Thursday, February 18, 2010

გაქცევა (მორის ფოცხიშვილი)















***


ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.