Thursday, September 8, 2016

ეჭვი <<< მანანა ფრუიძე >>>



მზემოკიდებულ ჭვავის ყანას გაექცა გველი 
ადევნებოდა ოქროსფერი უმხურვალესი, 
ცახცახებს ვნება უმაძღარი,ცეცხლივით მწველი 
და სურვილს გიკლავს სათივეზე ქალის ალერსი.

გაშიშვლებულა სიყვარული სიშიშვლით ურცხვის,
ქათქათებს მკერდი და მკათათვის ზიზღით ვინთები,
ამომაკვნესებს ღაწვდახოკილს სიმლაშე კურცხლის,
ეჭვიან მზერას დაფარავენ სველი თითები

და... გარინდება ჩააკვდება სხეულს ხელებში,
და... ბინდისფერად მინავლული - უღვთო ღალატით,
ვიხეტიალებ გაფითრებულ,ჩამქრალ ფერებში,
ვით განთიადის მომლოდინე ბედის ჯალათი. 

Tuesday, September 6, 2016

ს ა შ ე მ ო დ გ ო მ ო გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ა <<< ცირა ბარბაქაძე >>>

უნდა წამოვკრიფო
სულის ნაწილები,
ვიდრე ეს ქარები
ღრუბლებს წამოშლიან,
ვიდრე თოვლი მოვა,
ვიდრე გაწვიმდება...
ვიდრე შემოდგომა
მზისფერ სამოსშია...

მერე მოგიყვები
ამ დღეს დაწვრილებით _
რაზე იცინოდა
მთვარე დავერცხლილი,
ფოთლებს მივუყვები...
ვიდრე გაწვიმდება,
უნდა წამოვკრიფო
სული სარეცხივით.

ახლა უშენობაც
შენი ნაწილია...
უფრო ნამდვილი და
უფრო შორეული...
მაინც უშენობით
დაღლილ_დაცლილი ვარ,
ქუჩას მივუყვები
წვიმამორეული...