გზას,
ზოგჯერ მალვით,
ჩუმად ვოხრავ,
ვიცი,არ მატყუებს გზნება,
მოხვალ,
უეჭველად მოხვალ.
იქნებ წელს არა და...
სხვა დროს...
სულ სხვა საუკუნის ღამეს,
შენი არყოფილი ცოლი,
რწმენას ყოველ დილით ვაღებ...
ნისლი ეპარება რიჟრაჟს,
წურავს საწნახელი ღრუბლებს,
ისევ უღიმღამოდ ჟინჟლავს,
მამტვრევს უშენობით დაღლილს...
ვზივარ,
მუხის აკვანს ვარწევ,
ჩვენი არშობილი ჩვილის.
ვზივარ,
ქვა გახეთქა წლებმა,
მკერდზე ამეთვისტო სივის,
მტკივა,
მზე გახეთქა წლებმა,
ლოდინს გაუხუნა ჩერო,
ბოლო გაკივლებამ სისხლის-
"ძევახ,სიცოცხლეო ჩემო!"...

Saturday, September 20, 2014

თუ... ***საშა გველესიანი ***

ხანდახან ვფიქრობ,
სიკვდილი რაა...
თუმცა აქ ყოფნით 
ან რა გავიგე...
მე და შენ – “თუ” ვართ
და მზეც თუ – “რაა”
ვინაა ნეტავ
ამის გამრიგე!
რატოა შენი
თვალები, ასე
ყველაფრით სავსე
მიწიდან ცამდე...
სიბერის კართან,
ნაღვინარ თასებს
ვგავართ და ღვინოს
დრო უნდა სვამდეს
უთქმელად, უბრად,
ლოთის სიხარბით
დაცლის და მერე ქვას
შეალეწავს...
გახსოვს, პირველად
სად გამიხარდი
ნეკერჩხლების რომ
ჰგავდი ალეწვას!
ჩაფით მომქონდა წყალი
წყაროდან,
ძლივს და მიცდიდა
კართან ბებია,
რაღაც ბავშვურად
თუ მიხაროდა...
რამდენი წელი
დამნებებია
ამ სიყვარულის,
ნეტარძი ნება
საიდან ჩნდება
და იბადება,
შენამდე რატომ
მემანძილება,
გზა როა, ერთი
ხელისდადება...
ჰოდა, მეც ვფიქრობ,
სიცოცხლე რაა...
არც რა ვიცოდი,
ვერც რა გავიგე...
ჩვენ ახლაც – “თუ” ვართ
და მზეც თუ – “რაა”
ვინაა ნეტავ
ამის გამრიგე!

საშა გველესიანი
2014

Tuesday, March 25, 2014

მხატვარი ***საშა გველესიანი***

გამოვიგონებ სხვა ცხოვრებას
ალბათ ახლიდან,
ეკლიან გზაზე ფეხშიშველი
ვივლი მუნჯივით,
მათხოვარივით გამომაგდეს
სხვისი სახლიდან,
მოგონებებით და ტკივილით
სავსე ხურჯინით.
ვცხოვრობ ოთახში, სადაც კვნესის
ვიღაცა ჩუმად
და ჰგავს მოშლილი მერცხლის ბუდე
დაწყვეტილ ნერვებს,
სადაც სიცივე, აფთარივით
დაგღეჭავს უმად,
შიშნარევ ფიქრებს უმწეობა
სადაც აბევრებს.
პირქუშ კედლებზე გაყინული
ვხატავ სამოთხეს,
ამბოხებული სული მკერდში
ძლივსღა ეტევა,
ბაც სინათლეზე სიბნელიდან
თავი ამოყვეს,
ძველი ავეჯის დამტვერილმა
სიულეტებმა.
შტრიხებით ვცდილობ, მივახატო
რისხვა მაცხოვარს,
ბედზე გამწყრალი, ფუნჯს ჯიუტად
ვუსვამ ტაატით,
დრო გაჩერდა და აღარ ვზომავ
დღეებს ნათხოვარს,
ეჩვევა დუმილს ძველისძველი
კედლის საათი.
მინდა, სარკმელი გავაღო და
ფრთები გავშალო,
კედლებიც უნდა დაიქცეს და
მოეღოს ბოლო
და მაღლა მზისკენ გავუყვები,
როგორც ფათალო,
ამას სხეულის შემოძარცვა
სჭირდება მხოლოდ.
ხვალ დილით, იქნებ, განმკითხველი
შეხვდეს მათხოვარს,
უკან, სახლისკენ, ფეხშიშველი
გაივლის იმ გზებს,
ვხატავ სამოთხეს და ადამზე
გამწყრალ მაცხოვარს...
ის კი ჯიუტად, იდუმალი
ღიმილით მიმზერს.

Wednesday, March 12, 2014

*** კატო ჯავახიშვილი

კვდებიან. კვდებიან გულაღმა. გულაღმა კვდებიან შვილები. წასვლამდე
ისეთი შორია, ისეთი შორია წასვლამდე საკუთარ თავთანაც მარცხდები. ერთხელაც
ქუჩაში ქალაქი გაივლის და შვილის თვალები ექნება ერთხელაც. წამწამით
ყველას და ყველაფერს დამალავ, ყველას და ყველაფერს იგონებ და მერე გახელა
თვალების ისეთი ძნელია, ვერაფრით ამოგაქვს მზეები მზერიდან. ფეხები
თავისით მიდიან, თავისით მიდიან ფეხები ქუჩებში. ბნელა და რატომღაც
არ იცი, რა უფრო ძნელია, რა უფრო ძნელია არ იცი, რაც გკლავს, თუ გეხება
მიდიან, დღეები, თვეები, წლები და წვიმაში უცნობი მასავით გატოპავს.
წასვლამდე. აქ უნდა გეღვიძოს, აქ უნდა გეღვიძოს წასვლამდე. ადგე და ლოდინით
დაჩრჩილულ გაზაფხულს გადასცდე. სამოსი გაკიდო მზეზე და ..თითქოს და არც იცი
რა უფრო სწორია, ზღვასავით მოიქცე, თუ წვეთ-წვეთ წვიმაში დასრულდე. იდინე
სადამდეც გზებია. სადამდეც გზებია იდინე. იდინე. ერთხელ რომ წაიქცე.
ქალაქში ორმხრივი ქარია. ორპირი ქარების სეზონი. წვიმა და დილიდან
სახეზე ნაოჭი წაშალე. სიკვდილი წაშალე, წაშალე სახიდან. იცინე
ხმამაღლა იცინე, ცრემლებით იცინე, რომ ყველას შეშლილი ეგონო. სადილად -
საქონლის კატლეტი გარნირით და ჭიქა კომპოტი ალუბლის. ქალაქში აცივდა.
ერთხელაც თვალები გაცვდება და მლაშე სვეტებთან დარჩები. ოთახში. უცებ და
თოკიდან დაჩრჩილულს ჩამოხსნი სარეცხს და გაივლი. ცარიელ ქუჩაზე გადახვალ.
გზებია. ქალაქი გაივლის, ქალაქი გაივლის და შვილის თვალები გეცნობა.
კვდებიან. კვდებიან გულაღმა. გულაღმა კვდებიან შვილები.
ხანდახან.
(დ...ს)

Saturday, March 8, 2014

შენ გზა ხარ... **საშა გველესიანი**

მზესავით ვქრები და 
ვინთები,
ოცნებამ აიშვა
სადავე,
შენ გული გიჭირავს
თითებით
და ჩემში
სიცოცხლეს აკავებ.
თვალები კიბეა
ზეცამდი,
ტუჩები მიგიგავს
ბარძიმებს,
შენ ჩემს სულს
სანთლებად ძერწავდი
და მიწა ვერაფრით
მამძიმებს.
მზის თვალი
ეღვრება საკინძეს,
(დედის და
ქალწულის შერევა...)
შენ დილით
ლექსებად მაღვიძებ
და სიკვდილს
გზა-კვალი ერევა.
ბალახზე ცვარივით
კანკალებ
ღრუბლებში ნისლებად
შერთვამდე...
შენ ჩემში
სიცოცხლეს აკავებ...
შენ გზა ხარ
მიწიდან ღმერთამდე.