Saturday, September 20, 2014

თუ... ***საშა გველესიანი ***

ხანდახან ვფიქრობ,
სიკვდილი რაა...
თუმცა აქ ყოფნით 
ან რა გავიგე...
მე და შენ – “თუ” ვართ
და მზეც თუ – “რაა”
ვინაა ნეტავ
ამის გამრიგე!
რატოა შენი
თვალები, ასე
ყველაფრით სავსე
მიწიდან ცამდე...
სიბერის კართან,
ნაღვინარ თასებს
ვგავართ და ღვინოს
დრო უნდა სვამდეს
უთქმელად, უბრად,
ლოთის სიხარბით
დაცლის და მერე ქვას
შეალეწავს...
გახსოვს, პირველად
სად გამიხარდი
ნეკერჩხლების რომ
ჰგავდი ალეწვას!
ჩაფით მომქონდა წყალი
წყაროდან,
ძლივს და მიცდიდა
კართან ბებია,
რაღაც ბავშვურად
თუ მიხაროდა...
რამდენი წელი
დამნებებია
ამ სიყვარულის,
ნეტარძი ნება
საიდან ჩნდება
და იბადება,
შენამდე რატომ
მემანძილება,
გზა როა, ერთი
ხელისდადება...
ჰოდა, მეც ვფიქრობ,
სიცოცხლე რაა...
არც რა ვიცოდი,
ვერც რა გავიგე...
ჩვენ ახლაც – “თუ” ვართ
და მზეც თუ – “რაა”
ვინაა ნეტავ
ამის გამრიგე!

საშა გველესიანი
2014