Friday, May 27, 2011

სურვილი ჰარამხანადან **ლიკა ყიფშიძე**

...მე ველი,ველი....
სიყვარულს?–არა!
სურვილს შენსას
და ვირინდები,
იქნებ გავიგო ნაბიჯის ხმა,
აქ,ჩემს კარებთან!
...არა,არ ისმის!
დღეს სხვა არის შენი გამრთობი,
და ვნება ჩემი ჩემს სხეულში
შემართული ნაღმია, ახლა!
დეტონატორი?–მოგონება,
უკვე ძაფს ქაჩავს!
მე მახსენდება ჩვენი ღამე,
ღამე–პირველი!
მახსოვს ბეჭედი,თითებს არა,
სულს რომ მიწვავდა...
და ქალწულობა თეთრ ზეწარზე,
ხო,ფურცლებს გავდა,
ვარდებისას,ნაზად დაცვენილს!
სურვილებს შენსას,
სიყვარულის ედო ელფერი
და მე დამფრთხალი,
ნებას, შენსას, წყნარად მივენდე!...
მას მერე ჩემთან
რამდენჯერმე კიდევ იყავი,
მოფერებისას შენ იყავი,ისეთი,ჩემი,
თითქოს არ იყო,აქ ახლოში,
კარი იმდენი,
შენს შეღებას რომ ელოდა!
ხო,რამდენჯერმე...
ყოფნას შენსას გადაუსწრო წლებმა ჩემმა,
აქ ცხოვრების!
ახლა,კი,ახლა...
კვლავ მარტო ვარ,
ასე ლამაზი და მოვლილი,
მე ხომ მუდამ გელოდები?
მოხვალ?არ მოხვალ?
დავაცვითე ყვავილთ ფურცლები...
სარკეები,
სარკეები
ირეკლავენ ვნებებს ჩემსას!
მოვიხსენი დიადემა,
საბურველიც მოვიშორე...
და თმებს–ჩანჩქერს,
მკერდის უნდათ კვლავ მორევი!
არ მოგელი!არ მოგელი!...
ვკოცნი ტუჩებს მე სარკეში,
ტუჩებს ჩემსას...
გავიგრილე?–არა,ვერა!
გამჭირვალე აზღუდს ვიხევ,კი არ ვიხდი,
იციმციმეთ, სარკეებო, შეხედვისას!
და ვეხები...
მკვრივია და თანაც,ნაზი
მკერდი ჩემი!
სულ ვშიშვლდები....
და თითები,
კი არ ნაღმავს,სასხლეტს ქაჩავს!
ვიფანტები,
ნაწილებად ვიფანტები და მაცვივა,
დამსხვრეული სარკეების
ნაკუწ–ნაკუწ ანარეკლი!

Thursday, May 26, 2011

ბედნიერი ერი < ილია ჭავჭავაძე > 26.05.2011

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.






ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

Thursday, May 19, 2011

აბო ვარ, არაბი... **ლევან ქერდიყოშვილი**


აბო ვარ, არაბი...
იარებს არ ვჩივი,
დე სისხლმაც კისრიდან მტკვარივით იაროს!
აბო დღეს ქრისტესთან მივა და ნამდვილი,
მის სულში ნამდვილი სიცოცხლე ხმიანობს.

აბო ვარ, არაბი...
არაფრის დიდებით
არ ძალმიძს ”ქრისტეს” თქმას შიშით ვერ ვბედავდე.
ბედია სისხლ-ხორცით რომ იყო არაბი
და  ქართველს მაგალითს აძლევდე ბედადვე
რწმენის და სიმტკიცის!
აბო ვარ, არაბი...
ცეცხლი და მახვილი აბოდებთ ხალიფებს...
დამარხვას ვინ ჩივის, დამწვავენ ნაწამებს
და ჩემს ძვლებს ქართველი სანთლებად დაინთებს!

აბო ვარ, არაბი...
იქნება ვინმესთვის
სხვა ქვეყნის, სხვა ერის, სხვა მიწის შვილი ვარ...
(ამბობენ რომ ყველა შვილია ქრისტესთვის)
საქმით კი ზეცაში ქრისტესთან ვინ მივა?

აბო ვარ, არაბი...
დამბყრობად მოსული
იქ სადაც ჯერ კიდევ მზის სხივი კიაფობს
და ნუღარ ”ირყევით ვითარცა ლერწამნი!”
ამაღამ აბო თავს ქრისტე ღმერთს მიანდობს!

......................

აბოდებთ ამირებს ცეცხლი და მახვილი -
ნაგვემი, ნატანჯი, ნეტარი აბო ვარ.
ვიპოვნე სიცოცხლე, სამშობლო ნამდვილი
და მტკვრიდან მთელს ქართლში სინათლედ ამოვალ!


18 აპრილი
თბილისი

Saturday, May 14, 2011

ცირა ბარბაქაძე _ გუშინ


რაც ხვალ მოხდება _
ეს იყო გუშინ...
აწმყო კი მხოლოდ
დროის ხიდია,
რომელსაც დააქვს
სულიდან სულში
სიცოცხლისა და ტანჯვის იდეა.


ვარ მომავალი,
რომელიც იყო,
გუშინდელ დღეში
რომელიც დარჩა...
მიდის ცხოვრება _
ერთი ხილულად,
ხოლო მეორე _
რომელიც არ ჩანს:

დაფარულია დროის დინებით,
სულ სხვა სივრცეში
ბორგავს და წვალობს,
და ელოდება, როდის იტყვიან _
არსად წახვიდე,
`შეჩერდი, წამო!~


რადგან რაც იყო,
კვლავ ჩვენთან მოვა...
რაც ხვალ იქნება,
არ არის შორი...
იქნებ თქვენ მითხრათ,
რომელი დროა _
გუშინდელსა და
ხვალინდელს შორის?

ცირა ბარბაქაძე _ შენი სიყვარულის ზღვა ზედაპირზე არ იზომება...


* * *
შენი სიყვარულის ზღვა

ზედაპირზე არ იზომება...

მხოლოდ მსუბუქი საგნები ტივტივებენ ტალღებზე.


მე კი იქ ჩავყვინთე,

საიდანაც შენც ვეღარ გხედავ,

მაგრამ ვიცი _

მაინც შენში ვარ...

იქ, სადაც სხეულები ირღვევიან

და ზღვები გადმოდიან ნაპირებიდან...


ჩვენ, სამყაროსგან გადამალულები,

ფერად კენჭებს დავეძებთ ფსკერზე

და მერე ვაწყობთ სიყვარულის ფერად მოზაიკას

სამყაროში, რომელიც

არსად არ არსებობს...

ცირა ბარბაქაძე _ დავითვლი ნაბიჯს.... რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...


* * *
ამ თეთრ ფურცელზე მოვაგროვებ

ნაბიჯებს _ ფიფქებს...

გამორჩეულებს გადავაცვამ

ნისლის ვუალებს...

დავითვლი ყველას, ჩემგან გასულს

აქეთ და იქეთ...

და უმეტესად, საკუთარ თავს

გარს რომ ვუარე _

დავითვლი ნაბიჯს....

რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...

რომ მოვიდნენ და უნებურად, ვერ მო(ვ)უარე...


25 ნოემბერი, 2010 წელი.

ცირა ბარბაქაძე _ მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _ აუხსნელი და გაუგებარი...


ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს
შენამდე... დარჩნენ გაუბედავი...
მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _
აუხსნელი და გაუგებარი...
მე ხომ არ ვიცი, რომელი სიტყვა
მოაქვს შენამდე ქარსა და ნიავს,
სათქმელი უკვე ფიფქებით ითქვა
და ახლა ღრუბლებს ცისაკენ მიაქვს...

მე ხომ არ ვიცი, შენთვის ვინა ვარ,
გიწერ ბარათებს, აღარ გიგზავნი,
ჩემთვის, ლექსებში დაგაბინავე,
ჩემი ცხოვრების არსიც, მიზანიც...
შენ ხარ და მეტი რა უნდა გითხრა,
მე შენი სუნთქვის ვრჩები ხიზანი.
უკვე ბალახი მოედო სიტყვას,
ისე ნაზი და გაუბედავი...
რა ვქნა...
მიყვარხარ სწორედ ასეთი _
აუხსნელი და გაუგებარი!

Friday, May 13, 2011

საშველად ოაზისს დავეძებ ... ***კატო ჯავახიშვილი***


საშველად ოაზისს დავეძებ თვალებით,
შიშველი ვიმუხლებ ქვიშების მინდორთან,
რატომ არ ჩააცვით სამყაროს შავები,
როცა მზის გარეშე ცხოვრება მინდოდა.
ხნულები ვერ გამყავს,
აქ სულ ქვიშებია,
განთიადს სახე აქვს ნაფრესკალ ქალწულის,
ჩემი სტრიქონებიც აქვე შიშვლდებიან
წყურვილის შიმშილის მზის ხელში დაწურვით.
შვიდგზის გიპოვე და შვიდგზის კვლავ დაგკარგე,
მშრალი სინანული მითხარ სად დავტოვო,
ახლა შუბისტარზე საწუთრო ავაგე
ოქროს ნაყოფივით მზეს რომ დავატოლო.
გახსოვს?!
ის ლექსები ჩემი დანაღმული,
ღამით რომ ვერაფრით ვიწვენდი მკლავებზე,
როგორ მენატრება მიწა დანამული,
ახლა გაგრილებას ტუჩებით დავეძებ.
გაჩერდა კადრი!
ეს მართლა გესლია,
სფინქსივით ცივი და სფინქსივით მდუმარე,
თუ მხოლოდ ზურმუხტის ნაპერწკლებს მესვრიან,
დროს სტალაქტიდებით რომ გადაუარეს.
ვიცი გადარჩენა აქ ძალზე ძნელია,
შვიდგზის მიყვარდი და შვიდგზის გიღალატე,
მხოლოდ უდაბნოა და არსად მელიან
და მხოლოდ თვალები გულს, რომ მიმალავდნენ.
ნერწყვით მისველდება შიშველი მუცელი,
სხეულში საამო სიგრილის ტენია,
შვიდგზის გაფატრული გრძნობების მოცელვით,
მტანჯავს აგონია, როგორც ისტერია.
მტკივა!
და ცრემლები იშლება ნისლებად,
ტკივილი სხეულზე შამანად დავისვი,
რვეული მელნისგან ნელ-ნელა იცლება
და ცხელ უდაბნოში მკლავს მე ოაზისი.
შვიდგზის ფხიზელი და შვიდგზის ნამთვრალევი
გრძნობა, მონარჩენი ფქვილივით გავცერი,
მომაქვს,
ამოთხრილი ზურმუხტის თვალები
ქვიშის საათივით დროისგან გაქცევით.

Tuesday, May 10, 2011

მუზას! **ლევან ქერდიყოშვილი**


რას მოეხეტე! მიხირდები მთვრალი კაცივით,
ხან ჩამბუტბუტებ მკითხავივით ბრმა ფრაზებს ყურში,
ხან დამხარხარებ, მეძგერები ხანაც მხეცივით,
ხან მაიძულებ, რომ ვიპოვო სიმართლე ცრუში.

მუზა არადა... მეზარება ახლა კამათი,
წადი, დამტოვე უფიქრებელ ფიქრებთან მარტო.
როგორ გათრიე, გაგეყარე, გადამიყვარდი
და მაინც ხშირად თავხედურად ბრუნდები რატომ?!

ვინ დაგიძახა? ქვეცნობიერ ციხეში ჩაგსვი
და შენ კი მაინც ძილ-ღვიძილის გალავნებს ამტვრევ.
მაღიზიანებ... ნიჭი არა... სასაცილოა!
ხშირად ბოლო დროს უადგილო ბოდვებსაც გამჩნევ!

ფუუ.. რა რითმები.. გადაყარე ფორმების ხევში!
თუ გინდა ხარშე სასიზმრეთში ნაპოვნი მძორი...
თავს ნუ მატკიებ, გამიყუჩდი, მაცალე ტკბობა -
მსუბუქ სიცოცხლით - სხვათაშორის არა მაქვს ორი...

რას იწყევლები, რას შემიჩნდი, რას მემართლები?!
სად დაიბადე, ვინ გაგზარდა ასეთი ურჩი?!..
უკვე რამდენჯერ დაგითმე და ვერ მოგიშორე,
რას მაცოდვილებ, ჩემს წვალებას რით ვეღარ მორჩი...

...........................

ჰო  კაი, მიდი, გაიხდე კოჭამდე კაბა
უთქმელობების, უკნასკნელს გაჩუქებ ღამეს...
ამახრიალე საწყალობლად და მერე წადი
და ნურასოდეს გამახსენებ ამ გარყვნილ წამებს,
რომ გავთავხედდი, წამაქეზე ვნებებით მთვრალი,
დამაწყებინე კაბადონზე ლექსებად ფეთქვა,
დამაფქვევინე და მაბოდე ამბები ჩემი -
რაც უნდა მეთქვა და... რატომღაც არც უნდა მეთქვა!...

...............................

რას მოეხეტე! ხარხარებენ უფხო სიტყვებზე
და გულზე მფხაჭნის სიბრაზის და ეჭვების ნემსი...
რა ძალა მადგა, უკვე ვნანობ რომ დაგიჯერე,
ვინ რას გაიგებს ეს სამყარო ვის როგორ ესმის?!

10 მაისი. 2011წელი.
თბილისი, ღამე.