Tuesday, February 28, 2012

♥♥♥♥ ხათუნა ჟორდანია ♥♥♥♥



აჰა, შეიხსნა მძიმე საკინძე,

და გაზაფხული ქარაგმებს ქარგავს,

კვიმატი მარტი უძლურ ენძელებს 

უკითხავს ზამთრის უდედნო თარგმანს.

მთებს ჯერათ შვენით თოვლის ყავარი,

ბრმა მზერა ხილულ საწიერს გასცდა...

და უერთდება ვრცეულ სამყაროს-

ჩემეულ გზნების ნამლევა განცდა.

მეც გავიჟღერე....როგორც მუსიკამ,

როგორც ნიავის შრიალმა ველად,

ვერც უფერულმა ყოფამ მას უკან

ვერ გამინელა ვნების ნოველა.

დავეშურები წყაროს სიცოცხლის,

ეგება სული მომითქვს წვეთმა,-

ეგება ნება მებოძოს ლოცვის

და ხელმეორედ ამომთქვას ღმერთმა.

Monday, February 27, 2012

გაზაფხულამდე...♥ ♥ ელგა ფოლადიშვილი ♥ ♥



წადი! ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქეთ...
ის ჯადოსნური ბალახი მოძებნე, გარდაცვლილს კი არა, ცოცხალს რომ უბრუნებს სიცოცხლის ძალასა და წადილს!..
შენც ხომ იცი, მოსვლიდან წასვლამდე დრო იზომება, მანძილი _ არა!
...და ის დროც, ხანდისხან ზლაზვნით რომ გადის, მხოლოდ წამია...
ყოფნა-არყოფნის _ არა, გარდასახვა, გარდაცვალებიდან დაბადების წამი!

წადი! შავ მდინარეს გვერდი აუცქიე, თეთრის _ პეშვით წყალიც არა სთხოვო...
წითელთან ჩამოჯექ და გამიხსენე _ ისეთი არა როგორიც ვარ, შენ რომ გსურდა ვყოფილიყავი ისეთი გამიხსენე...
წვრილ-წვრილად მოუყევი, როგორც წუხანდელი სიზმარი, იქ ხომ ალქაჯი ვიყავი და ქარაფებს გაღმიდან გავკიოდი!..
უთხარი, შესჩივლე და წყალს გაატანე... არ მინდა მუდამდღე შეშინებული მიმზერდე, მაშინაც, როცა ვერც კი მხედავ!

წადი! საითაც გულმა გაგიწიოს... ოთხივ მხრივ გზა ხსნილი გაქვს და მეხუთეს ამაოდ ნუღაც ეძებ...
მიზეზს ნუ ეძებ დასარჩენად, ეს გზა შენი გასავლელია, იქნებ სადმე საკუთარი თავიც გაპოვნინოს...
ჩემზედ ჯავრს გზად ნუ გაიყოლებ, დიდ გზას ადგახარ და ემანდ უდროო დროს არ დაგღალოს...
საგზლად გაიყოლე დედას პური, იქნებ მონატრებამ ვეღარ დაგაპუროს და, თუ სადმე ატირება მოგინდეს დევის ქალის კალთაში არა, დედებრის კართან ატირდი...
იქნებ გიწამლოს კიდეც და დამივიწყო!

წადი! ცულის ტარზე კი არა, ხომ ხედავ დედამიწაზეც ვეღარ ვეტევით!
ზღაპარში წადი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო...
იისფერი ბაფთა, დაჩითული კაბა და ასკინკილა აღარ გაიხსენო...
დაღმართიდან დაიწყე დათვალა, იქნებ სადმე ის ქვაც დაგეწიოს, სამუდამოდ რომ დამასამარებს შენში...
ნუ ინაღვლებ ბროწეულის აყვავებას, თუ ვეღარ გახარებ... ის უჩემოდაც იყვავილებს...
ოღონდაც წადი!
...და, თუ გზას უკან გამოიგნებ, ჭირი იქათქო _ თქვი და თავიდან აღარ შემიყვარო!
ერთ სიცოცხლე მეტისმეტად ცოტაა სამისოდ...

წადი...

Sunday, February 26, 2012

მე ვარ! ♥♥ნინი ჩეხელი♥♥


ვდგავარ ფიქრთან...სინამდვილე მტკივა...
ასე გზების არ მინახავს წელვა.
ვერაფერი გავარკვიე ვინ ვარ,-
წნევიანი თუ მაღალი წნევა...
მშვიდი ცა თუ საშინელი ჭექა...
მატყუარა თუ ტყუილი თვითონ...
ეს წუთი თუ გამუდმებით-წეღან...
ზეცა მითხოვს თუ მე თვითონ ვითხოვ...
მემართება ჩაფიქრებულს დარდი,
მე ამ გზების გამაგიჟებს წელვა...
ჩემს არსებას სუყველაფერს ვადრი
და ის აღარც მახსოვს,რომ ეს - მე ვარ!

მიტევების დღე ***დავით შემოქმედელი



                                                  /მეუფე თადეოზ იორამაშვილს/
რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე წუთისოფელთან ჩემი წანწალი, 
გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს,
ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი.
რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში
სულ ამიწეწა ფიქრის სამანი,
ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში,
ვერ ვამზეურე იასამანი.
მამავ, იქნება, ეს გზაც ნისლია,
და მირაჟ – მირაჟ დავალ ცეცებით,
სანთლების შუქზე ლურჯი ბიბლია,
თითქოს ცის შემთბარ სამოსს ვეხები.
სხივი ცას მკრთალი სხივით ლამბავდა.
სწუხდნენ ქარები, ნელი თუ მალი,
და თავქვე მედო უფლის ლაბადა,
მიწა მზის თბილი თავსასთუმალი.
დავდივარ ასე სულის ხსნისათვის,
სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში,
და ერთი ციდა სტრიქონისათვის,
რამდენი ღამე ჩამადნა ხელში.
ხანდახან თითქოს სივრცე-მანძილი,
წამში ჩემ თვალწინ უხმოდ დამთავრდა,
რას მეტყვი, მამავ?! როცა დაღლილი,
სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან...
გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე,
ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ,
ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე,
მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?...
ახლა ცრემლ-ყინულ ბილიკზე დავალ,
ვით სხივი ბინდში ნაფერკმთალები,
და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ,
იესოს თბილი ნატერფალები...

Saturday, February 25, 2012

* * * იმედი ჯახუა

ცრემლიან თვალებს ვით მილულავს ღამისმთევარი
სევდა, როს ღამეც შეძრულია უხმო გოდებით
გულის - ოდითგან დღემდე ობლის ბედის მძევალის,
ახლა გულმკერდს რომ ეხეთქება თავგამოდებით!..

ვინ, თუ არა შენ, უწყის უკეთ ყველა დედაზე,
ტკივილი ცრემლში თუ რა ძნელად დასამალია?! 
შენ მოუფონე, შენ უკურთხე ცრემლი - ზედაშე!.. -
გულმწუხარსა და მგლოვარს ყოველს, დედა მარიამ!..

შეათბო მარტმა გარეშემო ღიმით ნუშების,
აპრილი უფრო გაამშვენებს ირგვლივ სანახებს...
კვირტი ყოველი - გაშლილი თუ ჯერ გაუშლელი -
რა სიყვარულით შესციცინებს გრძნობას განახელს!..

მაგრამ სატკივართ, გულში ნაჭრევთ მოუშუშებელს,
რით უსალბუნებს, რით უწამლებს, რითი უშველის?!.

Thursday, February 23, 2012

ვერასოდეს ♥♥ნინი ჩეხელი♥♥


ვერასოდეს გავუსწარი ფიქრებს.
დამნაშავე რამეში ვარ,რომ თქვას!
უსასრულოს,დრო ბილიკებს ირგებს.
მეშინია,რომ უხეშად მომრთავს...


ვერასოდეს ვამჯობინე წასვლა,
მაგრამ ყოფნაც ვერ მხიბლავდა დიდად...
დრომ საშიში სუსხი წამომასხა
და ფიქრებში დაბინდულ დარდს ვწმინდავ.


ვერასოდეს დავეწიე ტკივილს...
თვითონ გზების გამომწოვა სიგრძე.
გამაძღარი სიმარტოვე მივლის...
ფერებს გავცემ და ვერასდროს ვიძენ...

Monday, February 20, 2012

*** სანათა

მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,
მეუბნები – მოთოვს...
პანტის ხეზე, ფითრებში, ჩხართვი გადამთიელი
ხტის და დაქოთქოთობს...
სტვენით აკონწიალებს ყინვით გადაკენჭებულ
მარგალიტებს ფითრის,
მითვლის შავშუაღამეთ, ვეღარ გადათეთრებულთ,
სადაგ დღეებს მითვლის.
ლუკმა უგემურდება, ცრემლი გადამლაშდება,
მიწყალდება სისხლი,
დარდი ოხერ-ტიალი, როგორც ჩხართვი თავნება,
ჩემ მტირალ გულს ძიძგნის...
ხმაშიც შემოგვპარვია ნაადრევი ზამთარი,
ოცნებებზე ჭირხლს ჰყრის.
ცრემლი როგორ გისაგზლო – ჩემს თვალებში ჩამლღვალი
მარგალიტი ფითრის?!
ჟამი იჟამრიელებს, უწყალოთ და დალხენილთ
ლუწ და კენტზე გაგვთვლის,
ფითრზე ერთადერთი და, ალბათ, უკანასკნელი
ღმერთს შესჩივის ჩხართვიც...
მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,
მეუბნები – მოთოვს...
ჰოდა, ასეთ თოვაში დღემდეც ჩემით მშიერი,
როგორ შეგაშფოთო?!


Thursday, February 16, 2012

შთაგონება ♥ ♥ იმედი ჯახუა ♥ ♥

რაღაც ჩემს თავს არა ვგავარ
ამ ბოლო დროს ( თავად ვხვდები ) ...
რაღაც უცნაურად დავალ ...
რაღაც უცნაურად ვთვრები ...

საკალმასოდ სულ სხვა ცა მაქვს,
დილას სულ სხვა ზარით ვხვდები ...
სულით სულ სხვა სუნთქვა დამაქვს
სხვა ზვრების და სხვა მინდვრების ...
სხვა მთებისას ვსინჯავ ჰავას ...
სხვა ვარსკვლავებს ვაკვირდები ...

და სხვა დარებს ველი ლამაზს,
ჩემი ბედის ამინდების ...
ასე ვიყო , როგორცა ვარ -
ასე აგიყვავილდები !.. 

ამ სოფლიდან ან სად წავალ,
სანამ სულ არ ავინთები !..
- სხვანაირად მომესალმა 
ჟამი უცხო გარინდების ...

სხვანაირი ალი მბუგავს,
სხვანაირი ცეცხლით ვთბები ...
სხვანაირი სიცხით მბორგავს
სხვანაირი მესხმის ფრთები ...

სხვანაირი ცრემლი მნამავს ...
სხვანაირი მესმის ხმები ...
სხვანაირი ზეცის თავანს
სხვანაირი ვეხიზნები ...
სხვანაირი შხამი მშხამავს ...
სხვანაირი მესიზმრები ... 

სხვანაირი სენი მომსრავს ...
სხვანაირად გიწყნარდები ...
სხვანაირი ხელი მმოძღვრავს -
სხვანაირად ვიწვართები ...

გულო - მაინც მალავ მთავარს ... 
- სხვანაირი კრთომით კრთები ... 
სხვანაირი გეზით მავალს
- სხვანაირი სიზმრის გზებით -
სხვანაირი ფიქრის კარავს
სხვანაირი მიშლის წლები ...

თუმც რამ უნდა გამაოცოს 
კიდევ , სანამ დავმიწდები,
ჩემწილ მობრიალე კოცონს
როცა ხელით ლამის ვწვდები ?!.
რაღაც უცნაურად ვცოცხლობ ...
რაღაც უცნაურად ვკვდები ...

Sunday, February 12, 2012

გრძნობა-მორეულს **ნიკო მიქაია**


სევდა-ჩაღვრილს და ფიქრებ-მორეულს,
სარკეში ვხედავ მე ჩემს ორეულს.
კვლავ ჩამოწვება ღრუბელი ცაზე
და გავიხსენებ გრძნობას შორელს.

ჩავღვრი თვალებში დარდებს ძველებურს,
დავემგვანები ფერმკრთალ მთვარეულს.
დავისხამ ჭიქა ღვინოს და დავლევ,
თვალებს გავაბნევ გრძნობა-მორეულს.

მერე ავიღედბ ხელში კალამს და
ჩუმად გავყვები გრძნობათ ოცეულს.
ჩამოუჯდები ქუჩის მათხოვრს,
ჩემსავით ფიქრებ-აზრებ-მოწეულს.

ჩავცით ორივე სამ-სამ ჭიქას და
გავეტირებით აზრებს ბოთლეულს.
და გაურითმავ მეათასაჯერ
სევდას ჩვეულად ჩუმად მოთრეულს.

სიბერის ჟამიც მოახლოვდება,
კარებს გავუღებ თეთრებს მოწვეულს.
და გაგიხსენებ ალბათ მაშინაც,
ჩემს სილამაზეს, ასე შორეულს.

გამოუქანებ მუშტს და ძლიერად
სახეს დაუმსხვრევ მე ჩემს ორეულს.
ხვალე კი სხვები წაიკითხავენ,
როგორ ვრითმავდი გრძნობა-მორეულს.

Friday, February 10, 2012

*** ლაშა გვასალია


მზეს დავეძებდი, კალმახივით სხლტებოდა გული
საგულედან და უსასრულო გზებით მოსული,
შენს გეზს მივენდე, მაყვლისფერი ნოხების სივრცე
ქარს გაეტაცა მარტოსულად ქცეულ არედან...
ჩირაღდნად ენთო მოლოდინის თეთრი იმედი,
ღამესაც ფხიზლად დაეხუჭა ორბის თვალები,
გეძებდი ყველგან, ცას ვპარავდი ულურჯეს განცდებს
ვმღეროდი გულში ნაღვლიანთა უძველეს ჰანგებს...
არ ჩანდა,  როგორ გაუძლებდა სიმშვიდე სიზმრებს
შენი სხეულის უცახცახეს ფოთოლთ ცვენაში,
მზეს ვეძებდი და შენ გიხილე , სულო ყვავილთა,
სიკვდილზე მაღლა შემომდგარო ქიმზე ლოდინის!
დუმდა უცნაურ დუმილივით განცდები სულთა,
სულიც ხომ ტოტის კეწეწია  ბაღიდან უფლის,
ვერ ჩავატიე საფიქრალი დაღლილ გონში და
გამოარაფრდა სიყვარული, გა– მო– არ– აფ– რდა!...

Wednesday, February 8, 2012

ზეცა აფიშაა **ლევან ქერდიყოშვილი**


ზეცა აფიშაა (უნდა ჩამოვხიო)
და ზედ აწერია ყველა მოქმედება,
ღმერთი – რეჟისორი – მიმზერს სამოთხიდან,
ეშმა – სუფლიორი – (დიდი მოყბედეა)
რასაც მიკარნახებს ყალბი პათეტიკით,
მასას (მაყურებელს) სულში ვუტრიალებ;
რაც მაქვს ფასეული ვფანტავ აქეთ–იქით,
რჩება სიყალბე და მხოლოდ ფუტლიარი
შიგთავსის გარეშე და სულ სხვა პიესის,
სულ სხვა რეჟისორის, სხვა თამაშს ვთამაშობ
ვატყობ და მღრღნის რაღაც, რომ ვერსად ვთქვი ესეც
და ვხვდები, მართალი არა ვარ ამაში.

ახლა კი ნიღბების ჩამოხსნის ჯერია,
კმარა რაც სიყალბე გულში ჩავიხვიე,
ფეხებზე მკიდია თუ რამე წერია,
ზეცა აფიშაა – უნდა ჩამოვხიო!


04.02.2012.
ბობნევი. ღამე.

Monday, February 6, 2012

♥♥♥ ვისლავა შიმბორსკა ♥♥♥



რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ვისლავა შიმბორსკა... 88 წლის იყო...

უტოპია

აი, კუნძული, სადაც ყველაფერი დღესავით ნათელია.
აქ შეიძლება, თამამად დადგე მტკიცებათა მყარ ნიადაგზე.
არ არის სხვა გზა სწორი გზის გარდა.
გასხივოსნების რტომრავალ ხეს აქ უდგას ფესვი.
წყაროსთავზე კი, რომელსაც “აი, თურმე რა ყოფილა!” ჰქვია სახელად,
შეცნობის ხე მიიწევს ცისკენ.
და რაც უფრო ღრმად შეხვალ ტყეში,
მით უფრო ნათლად დაინახავ სიაშკარავის გულღია ზეგანს.
და რა წუთს ეჭვი შეეცდება ყელყელაობას, იმ წუთასვე გაფანტავს ქარი.
ექო მოითხოვს თავის წილ სიტყვას და დაუნჯებით განგიმარტავს ამ სამყაროს იდუმალებას.
შენგან ხელმარჯვნივ, გამოქვაბულში, განისვენებს აზრი დიადი.
მარცხნივ საბუთთა ტბა ლივლივებს, რომლის ფსკერიდან ჭეშმარიტება ამოყვინთავს ბლანტ ზედაპირზე.
ურყევი რწმენის პიკი მოჩანს ყველაზე მაღლა,
საიდანაც საგნების არსის ხედი იშლება.
ამ სიამეთა მიუხედავად, უკაცრიელი არის კუნძული.
ქვიშაზე მიმოფანტულ ნაფეხურებს ზღვისკენ მივყავართ.
ალბათ, აქედან ყველა წავიდა
და სამუდამოდ ჩაიძირა წყლის ლურჯ წიაღში
 შეუერთდა უცნაურსა და უთქმელ ცხოვრებას.

***

როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია

ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.

აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
ხედების ნაცვლად მისამართები,
მოგონებათა სანაცვლოდ კი მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი.

მთელი სიყვარულიდან მხოლოდ კანონიერი ქორწინება უნდა დატოვო,
ბავშვებისგან კი, მარტო ისინი ვინც დაბადება მოახერხა.

უმთავრესი მარტო ის არის, ვინც შენ გიცნობს და არა ის, შენ იცნობ ვისაც.
მოგზაურობა მხოლოდ საზღვარგარეთ.
თუ იყავი რაღაცის წევრი, აინტერესებთ, სახელდობრ რისი
და არა ის რატომ იყავი.
ჯილდოც ასეა მთავარია, რომ დაგაჯილდოეს და არა რისთვის.

ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.

სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.

უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს ფასეულობა,
მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს შინაარსი.
შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
ის, რამაც შენგან გამოაღწია.

უნდა დაურთო ფოტოსურათი, ზედ რომ ნათლად ჩანდეს ყურები
ყურების ფორმას უფრო დიდი აზრი ეძლევა,
ვიდრე იმას, რაც მათ მოესმით.

და მაინც, რა მოესმით ასეთი ყურებს?
ფურცლისმცოხნელი მანქანის გრგვინვა.



გია ჯოხაძის თარგმანი

Sunday, February 5, 2012

♥ ♥ ♥ ვაჟა ხორნაული

***
ექომ ღრუბლის სარკმელი გამოაღო
და სინათლის
მკლავებში დადუმდა...

***
ბაღის ფერადი აივნიდან
გაცურდნენ მზისკენ
ნისლის დელფინები.

***
ღამემ სიბნელე შემოგწირა
და დღემ_სინათლე
შენ ორივეს სიცოცხლე უძღვენი.

***
მონატრების
მკლავზე ჩაძინებულს
შენი ხმა მესიზმრება.

***
ღიმილი გულისა და
გონების ნათებაა
ფიქრის მელოდიაა ღიმილი.

Saturday, February 4, 2012

*** სოსო ნადირაძე



მე და შენ
ბედს არ
ვუჩივით,
ვაგრძელებთ
ერთად
ხეტიალს
და გვიკვირს
ვიწრო
ქუჩებში
მზეც
როგორ
შემოეტია...




წარსულის თოვა **ლევან ქერდიყოშვილი**


ისევ ისე თოვს სოფლის სერებზე,
საყდრის კედელთან ბებერ ძვლებს სძინავთ,
თოვს, როგორც პაპის სპეტაკ წვერებზე
მოთოვა უკვე დიდი ხნის წინათ...

ჭინკებმაც წამით თვალი მილულეს,
გზას შეეყინა ლანდების როკვა.
პაპამ ბუხართან ძველი, გმირული,
ზამთარზე გრძელი ამბები მოყვა
მგლისმუხლა ბიჭზე, ირმების რძეზე,
თოფზე – მთვარეს რომ უწევდა თითქოს,
ქალზე, მტრის მიერ ჩამომხრჩვალ მღვდელზე,
მტერზე – ათი რომ ხვდებოდა თითოს,
ობლების კვერზე, ზარების ხმაზე,
ძმებზე – ბეღელს რომ უვსებდნენ ერთურთს,
წიქარას ქედზე, თესვაზე, ხვნაზე,
დევებზე – ღვინოს რომ სვამდნენ ერთ ფუთს...

გიზგიზებს რცხილა და ახლა უკვე
ზედმეტად ვერცერთ სიტყვას ვერ ვბედავ,
შვილიშვილებთან რაც უნდა მოვყვე
პაპას დაკოჟრილ ხელებზე ვხედავ.

ქარი კი ფიფქებს სახლებს წინ აყრის,
ფინიებს მგლების ყმუილი აკრთობთ,
უჯვრო საყდართან უცნობ წინაპრის
დამზრალ ძვლებს სევდის ფანტელი ათოვთ...