Tuesday, January 31, 2012

ჩემი,გიჟი,ჩემი,გიჟი ქალი! ♥♥ ლიკა ყიფშიძე ♥♥



...როგორ შევიშალე,როგორ შევიშალე,
გახსოვს?
მკერდი გავიხსენი,
შევუშვირე, ციდან, ნათოვლს!
თეთრ კბილთა ქარავანს,
ვეღარ, გავუსწორე მზერა...
მერე დამდნარ წინწკლებს
თითი ჩააყოლე,ნელა...
ფიფქი მოდიოდა,
ყველას ჩამოცვენა სურდა,
თეთრად დაიქსელა,
ტოტების ,აბლაბუდა...
ფუმფულა ლეიბზე
ვიწექით, ახლა ,ორნი...
ციდან მოდიოდა,
ტანზე გვეყრებოდა თოვლი.
ზეცა თავის ვნებას,
ნება–ნება,ფენდა მიწას...
თითქოს თოვლის ზღაპარს
წერდა და ფანტავდა რითმად....
როგორ შევიშალე,როგორ შევიშალე,
გახსოვს?
შენს ,დიდ ნაკვალევში,
როგორ ვაკეთებდი ნახტომს...
დაბინდულ ფუჟერში ძვრებოდა,
მერე,ბუხრის ალი,
შენ კი ჩურჩულებდი–
ჩემი,გიჟი,ჩემი,გიჟი ქალი!

Monday, January 30, 2012

*** ვაჟა ხორნაული ‎***



სიყვარულის ცრემლი და ღიმილი
თუკი მიგაჩნია რაიმედო,-
კაცი-მიწასავით ერთგული,
კაცი-მზესავით საიმედო
ასე როგორ უნდა დაივიწყო,
ასე როგორ უნდა გაიმეტო?!

მხეცთა სამფლობელოდ ქცეულა
ტყე-ღვთისგან
გაჩენილი საირმედო…

სიყვარულის წყარო და კელაპტარი
/მშვენება სამყაროსი/
თუკი მიგაჩნია რაიმედო,-
კაცი-შანდალივით უბრალო,
კაცი-ლოცვასავით საიმედო
ასე როგორ უნდა დაივიწყო,
ასე როგორ უნდა გაიმეტო?!






Sunday, January 29, 2012

ქალი! * რომჩიკ ოსანაძე*

                                                                Artist: 




ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა. ქალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან. ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში. ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი.
თუ გიყვარს ქალი – უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო!
მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს. თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო. ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე. დიაცი მისთვის გააჩინა უფალმა, რომ მამაკაცი დასტკბეს მისდამი სიყვარულით, აბა რისი მაქნისია დიაცი? ქალს როდესაც ეალერსები ლექსით მიმართვა სჯობია.
ვისაც არ უყვარს ღვინო, ქალი და სიმღერა, ის სიკვდილამდე ბრიყვი იქნება როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია? პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება. ბედნიერია ქალი, როდესაც ის გატაცებით უყვართ.
ნუთუ შეიძლება ქალი გიყვარდეს მარტოოდენ სილამაზისთვის? ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს. ქალი თუ ერთ ვინმეს არ აშორებს ანდა ვერ უსწორებს თვალს, ყველასათვის გასგები ხდება რასაც ნიშნავს ეს. ქალთა სქესი მშვენიერია და დაულეველი. მამაკაცის – უტეხი და გაუმაძღარი. უფრო ადვილია შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა.
სიყვარული ქალის მთელი სიცოცხლეა და მხოლოდ ერთი ეპიზოდია მამაკაცის ცხოვრებაში.
ჩვეულებრივი ქალისთვის ყველა მამაკაცი მამაკაცია მხოლოდ; მისთვის კი, ვისმა გულმაც შეიცნო სიყვარული, თავისი მიჯნურის გარდა, მამაკაცი არ არსებობს. ქალს უნდა მისცე ყველაფერი, ან არაფერი. რა მწუხარებას ანიჭებს ღარიბ კაცს სიყვარული, როცა არ ძალუძს საჩუქრებით აავსოს ქალი და ისე გააბედნიეროს, რომ აღარაფერი ენატრებოდეს.
ქალების სილამაზეს თუ სხვა რისთვისმე არ დავაფასებთ, უნდა დაფასდეს იმისთვის, რომ სიამოვნებასა და შვება-ლხენასა ჰგვრის ხოლმე ახალგაზრდა მამაკაცთ.
გახსოვდეთ: ქალის გულისა და ფულის მოსახვეჭად სამი რამეა სიჭირო: სითამამე, სითამამე და კიდევ სითამამე. მოკრძალება უნდილი ადამიანების საქმეა. თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
ვაჟკაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს, დიაცები სულგრძელნი არიან – რაც შეუძლიათ იმას თვითონაც არ დაიშურებენ. ქალის გატაცებაში და სიყვარულში არც სილამაზეს და არც სიმდიდრეს არავითარი მოქმედება არა აქვს. კაცმა უნდა იცოდეს ვის საიდან უნდა მოუაროს, საიდან მოუქონოს თავი და დანარჩენი გაკეთდება თავისთავად. ქალები იმ ადამიანებს უჯერებენ, რომლებიც თავიანთ ფრაზებს სიტყვა “სიყვარულით” ავსებენ. ქალთა უმრავლესობას პრინციპები არ გააჩნია, გულის კარნახს ემორჩილებიან და მათი საქციელი იმ მამაკაცზეა დამოკიდებული, ვინც უყვართ. ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ, რადგან ეს გრძნობა მიანიშნებს კაცის უცნაურ ახირებაზე, ანდა ქალის იდუმალებით მოცულ, უსაზღვრო ხიბლზე, რაც სილამაზეზე უფრო ძლიერია.
ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მამაკაცი დიდი არაფერია, ქალი კი ჩინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ამ მამაკაცის დაფარული ღირსება, რომელიც ამ ქალმა დააფასა: ეს შერჩევით სიყვარულია, და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული თუ გინდათ, რომ სიყვარულის მხრივ ბედნიერნი იყვნეთ, ის ინატრეთ, რომ თქვენი სატრფიალო ქალი ძალიან ლამაზი და ალერსიანი არ იყოს. ქალებში ხშირად ულამაზო ქალები მომწონებია. რასაკვირველია, მთლად მახინჯი არა, მაგრამ ისეთები, რომელთაც სხვები თითქმის ვერ ამჩნევდნენ, რადგან უზადო ლამაზებისაკენ მიიზიდებოდნენ. მე კი “ძალიან” ლამაზი ეგრე რიგად არ მიპყრობდა. მაგრამ მე გამონაკლისი არა ვარ თურმე.
ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მისწონს, კეთილი – გულს, პირველი – ლამაზი ნივთია, მეორე – საუნჯე. ახალგაზრდა ქალებს ჩაცმა დახურვასა და საჭმელ-სასმელის გარდა კიდევ სხვა რამეც სჭირიათ, სხვა მოთხოვნილებაცა აქვთ, რასაც კდემამოსილებით ვეღარ ამხელენ. მაღალი წრის ბანოვანისათვის მებაღე მებაღეა, კალატოზი – კალატოზი, უფრო განმარტოებით მცხოვრები ქალისათვის კალატოზი მამაკაცია, მებაღეც მამაკაცია
მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი. ვინც ქალის სიყვარული დაკარგა, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, რომ ის ვერ შეინარჩუნა.
ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია. ქალები სულელები და დაბნეულები არიან, საწყლები, მთვარეულებივით სულ ოცნებებში ცხოვრობენ, მაგრამ ფიზიკურად ისეთივე ტკბილი არიან, როგორც წმინდაზე უწმინდესი დედის რძე. ცუდი ქალი — ასეთი რამ არ არსებობს, რადგანაც ქალის სინაზე და დაბნეულობა ჩვენი სიცოცხლის წყაროა ქალი ჭკვიან კაცს მაშინ დააფასებს ხოლმე, როდესაც სულელის ცოლი გახდება. ქალს არ შეუძლია მეგობრობა, მხოლოდ სიყვარული იცის. რაც სიყვარულის იქითაა, იმის მიმართ ქალი განურჩეველია. როცა ქალს აღარ უყვარს მამაკაცი, იგი ივიწყებს ყველაფერს, თავაზიანობასაც კი, რომელსაც მის მიმართ იჩენდა. ქალს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია, ვიდრე მამაკაცთა უმრავლესობას, მაგრამ მამაკაცი მეგობრობაში უფრო გამტანია. კაცები არიან მიზეზი იმისა, რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ.
ქალები ცრემლებს იოლად ღვრიან. ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია. ქალის და მამაკაცის სიყვარული ნებაყოფლობითი ხელშეკრულებაა, მის დამრღვევს მხოლოდ ღალატში ედება ბრალი, მაგრამ დედა რომ გახდება, ქალის მოვალეობა იზრდება, რადგან ბუნებამ შთამომავლობის ბედი ანდო. როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.

Friday, January 27, 2012

მედილეგე ***კატო ჯავახიშვილი***



თუ სიკვდილი იყო, მაშინ უნდა მოგეკალი,
მდინარეს თავქვე რომ დავუყევი და
ამდენ წამოყოლილ შლამში, ხან ყელამდე ვეფლობოდი,
ხანაც გადაქცეულ ხეებს შორის ნაფოტივით ვეჩხირებოდი.
თუ სიცოცხლე იყო, მაშინ რად არ მაცოცხლე,
მოულოდნელი სიხარულებით ჟანგბადის ბალონივით რომ დამტენე,
და მწვერვალზე ასული კაცივით უჰაერობა მიხუთავდა სულს.

მამა ხარ ჩემი.
თავზე ბადრაგივით მადგახარ და
სიცხიან ტუჩებზე წვეთ-წვეთობით მასხამ იმ მლაშე მოლოდინს,
იმ ზღვის მოლოდინს,
მე რომ ვიხრჩობოდი და შენ რომ გამორბოდი.
მე რომ გეხრჩობოდი და შენ რომ მშველოდი.
მე რომ ვიხრჩობოდი და შენ რომ არ მტოვებდი.
ეხლა კი,  წყალი მინდა და მარილს მალოკინებ.
ჩამომიგდე ჩემს ხაროში ის ფერხორციანი დღეები:
ნანადირევი ბარკალი,
მწიფე ღამეები,
სავსემთვარობის სიზმრები,
მოლოდინის წყალდიდობები,
ყველაფერი ერთად ჩამომიყარე,
ძვლები რად მინდა,
ძაღლი კი არა ვარ, ცარცის დღეები დავხრა.

გადამაძრე მიწა.
დამანახე ცა.
ნახე, როგორ ხაროში ვწევარ.
მიწა, ხან ტერფებს მიწვავს,
ხან - ჩამჩით მაჭმევს თავს
და ხელებს რომ მომხვევდი, ვხვდებოდი, როგორი ვიწროა სამყარო.
და ხელებს რომ მიშვებდი, ვიცოდი, უკანვე მიხმობდი, მალევე,
და ყველა ფურცელი, სავსეც და სათქმელიც მე უხმოდ დავყარე
და შენი ქვესკნელი, შენივე  სიცოცხლის უძირო სამელნე -
სხეულით  ვატარე.

მთელი ცხოვრება მოუთვინიერებელი ნადირივით გაგირბოდი,
ყველგან წინ მხვდებოდი და სისხლიან დრუნჩს ცივ სხეულზე რომ მოგადებდი,
ტკივილი უცებ მიყუჩდებოდა.
მეშინოდა და ისევ გავრბოდი.
მძულდი და საომრად შემართული გიბრუნდებოდი.
გამარჯვება მინდოდა და ვმარცხდებოდი.
მამა ხარ ჩემი.
თავზე ბადრაგივით მადგახარ და
შენი ცრემლების მარილს მალოკინებ.
ორივემ ვიცით, რომ ეს ხარო ცარიელია,
რადგან:
დილეგი - მე ვარ.
შენ კი - უბრალოდ ამ ყრუ კედლებს
ზურგით მიმაგრებ.

ჩემი სიცოცხლე მოგაბარე სიკვდილო,
-არ გამიავდრდე!..   





ღამის სტუმარი **ვასო შონია **



ცაში უფრენია და მიწაზე უვლია,
აურჩევია ჩემი სასთუმალი:
"სიკვდილი ყველაზე დიდი ტყუილია!.."
მეჩურჩულება ღამის სტუმარი.
* * *
ჩაქრა მზე... მზერა აინთო...
მუსიკას ვსუნთქავ? -
სმენა მკარნახობს:
გულს და სულს შორის ხიდი გაიდო;
ცისარტყელების მესმის სიმღერა...
არა!.. მე ვმღერი!.. ფერები მე ვარ!..
სიო ვარ!.. ტალღა!.. ზღვა!.. გზა და ბგერა!..
ნაფიქრალს ვხედავ, ყველაფრის მჯერა;
ზღვამ ამაღელვა?!.. გზამ გამაგიჟა?!..
ცხელმა გრძნობებმა მცნეს თავის ნიშად,
მიწას მომტაცეს, მამოგზაურეს
და აღმაფრენამ შინ დამპატიჟა;
ვინა ვარ? სად ვარ? რა მელის ნეტა?
სხვაა ბგერები... ფერებიც სხვაა...
ცას დაკიდული ზეიმის ზღვა ვარ...
სხვა ვარ!.. სხვაგან ვარ!.. სხვა პლანეტაა!..
ჩემი სხეული ჩემს გარეთაა;
დღის ჰორიზონტი წააგავს სახეს,
ოქროს სხივებით ნახატის ნახევს...
ღამე ლურჯ ნისლში დანთებულ სანთელს;
გაშლილი! გაშლილი!  გ ა შ ლ ი ლ ი!
სიხარული და სევდა,
ადამიანის კვალიც კი წაშლილა,
ფერს ვისმენ, ბგერას ვხედავ...
და ვგრძნობ!.. ყველაფერს ერთად ვგრძნობ!..
ცეცხლივით ვიწვი, ზღვასავით ვღელავ...
უსახური ვარ - ვკეკლუცობ...
გრიგალში ვქუხვარ, დღის შუქზე ველავ;
სინათლე ბრმაო!.. სიცოცხლე მთვრალო!..
გარედან გხედავთ! თქვენს გვერდით ვდგევარ!
როგორ შევიყვარო?! როგორ შევიბრალო?!
მე ვარ სიყვარული!.. სიბრალულიც მე ვარ!..
ცრემლებს დავტირი, სიცილს ვუცინი...
მიწა ვარ! ცა ვარ! წყალი ვარ! მზე ვარ!
მუსიკა! მუსიკა! მუსიკა ქვაში!..
თბილი და ბასრი, ქვასავით მკვრივი,
მთელი არსებით აღმოვჩნდი თვალში...
მზერა ვარ!.. არა, ბგერა ვარ!..
მუსიკას ვხატავ!.. სინათლეს ვყვირი!..
ყოფიერების ბედისწერა ვარ!
ჰეი!.. თქვენ გემზე!.. ცოტა გაბედულად!..
რამ შეგაშინათ?! იმღერეთ რამე!
სანამ ჩვენს შორის ხიდად გადებულა
თქვენი დღეები და ჩემი ღამე;
მიზანი გაქრა, დაშრა ოცნება...
ჯადოსნურ ჯოხს ხომ სურვილი არ აქვს!..
კერპები იქცნენ უჩინარ მონებად,
წვეთს თუ ველტვოდი,
უკიდო ზღვა მაქვს;
ფიქრი ვარ! ქვა ვარ! სიცოცხლის ხე ვარ!
უკვდავებაზე გულაღმა ვწევარ!..
წარსულის შვილი მომავალს ვგევარ!..
სულიწმინდა ვარ! მამა ვარ! ძე ვარ!
არვინ არ ვარ და ყველას "მე" მე ვარ!..
მე ვარ!.. მე ვარ და!..
მზე აბრდღვიალდა...
მზერა კი ჩაქრა...
სუსტდება მუსიკა, მუსიკა დნება,
მარადისობა ერთ წამში გაქრა...
სიცოცხლე იწყება(?) სიცოცხლე კვდება(?)

ვიღაცა...
ვეღარ ვისვენებ... მოდის?
სადღაც რაღაცას ვიხსენებ...
მოდის!..
სინათლე მოდის!..
არ ვიცი საიდან, რატომ და როდის...
არ მახსოვს... რაღაცა დამავიწყდა...
მუსიკა!..
მუსიკა ლოდინად გადაიქცა...
ზღვა შეტოტმანდა, სამყარო წაიქცა...
დინება... ნება...
ფიქრია დაღლილი, სიზმარს ეძინება...
სიზმარს ეძინება... სიზმარს ეძინე...............
* * *
დღე გათენდება შემცვლელი ღამის,
გაიბნევიან წუთები გზებში...
და სხვა სტუმარი მარადი წამის
თავს იგრძნობს ღმერთად, ღმერთთან და ღმერთში;
ნაცნობი, უცნობი მკრთალი შეგრძნება...
ახალი, სუსტი სუნთქვა მეხსნება,
თბილი სიჩუმე გულში ჩამიკრავს
და დავიწყებას მუსიკა მიეცემა;
გავხდები ერთის... ოცის... სამოცის...
სიცოცხლე დროების სიმღერას დამიკრავს,
ახალი გზა და ახალი სამოსი
სმენას დამიხშობს, თვალებს ამიკრავს;
მორიგს დავიწყებ ათვლას ნულიდან,
გამოტყორცნილი ოცნების გულიდან -
მიზნის ბოლოდან მიზანის თავში,
თბილი ბინდიდან ცივ გარიჟრაჟში...
გუშინ   ფიქრივით თავისუფალი!..
აზრის მეუფე!.. გრძნობის უფალი!..
დღეს მე მონა ვარ ჩემივე თავის...
დღეს... ჩემი დაბადების დღე არის...

ღიმილში ჩაქსოვილი ფიქრები,
მელოდიებით ნაქარგი მზერა...
იყავი! ხარ და იქნები!..
შუბლზე წამაცხებს კოცნას სიტყვებად
ყოვლისმჭვრეტელი ბრმა ბედისწერა.
* * *
გასწიე ფარდა სტუმარო ღამის,
გამაღვიძე და მითხარი:
"სიზმარი პატარა სიკვდილი არის!..
სიკვდილი... დიდი სიზმარი!"

დაღლილი გოგონა... ** ვასო შონია**



შემკულს გამჭვირვალე ყვავილებით,
ხელში მიჭირავს ტკივილის კონა,
სულით მიჭირავს ფიქრები დაღლილები,
გულად მიფეთქავს დაღლილი გოგონა;

გადამექანცა გულში ფიქრჩარგული,
ჩემი ხილვა და ჩემი მხევალი,
ჩემში ჩაქცეული, ჩემში ჩაკარგული,
ჩემი მკვლელი და ჩემი მძევალი...
მოვალე ჩემი და მევალე...
დაუღალავად დავღალე დაღლილმა,
გულად ვაქციე, მაქცია გულად,
დეკემბრის  სუსხი  ვუთარგმნე აპრილად,
ვუთარგმნე თბილად, ვუთარგმნე გლუვად...

ჩემი საზომი და ასაზომი!..
ჩემი სასწორი და ჩემი წონა!..
ჩემი ცხოვრების ყველა ტომი!..
ჩემი ბატონი და ჩემი მონა!..
ჩემი ერთადერთი სასწაული...
დაღლილი ჩემი გოგონა...

Saturday, January 21, 2012

ჩამჩურჩულეს ალუბლებმა ♥♥ ნიკო მიქაია ♥♥



აპრილია ახლა ირგვლივ,
მოფენილან ალუბლები.
მხოლოდ ერთი მტკივაძლიერ,
არასოდეს დაბრუნდები.

როცა იმედს გადავწურავ
და ლოდინი დამთავრდება.
ზუსტად მაშინ იელვებ
დაშენი სახე განათდება.

გავიარე კვირტებთან და
ჩამჩურჩულეს ალუბლებმა:
კვალვ ხომ გიყვარს?
დაელოდე, ის სულ მალე დაბრუნდება.

გამოჩნდება დაკარგული,
ძველებურად აირევი.
გაიღვიძებ ღამის სამზე
და ლექსებად დაიღვრები.

ვიცით ახლა ყველა კვირტში,
მისი სახე გელანდება.
ძველებურად ცოცხლობს გულში,
ძველებურად გენატრება.

ის აქ არის, ჩვენთან ცოცხლობს
კვირტებშია დამალული.
დაბრუნდება უცილობლად,
რომ იფეთქებს გაზაფხული.

არ იდარდო, იცოდე რომ,
მალე შენთან დაბრუნდება.
ასე თბილად დამამშვიდეს,
გამახარეს ალუბლებმა.

მუზა ისევ დამიბრუნდა,
სიბნელეში გაფანტული.
როგორ მიყვარს კვირტები და
როგორ მიყვარს გაზაფხული.

ახლა ვზივარ ისევ გიწერ,
ვიცი, მალე დაბრუნდები.
ზუსტად ვიცი არ ტყუიან,
არ ტყიუან ალუბლები.

ოღონდ მომკალი შეყვარებული ♥♥ ნიკო მიქაია ♥♥



მომკალი თუნდაც ძლიერ ღარიბი,
დარდიანი და უსიხარულო.
ოღონდ ნუ მომკლავ მამაო ჩვენო,
ოღონდ ნუ მომკლავ უსიყვარულოდ.

მომკალი თუნდაც სნეული მისით,
მის ერთხელ ნახვას დალოდებული.
მომკალი თუ გსურს ლექსის წერაში,
ოღონდ მომკალი შეყვარებული.

მომკალი თუგინდ ცოდვილი, ავი.
დაიწვას თუ გსურს სული და გული.
ოღონდ ამ ქქვეყნად ვიყო ტრფობაში,
ოღონდაც ვიყო შეყვარებული.

მომკალი თუნდაც უხმოდ, უსიტყვოდ,
მომკალ სნეული გინდაც უძლური.
ოღონდ მომკალი გრძნობებით სავსე,
ოღონდ მომკალი შეყვარებული.

მომეცი ძალა შემეძლოს გრძნობა,
თუ გამაჩინე სასიყვარულოდ.
თუ გინდ მომკალი ამ წუთას, აქვე,
ოღონდ ნუ მომკლავ უსიყვარულოდ.

ვდგავარ მუხლომოყრით მე ახლა შენს წინ,
შენს შემწეობას შევედრებული.
მინდა რომ ვიყო პატარა წყარო,
ტრფობის ნიაღვარას შეერთებული.

თუ გსურს მომკალი ჭკვიანი, დიდი,
კაცი ბრძენი და დიდ შეგნებული.
მომკალი შეგთხოვ მე თუნდაც ლოთი,
ოღონდ მომკალი შეყვარებული.

მამაო ჩემო, სხვას არასა გთხოვ,
მინდა შეგთხოვო ერთო ძლიერება.
ნუ მომკლავ ისე, რომ არ გავიგო
მე შეყვარების ბედნიერება.




მე შენ მიყვარხარ ♥♥ ნიკო მიქაია ♥♥



მეათასეჯერ დაგწერე უკვე,
ათას მეერთდე გქმენ ნახატებად.
ახლა მუხლებზე სულ მარტოდ მარტო
ვდგავარ ეული ისევ ხატებთან.

ვდგავარ დაღლილი სიჩუმის მგზავრი,
მოსული შორით შენს სახლის კართან.
ვეძებ მასპინძელს, კარი გამიღოს,
მაგრამ სიცივე შენს დარაბასთან.

ჩამოუჯდები ვინმე მათხოვარს,
გულს გადაუშლი შენგან გახლეჩილს.
მერე დავისხამ ჭიქა კონიაკს,
დავლოცავ კვლავაც გრძნობას ჩაფერფლილს.

ვდგავარ, სიჩუმე მარტყია ირგვლივ,
ვფიქრობ ისევე ასჯერ ნაფიქრალს.
და მახსენდები წუთები როცა,
გრძნობამ სიცოცხლე გამინაპირა.

ბებერ ფურცლებზე მღვენთა ლექსებად,
ილუზიურად გქმნა ნახატებად.
ახლა დაღლილი ამ ყველაფრისგან,
ურცხვად მოვედი წმინდა ხატებთან.

მიყვარხარ ისევ, მახსოვხარ ისევ,
კვლავ ჩემში მეფობს შენი სახება.
ცოცხალ ანგელოზს ვამსგავსებ სახეს
და მეათასედ გაქცევ ხატებად.

ვდგავარ დაღლილი ცხოვრების მგზავრი,
თუმც აღარაფერს შენგან მოველი.
მოვედი კვლავაც შენს სახლის კართან
გზაარეული ერთი პოეტი.

ვდგავარ ეულად ჩვენს ქვაფენილზე,
შენით დაღონებულს სევდა მომერია.
მოდი, გამომხედე ფანჯრის დარაბიდან
და სულ შენი იყოს ჩემი პოეზია.

უბნის ლოთკაცი გამოჩნდა ვხედავ,
ვგრძნობ რომ დასალევს ისიც მოიტანს.
დაცლილი შენზე ემოციებით,
მძიმედ გადავკრავ ჭიქა კონიაკს.

გადავკრავ, ვიგრძნობ შენს სიყვარულს და
კელაპტარივით კვლავ ავენთები.
და ძველებურად კვლავ ათას ლექსად,
შენს ფანჯრის რაფას დავეღვენთები.

ამ ქვეყანაზე შენზე ძვირფასი,
მგონი მართლაც რომ არავინ არ მყავს.
გაგიმეორებ ათას მეერთედ,
ათასჯერ ნათქვამს: მე შენ მიყვარხარ.

Friday, January 20, 2012

გავსხალი ღამე, სულ მისხალ-მისხალ ♥ ♥ ♥ ხათუნა ჟორდანია ♥ ♥ ♥



გავსხალი ღამე, სულ მისხალ-მისხალ,
ჩამოვაწამლე ცას ვარსკვლავები,
მითხარი რამე... შიშხინებს გული,
შემომაცურე  მხრებზე  მკლავები...
ლეგა სიტყვები სულ ფუჭად ვკინძე,
... საწოლს  წაწლური  სწყურია ბოდვა,
ჰა, საბოლოოდ ვიხსნი საკინძეს,
გიფენ გაშლილ თმებს  და, ვიხდი...
_ ბოდიშს!

გამოგიზოგებ სიყვარულს ასე _ ლექსებითა და სიტყვის აბებით...♥ ♥ ♥ცირა ბარბაქაძე♥ ♥ ♥




ის, რაც სიტყვებში ვერ ჩაეტევა,
ქარის იყოს და ქარმა წაიღოს...
ვით შემოდგომის გულისშეტევა _
ფოთოლცვენები _
შარშან სხვა იყო...
დარჩეს ყოველდღე სხვა და იგივე
დღეები _ ჩემი ჩითის კაბები...
გამოგიზოგებ სიყვარულს ასე _
ლექსებითა და სიტყვის აბებით...
და რაც სიტყვებში ვერ ჩაეტევა,
ალბათ უჩემოდ ნახავს სადინარს,
მე მაპატიე,
ვერ მოვალ შენთან _
ასე უბრალოდ, ასე ადვილად...

Tuesday, January 17, 2012

” თ ა რ ი ღ ე ბ ი ” ♥ ♥ თამო ჯაფარიძე ♥ ♥



მიწა  არ  გვეყო,  არც  დედამიწა-
ცაში  ავედით...
ქარის  კარავში  შევრეკეთ   მგლები - რუხი  ღრუბლები...
და  ეს  იყო  ისე  ადვილი...
გაშალე  ზეცა,
რომ   ჩვენს   სიყვარულს  დაეჭირა   მეტი  ადგილი.
მზეთა  თაღებზე   დავათარიღეთ
დღე  და  წამები...
დ  იმ  წამებსაც  ერქვა  სახელი...
და  ჰქონდა  გემო  მზეთა  მტევნების.
ისე  მავსებდი,
თითქოს  არასდროს  დავმთავრდებოდი.
თოვდა - იწვოდი,
ქუხდა - მღეროდი,
წვიმდა - ფხიზლობდი,
რომ  წვიმის  ტივებს  არ  გავყოლოდი,
ვიდრე  შენ  თვითონ  გაედევნე  ქარის  ხომალდებს.
და  დამარქვი  პენელოპეს  უცხო  სახელი...
მერე  ხატავდნენ  გაზაფხულები
უშბას  და  შხელდას...
ვწურავდი  მიწას,
ენგურს  ვაშრობდი,
რომ  გამომეხსნა  ტყვეობიდან
ყველა  ბილიკი,
გზაჯვარედინი-
საჩემო გზისთვის
და ... შემხებოდი-
სიცოცხლისათვის!
და შენი ხმა,
ერთადერთი, როგორც  სამშობლო
ზვავის გუგუნად-
 ჩამრჩენოდა მთებში ჩაკეტილს. . .
გადაშრა  ზეცა,
გადაჯეგეს   მგლებმა  კარავი,
და  აღარავის  სჭირდება  ზეცა  თავისუფალი.
ვეხები  ნაცნობ,  წარმავალ  ჰაერს...
ღრუბლების  ყმუილს,
მართალს  და  ტყუილს,
სხვა  თარიღების  ვისრუტავ  თრიაქს...
მიაქვს  საათის  ისრების  წრიალს  ის  მელოდია.
აღარ  გგავს  ჩვენი  უშბა  და  შხელდა,
დაკარგა  ბგერა  დაბრუნების
მეხმა  და  ელდამ...
ახლა  ვღამდები,
ერღვევა  მურყვამს  ღამის  გამები
და  ქარის  იქით  ვწეწავ   თარიღებს.
წაიღებს  ესე  ზღაპარამბავს
დრო  ბასრი  ხელით.
თოვს...
მყარად  ვდგავარ  დედამიწაზე,
ფესვგამდგარი  და   გატოტვილი  ვარ...
თოვს...
თარიღები   ნაფოტებად   მცვივა  მხრებიდან...
თოვს...