Tuesday, December 27, 2011

ჩვენც დავბერდებით.....***ნიკო მიქაია***



დრო ისე სწრაფად გაივლის სადღაც, 
გადავვერცხლდებით, ვხდებით ჭაღარა. 
ცხოვრება თავის წილს რომ წაიღებს,
ჩვენც დავბერდებით მაშინ, აბა რა.

გაივლის წუთი, გაივლის წამი,
დავნაოჭდებით დაჭკნება სახე.
გახსოვს? როგორი ამაყი იყო,
რა მოხუცია ის ახლა ნახე!

მერე შვილები გაგვიხსენებენ,
კარგი მშობლები ვიქნებით როცა.
თუკი სიბერე იქნება ტკბილი,
დაბერებამდეც ხომ გვიღირს მოცდა.

მერე ბაბუაც გავხდები ალბათ,
პატარა ნიკოს დავიჭერ ხელში.
გავასეირნებ სადმე ქუჩებში
და ვიამაყებ ჩემს განვლილ წლებში.

ჩვენც დავბერდებით, გადავთეთრდებით,
ვით დედამიწა იანვრის ბოლოს.
დამიზამთრდება ალბათ მეც თავზე,
როცა ცხოვრება თავის წილს მომთხოვს.

და ალბათ მერეც მე დავწერ ლექსებს,
ჭაღარა ბაბუ ვიქნები როცა.
როცა ქუჩაში გადაგეყრები,
შვილიშველბთან შეგხვდები როცა.

რა შორია არის სიბერე ახლა,
როცა ვბობოქრობ გათენებამდე.
მაგრამ როგორი ახლოა მგონი, 
ჩვენი ცხოვრება დაბერებამდე.

და ვინც იქნები შენ, ჩემო ცოლო!
ხომ ხედავ უკვე ლექსად წამომცდი.
პირობას გაძლევ რომ სიკვდილამდე,
მე მეყვარება შენი ნაოჭიც.

სულ ყველა მუზას და ყველას სტრიქონს,
გახსოვდეს მუდამ შენ გავედრებდი.
გაივლის დრო და გადავთეთრდებით
და სიყვარულში შევაბერდებით.

დრო ისე სწრაფად გაივლის სადღაც, 
გადავვერცხლდებით, ვხდებით ჭაღარა. 
ცხოვრება თავის წილს რომ წაიღებს,
ჩვენც დავბერდებით მაშინ, აბა რა.

Monday, December 26, 2011

*** კატო ჩულაშვილი



ხელიდან წასული
ფეხს ვითრევ შენამდე,
სუდარა მოვირგე
მინდვრის ყვავილების..
მე გარდავიცვალე,
შენს არსებობაში
და ვტოვებ ნაკვალევს
მსუბუქს და არეულს...

რიჟრაჟი მაცალე, 
მზის სხივი წაგიშლის
ჭორფლიან სამხილებს
ცოდვიან მთვარეულს...

იქ უჩვეულოა მზერა უმაძღართა,
იქ ისმის ჩურჩული უცხო ნაბიჯების... 
მე გარდავიცვალე
შენს არსებობაში,
ზღაპრული ამბორიც
ვერაფერს გვიშველის...

Tuesday, December 20, 2011

*** კატო ჩულაშვილი





სურვილს შეგიფუთავ
კუბოკრულ ,,ფოლგაში,,
ვერცხლისფერ თასმად
გავნასკვავ თავხედობას,
სუნამონაპკურევს
ჩავაგდებ ფოსტაში,
ზღაპრების მოსაყოლად
კლავიში არ გეყოფა.
იპოვი - მიპოვი...
წახვალ და დავრჩები...
შენს გზაზე გუბეა,
ჩემს გზაზე -ყანჩები,
კისერს იგრძელებენ,
საყურეს ირგებენ,
აქ მთვარის შუქია,
აქ ვერ გადარჩები...
სურვილი
თავხედი
როგორ გვანამცეცებს,
ვნებამისჯილების
მარხულ ულუფებად...
შენ დამნაშავე ხარ!
მე - შენი სასჯელი!
არადა, შორიდან
ვჩანდი ფუფუნებად...








19.12.2011
 

Thursday, December 15, 2011

ფხა-ფიქრი ***ლევან ქერდიყოშვილი.***


თეთრი ღამეების ხათრით,
შავ-თეთრ განთიადებს ვხატავ.
მაღრჩობს უთქმელობის თევზის
ყელში გაჩხერილი ფხა და
უნდა გადავახტე ყოველ
ხელში შეჩეჩებულ დღესაც,
უნდა გავიყოლო თრევით
მთვარის ღამეული კვნესა.

დღეს კი მზერის მიღმა ბაღი
ვალად მოთმინებას მადებს -
ვხედავ ხეტიალით დაღლილ
ძველი პოეტების ლანდებს.

ჰოდა თევზის სათქმელს ალბათ
ამბობს გაჩხერილი ფხა და
სიტყვა შემაჩეჩეს ყალბი -
ვდგავარ, უთქმელობებს ვხატავ!



ლევან ქერდიყოშვილი.
13.12.2011 წელი.
თბიულისი, ღამე...