Thursday, August 12, 2010

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ჰო, დრო გამყავს ისევ, რადგან

ხვალ დავიწყებ თავიდან–

რაც იყო და არ დამთავრდა...

რაც... მეგონა, წავიდა...

ამაოა, დროზე მეთქვა–

რაც დროში არ შობილა...

ჰოდა, რჩება სული შენთან

ისევ დედიშობილა...


სიყვარულის გრამატიკა ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


სულ

აქ

ვცხოვრობდით...

მე კი მხოლოდ

ახლა

შევნიშნე:

ყველაფერს ამბობს

სიტყვა

(მიყ) ვარ ხარ...

რომელშიც –

მე ვარ,

შენ ხარ...

ის–არ არის!

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


fifqebi axal gzas gviCveneben,

gaxede... rogori amindia!

sicocxle _ Cveni gaCereba! _

აქედან არსად არ მივდივართ !

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


შენთან შეხვედრა მავსებს სიტყვებით,

ანდა–პირიქით: სიტყვებს მიკარგავს,

მე კი არ ვიცი, სხვა გზა, რომელიც

შენთვის სიყვარულს გადამინახავს...

და ამიტომაც, გიწერ ბარათებს,

ჭრელი ფოთლებით ვავსებ სტრიქონებს,

ამ ლექსებშიაც, როგორც ყოველთვის,

ისევ ხელახლა გამოგიგონებ...

მარტო შენ არა... საკუთარ თავსაც

დაუნანებლად დავშლი–ავაწყობ,

რადგან მიყვარხარ,

ეს იმას ნიშნავს–

რომ გამუდმებით ცეცხლთან ვთამაშობ!

*** ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ღმერთო, მიშველე...

ისე შორს ხარ, ისე ახლოს ხარ...

ხანდახან ისე მიყვარხარ, რომ –

აღარ მახსოვხარ...

როგორც არ ახსოვს ცას ვარსკვლავი–

გულს რომ აენთო...

არადა, ისე რას იზამდნენ

უერთმანეთოდ?

Sunday, August 8, 2010

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ეშინიათ ვარსკვლავებს
ღამე თვალის გახელა...
მართლა ასე ძნელია,
სიყვარულის გამხელა?

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ვცხოვრობთ სიტყვებში...
ამ სიტყვებით
გავკვალეთ გზები...
დაკარგულები
ჩვენ ერთმანეთს
სიტყვებში ვხვდებით...
ვხედავთ სამყაროს
ამ ტექსტიდან
თუმცა სხვა თვალით...
მაინც სიტყვაა
ახლა ჩვენი
თავშესაფარი...
სრულდება დღე და,
რა თქმა უნდა,
ღამეც წავიდა...
ხვალიდან ისევ
ყველაფერი
მოვა თავიდან...
ჩვენ კი...
აწმყოში ჩავიძირეთ
სიტყვის უფლებით...
ტექსტში ვცოცხლობთ და
ცხოვრებისგან ვთავისუფლდებით!

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


არ შემარჩინე ცრემლების ფეთქვა,
აღარც ტკივილი_ერთი მისხალი...
შენ უკვე იცი, რაც უნდა მეთქვა _
რაც გავიფიქრე და არ გითხარი.

რა უნდა მიყოს შენმა სიშორემ,
როდესაც სული ასე ახლოა,
შენ ფიქრობ... მე კი_ვაწყობ სტრიქონებს...
ფურცელი ჩვენი სამოსახლოა.

შენი ხმა მესმის სადღაც... შორიდან,
ან იქნებ სულაც... ჩემში ხმიანობ...
თოვლს რომ ველოდი, თოვლი მოვიდა,
თუმცა კი ცოტა დაიგვიანა.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ისე მოგენდე,
სულ არ მიკითხავს,
ვინ ხარ,
ანდა აქ
რამ მოგიყვანა...
ლაბირინთში ვარ,
გზა დამეკარგა,
მოდი,
სწორ გზაზე გამომიყვანე.
წვიმის წვეთი ვარ,
შენ დამიცავი,
როგორც წვეთს იცავს
ნაზი ფოთოლი...
თორემ აღარ ვარ,
სულ დავიცალე...
გარეთ წვიმს _
სულში სევდამ მოთოვა.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ვერ დაგადევნე სიტყვა ვერცერთი,
ვეღარც ფიქრებში დაგიმარტოვე,
როცა წახვედი, ისევ გეძებდი
გზაჯვარედინთან,
სადაც დამტოვე...
ისევ ჩამდგარან რიგში წამები
და მეც ყველა წამს თეთრად ვათენებ,
ახლაც აქა ვარ... დიდი წვალებით
ციდან წამოსულს ვითვლი ფანტელებს.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


შენ მეკითხები, მე როგორა ვარ,
ღვთის ძალით, სული თუ ისევ მიდგას,
ვერაფერს გეტყვი... როცა ჩემთან ხარ,
აღარაფერი არ მინდა გითხრა...

არადა, ფიქრის გორგალს ვახვევდი,
შენთვის სათქმელი სიტყვების აცმას,
ჩემ წინ დგახარ და ხმასაც ვერ ვიღებ,
რადგან სიტყვები ერთბაშად გაცვდა.

შენ მეკითხები, მე როგორა ვარ,
როცა შენ გხედავ, აბა, რა მიჭირს...
მე შენ მიყვარხარ...
თითქოს ღმერთამდე
დარჩენილია ერთი ნაბიჯი.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ვიცი, არაფერი არ შეიცვლება _
ამოვა მზე, გათენდება...
და ადამიანები შეჩვეულ საქმეს
გააგრძელებენ...
ხელები მოძებნიან შეჩვეულ სადავეებს,
სრულიად მექანიკურად დაიმორჩილებენ...
ან უფრო სწორად,
ჩვევა დაიმორჩილებს ადამიანს,
რომელსაც ჰგონია, რომ რაღაც შეუძლია _
სიყვარული, სიძულვილი, აღფრთოვანება...
ვითომ...
ვიცი, არაფერი არ შეიცვლება!
რომ შემეძლოს,
ცხოვრებას დავარქმევდი ცუდ ჩვევას..
მეც ამ ადამიანებში ვარ _
არეულ-დარეული, გადაზელილ-გადმოზელილი...
ჩემი ტკივილი ის არის,
რომ არ შემიძლია შევუერთდე
გარესამყაროს...
და როგორც ვერცხლისწყალი,
გატეხილი თერმომეტრიდან გადმოცვენილი,
ამაოდ დავსრიალებ ზედაპირზე _
ნაწილებად დაქუცმაცებული...
იქნებ ვინმემ დამაბრუნოს ბუდეში, სადაც
ერთი რამე დამევალება _
გავფართოვდე და შევიკუმშო იმის მიხედვით,
ტემპერატურა რას მიკარნახებს...
ვიცი, არაფერი არ შეიცვლება!
და შენც ამაოდ მაიმედებ _
რომ ხვალიდან და სამუდამოდ
ყველაფერი კარგად იქნება:
მზე ამოვა, მთვარეც ამოვა _
სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთ ცაზე...
ვიცი, არაფერი არ შეიცვლება!
მაგრამ მაინც...
კარს რომ გამოვხსნი
და ფრთხილ მზერას მიმოვატარებ
(უ)შენ(ო) ოთახს...
რად იცვლება მთელი სამყარო?!

ტექსტში დარჩენილებს ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ვერ შევამჩნიე,
დღე ღამეში როგორ გაზავდა...
ანდა ფოთლებმა
ხის ტოტები როდის დატოვეს,
ეს მერამდენედ...
ცხოვრებასთან ისევ დავზავდი
და სიცოცხლესაც ისე ვიხდი,
როგორც ბატონებს...

შენ კი, რომელიც
ტექსტში ხარ და სიტყვამ დაგაბა,
სულ შენი ჯავრი
რად დამყვება ყოველ ცისმარე,
წიგნიდან როცა გამოვედი,
სიტყვის დარაბა
გამოვხსენი და...
შენც იმ გზებით გამოიპარე!

* * * `უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!~ პატრიკ ზიუსკინდის ესსედან ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ჰო, სულერთია...
ვინ ხარ და რა გწვავს...
ლექსი რამდენ ხანს გემახსოვრება...
ამიერიდან...
ახლა და ამ წამს
უნდა შეცვალო შენი ცხოვრება.

უნდა აქციო წარსული აწმყოდ,
რომ დაიბადოს სული მეორედ,
კაცობრიობის ყველა ტკივილი
შენს გულში უნდა გაიმეორო.

და დარჩე ასე _
ცასა და მიწას
შორის გაბმული...
სივრცე გაწვალებს...
ფრენა შეგეძლო...
ერთ მშვენიერ დღეს
ადგნენ და ფრთები
სულ დაგაცალეს!

ფერი იცვალე...
და ახლა სხვა ხარ,
ცხოვრებას მაინც
ვერაფერს შველი...
ჰო, სულერთია _
ვინ ხარ და სად ხარ _
შეცვალე მხოლოდ
სამყარო შენი.

შენ მაგიერ ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ნუ წუხხარ,
მე რომ ვწუხდები,
რა სათქმელია, წუხილი...
წვიმა სარკმელსაც უხდება,
ჩუმად მოვიდა წუხელი...

ხელში ვარსკვლავი მიქრება _
ცაზე ავანთებ მილიონს,
წვიმას ვეძახი, იქნება
ღრუბელი გამომილიოს.

ექსპრომტი <კოტე კაკიტაძე>


ლამაზი დილის მეპატრონევ,
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
არ გინდათ, რითმაზე გაბრაზებულს,
მეც გყავდეთ მოსავლელ-საპატრონო?
არც ყავას მოვითხოვ ალიონზე,
არც ჩაის არა ვსვამ უთენია.
მეც ვატყობ, მაგ თვალებს, სადილაოს,
ჩემსავით უკუნი უთევია!
ტრაბახი მომინდა, უპატრონო!
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
რომ თქვენ, ცის ნამზე შეყვარებულს -
მეც გყავართ ლექსივით საპატრონო.

დილა მშვიდობისა! <კოტე კაკიტაძე>


დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ მოტკბოსავით სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.
დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო,
ბევრი ღიმილი, ბევრი აღტაცება...
აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ,
თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა.
მგონი არ სჭირდება ღიმის მიგებებას,
ფერის ცვალება და სულთა გრადაცია,
ქალი დაინახო? თვალით მიეფერე,
კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია!
და დღე ჩამოდგება დღეზე უკეთესი,
სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება,
შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება,
ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება....
დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.

ღამის გარეშე <კოტე კაკიტაძე>


მე უძილობა დამჩემდა ისევ,
ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც,
და მენატრება მზის ამოსვლამდე
ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება.
შენ უძილობა დაგადეს ტვირთად,
სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც.
შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ,
და უყვებიან ერთურს დილიდან.
და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე,
ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში,
ოცნებების და ნდომის ამარა
ცივ ლაჟვარდების სინარნარეში.
ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც,
ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები?
გადმოვივლი და, თვითონ უძილო,
შენს უძილობას შევეხიდები.

სუნთქვა, რომელიც.... <კოტე კაკიტაძე>


რა არის ყოფა, ოცნება, ჟინი,
რა არის თუნდაც ღიმილი ლექსის,
თუ თან არ გახლავს, თუ არ გაფეთქებს
სუნთქვა, რომელიც ზურგსუკან გესმის.
სიშლეგეს ფერთა სიუხვეც იწვევს,
ან უფერობა, ან ხმობა ფესვის...
და გაგიჟდები, თუ არ გიბიძგებს
სუნთქვა, რომელიც ზურგსუკან გესმის.
ცა დაბნელდება, ზღვა ამოშრება,
არვინ დარჩება ამგები წესის,
თუ სანთლის ციმციმს არ ეფერება
სუნთქვა, რომელიც ზურგსუკან გესმის.
ვზივარ და ველი, ვზივარ ვიწვი,
დამდგარა ჟამი დარდების კემსვის.
და რა უნდა ქნა, თუ აღარ გათბობს,
სუნთქვა, რომელიც ზურგსუკან გესმის.

ღიმილი წვისა (და არა წვის ღიმილი) <კოტე კაკიტაძე>


ბეწვი იტრუსება და
ბეწვზე თუ არ მიასწრებ,
შეიძლება საწყალ ბეწვს
შენი ქურქიც მიეწვას.
მერე ვიღაც შენს ქურქზე
გამოაცხობს ანდაზას
და ზეიმით დაგიგდებს
ანდერძად.
ეს ანდერძი სხვა ანდერძს
გააძევებს ანაზდად.
განა ზოზინ-ზოზინით?
მსუბუქად და ლამაზად.
ბეწვი მაინც იწვის და
ქურქსაც ცეცხლი ედება.
ეს წვა - ტრუსვა, ნეტავი,
ხომ არ გადაგვედება?

ავეშარები <კოტე კაკიტაძე>


დიდხანს ივლის ივლისი
გვალვიანი შარებით,
გულზე ორთქლადენილი
თუ არ ავეშარები.
შარი შარას მიჰყვება
ამომშრალი ღარებით,
მოღერილი დარდით და
მახვილი ნიღარებით.
ალბათ, იულიუსიც
გულზე მჯიღებს იცემდა,
შიგადაშიგ ბრუტუსის
სახელს დაიფიცებდა.
და რამდენი ხანია,
და რამდენი ზაფხული
ნერვებს მიშლის ივლისის
სიცხე, სულარნახული.
კეისარი ჩაბარდა
ისტორიას შარებით...
მაგრამ ივლისს, ერთხელაც,
მაგრად ავეშარები.

მთვარე მამაა <კოტე კაკიტაძე>


კარგად ვერ ვაცნობიერებ, ეს მე ვარ, თუ ის მეორე მე, მთელი ცხოვრება გულს რომ მიწვრილებს. ახლა მკითხველია მთავარი. იქნებ მან მაინც ჩააკმედინოს ხმა.

მთვარე მამაა ჩემი,
(სულ ტყუილად ადარებ სხვას).
ამიტომაც არ მათბობს და
თვალსაც ამიტომაც არ მაშორებს.
მთვარე გონია ჩემი,
ამიტომაც ვარ მთვარეული,
მიტომ დავყვები მას,
მაშინაც, როცა მძინავს.
მთვარე გენია ჩემი...
ამიტომაც მეღიმება ხშირად,
მაშინაც კი, როცა დედაზე ვდარდობ,
მაშინაც კი, როცა ჩაძინებულ შვილს ვეფერები.
მთვარე სისხლია ჩემი,
ამიტომაც ვწითლდები ასე,
ამიტომაც ვდედ(ლ)დები ასე,
სხვის დედას რომ ვიხსენებ უდიერად.
მთვარე ზენიტია ჩემი,
ამიტომ დავდივარ თავაღერილი,
მაშინაც კი, როცა ის წყალზე ტივტივებს
და სულში ჩახედვას მთხოვს.
მთვარე ბორკილია მძიმე,
მთვარე სასჯელია მკაცრი.
დამსჯის, ალბათ, დოქის გატეხვამდე,
გატეხვის შემდეგ სხვაც კი დამსჯის.
მთვარე მამაა ჩემი,
და არ მაშორებს თვალს ისე,
როგორც ჩემი ბუნებითი მამა,
რომელიც წავიდა ერთხელ
და არცერთხელ არ დაბრუნდა.

სხვა ზამთარი კოტე კაკიტაძე


ამ წელს ზამთარი უფრო ცივია,

ვიდრე ზამთარი არის საერთოდ.

უაზრო ყოფას, უფერო დღეებს

ახლა ურითმო ლექსიც დაერთო.

მზე გამეპარა. როგორც ჩანს, ისევ

საკუთარ თავზე ფიქრში გაერთო...

იმ ძველ ზამთრებთან ამ ზამთარს ალბათ,

აღარფერი დარჩა საერთო.

Saturday, August 7, 2010

მე და თბილისი. *მანუჩარ ლეჟავა*


ცამ სილურჯე ასწია,
აცახცახდა ივლისი,
ყველამ მთისკენ გასწია
დავრჩით მე და თბილისი.
გრძნობა ხორბლად მოზღვავდა,
ვდგავარ თავთან პირისპირ,
ყველამ ზღვას მიაშურა
დავრჩით მე და თბილისი.
აჭრიალდა ფიქრები,
როგორც ძველი ვილისი,
მტკვარიც დაშრა მზის კოცნით
დავრჩით მე და თბილისი.
ყვავილებიც თვრებიან,
თურმე მწუხრზე ძილისწინ,
ზაფხულს ასე ვნებიანს


შევრჩით მე და თბილისი.

Friday, August 6, 2010

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ზურგშექცეული იდექი ჩემგან _
და მზერა შენი _
საკუთარ თავში გადამალული,
სულ... სულ... ამაოდ ცდილობდა, რომ
არ შევემჩნიე...
განა მზის სხივებს შეაკავებს
ღრუბლის ნაფლეთი,
ან სავსე მთვარე
ძაღლის ყეფვას დაემალება?
რატომ გარბიხარ,
ბედნიერება როცა ახლოა?
რა... რა... გაშინებს...
იქნებ ის, რომ სიყვარულმა
გითხრა: აღარ ხარ!
შენი ადგილი მან დაიკავა
და ეგ არის, რომ
მბრძანებელი
ვერ აიტანე...

ზურგშექცეული ვიდექი შენგან,
როცა თვალები კისრისმტვრევით
შენკენ მორბოდნენ...

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥

აჰა, დაღამდა..
დიდხანს გელოდი,
ახლა კარგავენ საზღვარს საგნები _
ხეების ტოტებს უერთდება
გამოღებული ჩემი ფანჯარა,
ხოლო ბეღურა სულში შემოდის,
რომელიც ალვის ხეზე დამჯდარა...
მე ვარ სარკმელი გამოღებული
და ყველაფერი ჩემში ხმაურობს _
ქუჩა, რომელზეც შენ გადადიხარ,
სახლი, რომელშიც უნდა შეხვიდე,
ჭიქა, რომელიც გელოდებოდა,
რათა პირამდე ყავით აგევსო...
და ყველაფერი ახლა ჩემშია _
მიედინება, როგორც მდინარე...
მე კი ვინა ვარ, ვერ გავარკვიე _
ქალაქი, სახლი, ხეები, ქუჩა...
იქნებ გზა,
ახლა შენ რომ მიყავხარ,
ანდა ეს წიგნი, სავსე აზრებით,
მიყვარხარ,
თუმცა ისევ დაღამდა
და დაეკარგათ საგნებს საზღვრები.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥

როცა მივდივართ,
არსად მივდივართ,
გულის კუთხეში მივიყუჟებით,
დაბრუნებამდე, გაღიმებამდე,
დაიღლებიან ალბათ ქუჩებიც,
რადგანაც გზები ამ გულს მიბმია,
შენამდე მოსვლას აიოლებენ,
ჰო, ეს ქუჩები შენზე ფიქრია,
როცა გაივლი, გაგიყოლებენ...
დაიკარგება დრო და მანძილი,
როცა სულები საზღვარს გაცდება...
შენ დაგეძებ და
შენკენ მოვდივარ,
ვიდრე ფეხთაქვეშ ქუჩა გაცვდება.

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ეს სული ისევ ფერფლიდან აღდგა,
მოდი, ათასგვარ ამბავს გიამბობ,
შემოანათე ამ გულში, ანდა...
ჩაქრი და ასე ნუღარ კიაფობ.
მაგრამ ნათელი რა ნათელია,
თუ შეუძლია ზურგი გაქციოს,
გულში შემოვა, რა სათქმელია,
რომ ისევ ფერფლად გადაგაქციოს.

Thursday, August 5, 2010

ჰერბარიუმი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


იმდენი გეძახე...
ვარსკვლავები დაცვივდნენ ციდან...
ქვები ამეტყველდნენ და
სიტყვები გამეპარნენ ფურცლებიდან...
ვერ გაგაგონე...
ისევ შევრჩი ოთახს_ცარიელს,
უშენოს,
თუმცა სავსეს საგნებით და
ახალი პეიზაჟებით...
შენი ნათითურები წამოვკრიფე
გადაშლილი წიგნებიდან,
შენი ნაბიჯები ავალაგე
იატაკიდან...
შენი ნახშირორჟანგი
მოვაგროვე ჩემს ფილტვებში,
შენი მზერა ჩამოვხსენი
კედლებს და სარკმელს,
საიდანაც ვეღარაფერს ვხედავ...
შენი თითების ანაბეჭდები
მოვპარე კლავიატურას...
მოგაგროვე...
და მერე მათთან ერთად
გამხმარი ყვავილივით ჩავეკარი
ჰერბარიუმში _
ოთახში,
რომელსაც უ-შენ-ო შენ-ობა ჰქვია.

საშიში თამაში ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


შენ წამართვი რწმენა
და მე გამოვიცნობ,
შენი ორი გამოწვდილი ხელიდან
რომელ მუჭში მოაქციე
ჩემი ბედნიერება...

მე წაგართმევ იმედს
და შენ გამოიცანი,
ჩემს რომელ ამოსუნთქვას
ამოვაყოლებ...

შენ წამართვი ცრემლები
და სანდო ადგილას
გადამიმალე...

მე წაგართმევ ტკივილებს
და არჩევანის გარეშე დაგტოვებ...
არ გეტყვი, გამოიცანი,
რომელ ხელში მაქვს...

შენ წამართვი თმის სარჭი
და გათენებამდე მახვეწნინე _
დამიბრუნე მეთქი...

მე წაგართმევ ყველაფერს,
რაც დაგრჩა და ფეხშიშველს
დაგტოვებ დედამიწაზე...

დაგხურავ ვარსკვლავებიან ცას
და გეტყვი:
გამოიცანი, ამდენ ვარსკვლავში
რომელია შენი ვარსკვლავი?

შენ წამართვი საკუთარი თავი
და, თუ გინდა,
ნუ დამიბრუნებ...

თავხედის წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მე თავხედი ვარ,
აბა, რა მეთქმის...
დავემორჩილე ყველა ნორმას,
კანონს დადგენილს...
მერე მოვბრუნდი,
უმოწყალოდ როცა ვარღვევდი,
ერთი წარბიც არ შევიხარე...

გავრეკე მდინარეები კალაპოტებიდან,
დაიღალნენ
ერთსა და იმავე ქვა_ღორღზე სიარულით,
მუხლები გადაუტყავდათ...
თვითონ რას მოიფიქრებდნენ
და
მოვურღვიე კალაპოტი...
წავიდნენ ახლა,
სხვა გზა ნახონ ოკეანემდე.

თავხედი ვარ...
თეთრზე თეთრი ვთქვი და შავზე _ შავი...
გავბედე და შუა ზამთარში ავყვავილდი...
ავრიე კალენდარი, ცხოვრება, ამინდი...
ყველა ვარსკვლავი დავისაკუთრე
და დედამიწას ვუთხარი:

რა პატარა ხარ, ჩემს სიყვარულთან.

ბალიშის ქვეშ დატოვებული წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ისევ გათენდა...
ჩამოდი ახლა ჩემი ქუთუთოებიდან და
დარჩი ჩემს სიზმრებში...
მე კი წავედი გაცვეთილ სამყაროში,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ბალიშის ქვეშ გიტოვებ წერილს:
გთხოვ, დამელოდო, მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

და მაპატიე, ვერ გაგიყოლებ,
ეს ქვეყანა უნდო და პირქუშია,
ფერგალეული,
მეშინია, არსად გაიხეს და თან არ ჩაგვიტანოს.
ვერ გაგიმეტებ...
ვიხეტიალოთ ასე, ცალ_ცალკე...
ერთმანეთის სიზმრებში დავრჩეთ
და სხვა დროს დაველოდოთ...

თუმც დრომ კი არა,
უდროობამ მოგვძებნა, მგონი...…
უდროობასაც თავისი დრო
ჰქონია რადგან,
ის სხვა დროც მოვა...
მანამადე კი...

სიტყვებს ფეხი ავადგმევინოთ,
სული ჩავუდგათ...
ფრთები მივცეთ და
ჩვენ შორის სივრცეს ამოავსებენ...

მივდივარ, მაგრამ
დაგატარებ ყველა უჯრედით,
ყველა მზერით და ყველა ნაბიჯით,
ისე გიღიმი,
როგორც ბავშვი თავის ანგელოზს...

გთხოვ, დამელოდო,
ჩემს სიზმრებში,
ჩემი ბალიშის მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

საახალწლო ღია ბარათი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ახალწლის ღამეს, ო, სულო, ჩემო,
რა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი...
ვერ გხედავ, მაგრამ შენს არსებობას,
როგორც სასწაულს, ისე განვიცდი...
ვიცი, თუ აქ ხარ, ყველგან იქნები,
ცა და მიწაა შენი საუფლო,
შენ სანთელი ხარ, არ ჩამიქრები...
არც მე ჩავქრები, ვიდრე ვსაუბრობთ...
ახალწლის ღამეს რა სასწაული...
არავინ იცის, სივრცეს გაარღვევს...
სუსტი ფიფქი ვარ, შენს ხელისგულზე
მალე დავდნები... კარი გააღე!
შენი მეკვლე ვარ, შენთვის მოვცდები:
თოვლის ფანტელებს ვაქცევ იებად...
ახალწლის ღამეს ყველა ოცნება
უკლებლივ ყველას ეპატიება...
მე მაპატიე, ლექსში ეულად
დავრჩი, არა ვარ რადგან ნამდვილი,
ვერ მოვარიგე სული სხეულთან _
არა ყოფილა ასე ადვილი...
შენ ჩემი გზა ხარ და მისამართი
დავკარგე, რადგან აღარ მჭირდება...
თოვლი მოვიდა... ცასა და მიწას
შორის მანძილი ისევ მცირდება...
თენდება... მინდა ზარები რეკდეს
სულში... ფერს იცვლის ჩვენი სამყარო...
შენ ჩემი გზა ხარ, მე_შენი მეკვლე...
და აღარ ვიცი, საით გავკვალო...

ფრაგმენტი წერილიდან ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ხომ გადამკიდე ეს გაზაფხული...
და ყველა წვეთი ცრემლად მიქციე,
მე აღარ მოგწერ: _ საით წავიდე,
იქნებ მითხრა და იქნებ მირჩიო...
ჰო, ბედისწერა ჩემზე და შენზე
უფრო დიდი და უფრო მეტია,
არ მაპატიებს დაუკითხავად
ჩემი ფიქრიდან შენში ხეტიალს...
ატმის ყვავილიც ჩემი სიტყვებით
ვერ იყვავილებს, არ აქვს უფლება,
დე, ისე იყოს, როგორც შენ გინდა
და სამყაროსთან დავრჩეთ უბრებად...

ათასმეერთე წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მე შენთანა ვარ... დაბადებისას,
მითხარი, მარტო როგორ დაგტოვო,
მე ახლაც ვარღვევ ალბათ კანონებს,
ხომ მაპატიებ, ჩემო ავტორო...
რა ვქნა, თუ ასე არ ჩამიფიქრე
და ვერ მომარგე შენი აზრები,
შენგან წასვლასაც გადავიფიქრებ,
ოღონდაც შენ ნუ გამიბრაზდები.
თორემ წყალივით ეს დღეც წავიდა,
მეც ამ მდინარეს ალბათ წავყვები,
შენ კი დამწერე მერე თავიდან,
გინდა მიწოდე სულ სხვა სახელი...
მე მოვალ შენთან, რადგან სიშორეს
ვეღარ დაიტევს ბედის ხაზები,
ათას სამდურავს გამომიგონებ,
ათასმეერთედ გამიბრაზდები.
................................................................
ნუ მიჩუმდები, შემომეშველე...
ისე ამაწყვე, როგორც დამშალე...
ანდა, მითხარი, რომ... შეგეშალე
და ერთი `წკაპით~ უცებ წამშალე.

კარის ღრიჭოში დასატოვებელი წერილი ვიყავი და არ დამხვდი... ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მე არ მინდა უშენო შენი ოთახი,
თავისი ქაოსური წესრიგით _
ყავის სმისას დაბადებული და დაუბადებელი აზრებით,
გადაწყვეტილი და გადაუწყვეტელი საქმეებით,
კედლებზე კალენდრის ფურცლებით _
დაგეგმილი წუთებით და საათებით...
დაუგეგმავი წვიმით სარკმელზე...

გამოიზოგე
ჩემი მოთმინება,
ვიხილები და მოვდივარ...
დაგეძებ
მაგიდის ქვეშ, კარადაში,
დახურულ წიგნებში,
გამორთულ კომპიუტერში,
კედელზე გაკრულ პეიზაჟებში...

პ.ს.
არ უნდა გამეფრთხილებინე,
რომ მოვდიოდი,
დამალვა რომ არ მოგესწრო...

დაგეძებ ყავის ჭიქის ნალექში,
დაულეველ წყალში,
დაუწერელ ლექსებში...

ვიხილები და მოვდივარ...

Wednesday, August 4, 2010

უსისხლო წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მთელი ჩემი ხუთ ლიტრამდე სისხლი
შენს ლექსებში ჩავტოვე.
ბოლო წვეთებით გწერ ამ წერილს...
დავცარიელდი...
არ გთხოვ, სისხლი გადამისხი მეთქი,
არ მინდა, დაგაკლო არც ერთი წვეთი...
გინდა, წვიმის წყალი გადაუსხი
გამომშრალ ძარღვებს...
ახალმოსული,
გამოხდილია...
მე გამიწყალდება სისხლი,
მერე ის სისხლი გულს გამიწყალებს,
ამიწყლიანდება თვალები (როგორც ყოველთვის)
და გავხდები უმოწყალო და წყალწაღებული,
და... ენას ვეღარ ავიწყლიანებ
შენთვის _
ვის რაში უნდა, უსისხლო და წყალწყალა ლექსი...
ბოლოს მთლიანად გავწყალდები
და არ ვინატრებ:
ნეტავი დედას გავწყალებოდი მუცლადყოფნისას
და არ მენახე...
არ მინდა, წყალწყალა და უშენო ყოფნა და
წვიმის წყალივით ავვორთქლდები,
შენკენ წამოსულ ღრუბელს გამოვყვები
და შენს თავზე გავწვიმდები
ბევრჯერ...
გულს გაგიწყალებ თბილი წვიმებით...
სულს გაგიწყალებ...
სულ გაგაწყალებ,
აგაორთქლებ,
ღრუბელზე დაგსვამ
და იქიდან ერთად ვუყუროთ _
თბილი წვიმები როგორ ცეკვავენ და თამაშობენ
ქალაქის თავზე დაჭერობანას...
ვუყუროთ, როგორ ახასხასდება
ფილაქნებს შორის მწვანე ბალახი,
რომელსაც ერთ დროს ფეხით ვთელავდით...
ან რა აზრი აქვს, რა ფორმით მოვალ _
წვიმა ვიქნები, თოვლი თუ ნისლი...
თუკი ყოველთვის შენკენ მოვდივარ...
დიდი ამბავი, გამითავდა,
აღარ მაქვს ს ი ს ხ ლ ი.

გაბრაზებული წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ტექსტად გაქციე...
გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში,
ახლა კარს ვაღებ და
გეუბნები _
გათავისუფლებ...
მზის სხივებივით
აიკრიფე ამ ფურცლებიდან _
სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა,
წერტილებით და მძიმეებით,
კითხვისნიშნებით...
დამიტოვე თეთრი ფურცელი...
წადი და დარჩი ისევ უცვლელი,
თითქოს იყავი ოკეანე,
კენჭი გესროლეს
და არაფერი არ მომხდარა _
ყველა რგოლი გაიშალა
წყლის ზედაპირზე...

აიკრიფე ანიდან და ბანიდან
და განიდან და... ჰაედან...
თქმულიდან და უფრო მეტად
ართქმულიდან...
და მაპატიე, რომ ვერასოდეს
გადაგითარგმნე, რას ნიშნავდა
მრავალწერტილი...

მე გაპატიებ, რომ შეგეშალე
და რომ ვერასდროს ვერ გაიგე,
რაზე ვყვებოდი...

ბოლო წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


სიჩუმის ტყვე ვარ,
წერილებით ვერაფერს შევცვლი,
არეულია...
დაეკარგათ საგნებს სახელი,
დახუჭე თვალი...
ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის,
ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...

აქ ვარ, მომძებნე,
მე ათამდე გადავთვლი ვიდრე,
ამ სამყაროში...
უთავბოლო ხმაური მფარავს,
გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს
თუ გამოჰყვები, მიპოვნი და
ნახავ, რომ სხვა ვარ...

მე ვიხილები შენს თვალებში
და ბავშვურ თამაშს
გეთამაშები...
ადვილია ბედთან თამაში?
შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს
საშიშს და თამამს,
და ფურცელივით ადგები და...
სხვაგან გადამშლი...

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მე შენში ისე გამოვიკეტე,
კარს ვერ შემოხსნი შენი ხელებით;
სხვაგან მეძებე...
მე კი აქ ვზივარ
და განგებ გარეთ არ ვიხედები.
აგირევ გზა-კვალს და, რა თქმა უნდა,
უგზოო გზებზე ფეხით გატარებ,
მერე დაჯექი და უჩემობის
დრო-საათები ცაზე დათვალე!
შენ ხარ ღრუბელი,
რომელიც ახლა
თავზე მადგას და ისევ წვიმდება...
რა უნდა გითხრა? ამდენი წვიმით
ეს სული მართლა შემიცივდება.
ცვალებადია შენი ამინდი
და მოყვავილე შენი სევდები...
ცას ავყურებ და მინდა ვიცოდე _
ცივ წყალს მასხამ თუ... უკვე მზევდები?



27 ივნისი, 2010. თბილისი.

გამო(მ)იცანი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.

გუშინ ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


რაც ხვალ მოხდება _
ეს იყო გუშინ...
აწმყო კი მხოლოდ
დროის ხიდია,
რომელსაც დააქვს
სულიდან სულში
სიცოცხლისა და ტანჯვის იდეა.


ვარ მომავალი,
რომელიც იყო,
გუშინდელ დღეში
რომელიც დარჩა...
მიდის ცხოვრება _
ერთი ხილულად,
ხოლო მეორე _
რომელიც არ ჩანს:

დაფარულია დროის დინებით,
სულ სხვა სივრცეში
ბორგავს და წვალობს,
და ელოდება, როდის იტყვიან _
არსად წახვიდე,
`შეჩერდი, წამო!~



რადგან რაც იყო,
კვლავ ჩვენთან მოვა...
რაც ხვალ იქნება,
არ არის შორი...
იქნებ თქვენ მითხრათ,
რომელი დროა _
გუშინდელსა და
ხვალინდელს შორის?

დაკარგულის წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


რა შორს წავედი
საკუთარი თავიდან
შენში...
ვინ იფიქრებდა...
ერთხელ მაინც გეთქვა:
შეჩერდი...
რომ საშიშია შენი სიღრმე
და რომ უკან
ვერასოდეს ვერ დავბრუნდები...

რამდენი რამე დაგაბრალე,
ხედავ?
იყვირე,
რომ სიცრუეა ყველაფერი
და რასაც ვყვები შენზე და შენში _
ერთი ღამის სიზმარი იყო...
იყვირე, გესმის?
გამომაღვიძე... გამომაფხიზლე
შენი ძილიდან...
მითხარი: რისთვის შემოვეხეტე,
რა დამკარგვია,
ან რას დავეძებ...
ხმა ამოიღე, რამე მითხარი
და რასაც მეტყვი,
აღარ დავეძებ...

რა შორს წავედი
საკუთარი თავიდან
შენში...

წერილი არაფერზე ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _
არც წარსული, არც მომავალი...
აწმყო, მით უფრო...
რა გაგახსენო?
. . . . . . . . .
გახსოვს,
როდესაც ერთნი ვიყავით?
გახსოვს,
როდესაც ნეკნი ვიყავი
და შენს სხეულში
მშვიდად მეძინა...

ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს
წვრილ_წვრილ ამბებად,
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება,
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენში და შენთან,
ისიც მეყოფა,
რომ ვუსმინო
შენს გულის ფეთქვას...

ვცვალო ცხოვრება,
ვცვალო რიტმი,
ვცვალო ამინდი...
რა მარტივია...

სიყვარული არსად არ მიდის,
სისხლში ჩამექცა,
უჯრედებში სითბოდ დამყვება...
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება...

თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენთან და შენში...
და არ მიკითხავს,
შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს?
მინდა, რომ მითხრა _
რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ...
ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ
სალაპარაკო?

წერილი შენი ოთახიდან ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


შენი ოთახის კუთხეში _
ობობას ქსელში ჩემი მზერა გავაბი
და დაგიტოვე...
ნუ ეტყვი დამლაგებელს,
ცოცხით შეეხოს...
ვიქნები შენი ვიდეოთვალი,
და დაგინახავ ყველგან,
ყოველთვის...
გაგებლანდები ფეხებში და წაიბორძიკებ,
შენს თითებზე ავცეკვდები,
კლავიატურას როცა გაანდობ
მთელი დღის ფიქრებს...
აგტკივდება და
ტკივილგამაყუჩებელ აბად ვიქცევი,
დამსვი კოვზზე და მომაყოლე
ორი ყლუპი წყალი,
შენს ტკივილებს იავნანას ვუმღერებ
და სამუდამოდ მივაძინებ...
შუბლზე მომატებულ ნაოჭებს წაგიშლი
და არასოდეს დაგტოვებ მარტო...

Tuesday, August 3, 2010

წერილი ზღვიდან ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


დაგმარცვლავ ტალღებად _
მიქცევებად და მოქცევებად...
დაგმარცვლავ საათებად, წუთებად, წამებად,
წელიწადის დროებად...
ჩაგაცმევ და გაგხდი გაზაფხულს,
ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარს...
გაგათავისუფლებ დროისგან...

დავმარცვლავ შენს სახელს და
ორ მარცვალს გავზრდი გეომეტრიული
პროგრესიით უსასრულობამდე...
დაგაბინავებ სტრიქონებში,
გადაგწერ და გაგამრავლებ,
შენს ასლებს ჩამოვურიგებ ყველას,
ვინც ყალბი ნამდვილისაგან ვერ გაარჩია.

დაგმარცვლავ კრიალოსანივით
და ყოველ ჯერზე
ლოცვასავით გაგიმეორებ...
გავხდები შენი გულისცემის
ტავტოლოგია...

მერე...
მოგაგროვებ
ფერადი კენჭებივით,
უწყლო სოფელში წვიმის წყალივით,
დაგაგუბებ ოკეანესავით,
შეგქმნი მუსიკასავით,
დაგწერ ლექსივით,
გადაგათეთრებ და გადაგწერ
უშეცდომოდ
ჩემში და
ჩემგან...

წერილი შენთვის ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მოდი და შენი თვალებით
გადამიღე სულის კარდიოგრამა...
და აჰა, შენ, ჩემი ანამნეზი:
ხანდახან ვგუბდები და ისე საშიში ვარ,
მეშინია, არ მივატოვო
კალაპოტი,
რომელსაც ჩემი სახელი და გვარი ჰქვია.

მოდი და...
ამ სულს რამე გაუგე _
მოუწესრიგე თანდაყოლილი არითმია,
გაუკვალე გზა,
თითქოს პირველი თოვლი მოვიდა და
ჯერ არავის გაუვლია...
და გამოუწერე სუფთა ჰაერი,
რომელიც არსად იშოვება...

გამომაღვიძე შენი სიზმრებიდან
და დამაბრუნე იქ,
სადაც არ მახსოვს,
რომ ოდესმე ვიყავი...


ჩვენ შორის არსებულ სივრცეებს რომ
სივრცე ემატება...
ჩემი ლექსები ხდება
რაღაცნაირი დუნე, ოკეანესავით,
და ისეთი, რომელსაც სიტყვებით დავწერ,
მაგრამ სიტყვებით ვერ აღვწერ.

სტრიქონები ჩემი
ხელისგულის ბედის ხაზებია
და ახლა ერთ_ერთ მათგანზე ვმოგზაურობ,
რომ შენ სადმე გადაგეყარო.

უკვე ყველაფერი გითხარი ჩემ შესახებ,
რაც ვიცოდი და
დანარჩენი მინდა, რომ
შენს თვალებში ამოვიკითხო.

Monday, August 2, 2010

გზა, რომელშიაც უნდა დაეჭვდე... ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


შენ ყველაფერში ყველას დაეძებ
და ჭვრეტ იმასაც, საით მიყავხარ
გზას, რომელშიაც უნდა დაეჭვდე,
გზა, რომელზედაც გეტყვის: მიყვარხარ...
ვიღაც, რომელიც შენში სახლობდა,
ვიღაც, რომელიც ისევ შენა ხარ!
არავინ იცის, ასე ახლოდან
ღირდა თუ არა, რომ დაგენახა...
შენი ეჭვებით ვაწყობ სტრიქონებს,
შენი დუმილით ვისწავლე ქარგვა...
შენ _ ყველაფერში ყველა იპოვნე,
მე _ ყველაფერში ყველა ფერს ვკარგავ!

მე შევეჩვიე ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მე შევეჩვიე, ლექსში დაგტოვო
და ამოვავსო ლექსის ბწკარედი
შენით და მერე გაგიმეორო
ყოველ ცისმარე დიდი წვალებით.

მე შევეჩვიე, შენ იყო შორი,
დაგსვა ღრუბელზე, ისე გატარო...
გადაგახედო ამ ღრუბლებიდან
და დაგანახვო მთელი სამყარო...

მე შევეჩვიე, რომ რითმებისგან
ახალ-ახალი კოშკი ავაგო...
და შენ მაგივრად ამ სტრიქონებით
დავჯდე და ჩემს თავს ველაპარაკო...

მე შევევჩვიე, მაგრამ ერთხელაც
ამ ლექსებიდან შენთან მოვედი...
მე დავიღალე არაფრისაგან
ყოველდღე შენი გამოგონებით.

მე ვწერდი ჩემზე ♥ ცირა ბარბაქაძე ♥



მე არასოდეს არ ვწერდი სხვაზე,
მე ვწერდი ჩემზე... მე ვწერდი ჩემთვის,
მაშინაც... როცა მე ვწერდი ქარზე...
როცა სიჩუმით სათქმელი ვერ ვთქვი...
სიტყვასაც ხშირად ვაგდებდი ბანზე,
მეტაფორების ხეივანს ვსხლავდი...
მაშინაც, როცა მე ვწერდი ზღვაზე
და საკუთარ თავს არაფრით ვგავდი...
მაშინაც ვწერდი...
ვისწავლე ქარგვა _
ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს...
ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ...
ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!