Sunday, July 7, 2019

ისევ ის გზა და ცაც ისევ ისა... **ტარიელ ხარხელაური**

ისევ ის გზა და ცაც ისევ ისა...
და გვირილების ველი მყივარი,
ამომეშალა ყაყაჩო ნისლად
და გაუმხილა გულს სატკივარი.
შემოღმუოდა ბნელ ხეებს ქარი,
ჭალაში დადის ნისლი ეული...
გადმოვდექ სერზე უიღბლო მგზავრი
შენგან,
ყველასგან ზურგშექცეული
და კვლავ წვიმიანს ვითვლი საფლავებს,
თუმცა ვარსკვლავებს შუბლით ვეხები...
ბარბაცით მივდევ ღამეს ნამთვრალევს
და მიმაცილებს სუნთქვა ვერხვების.
შენ იქა სდგახარ,
სადაც ლანდები
და ზეციური ხმები იძვრიან,
მივალ, იქ მივალ, შეგიყვარდები,
შეგიყვარდები, ჩემო ნიბლია;
ნუ მომწერ ახლა,
ნურაფერს მომწერ,
გემუდარები, იყავ სულგრძელი,
ნუ დამაყვედრებ იმ ლამაზ ქორწილს,
დადუმდი მზეო და გაუძელი...
დადუმდი,
თუნდაც მიიქცე ფერფლად,
ცეცხლმა დაგწვას და ჩამოგაშავოს,
რასაც დღეს ჰფიქრობ,
რაც უნდა გეთქვა,
მერე სთქვი, ჩემი ციხის ნაშალო.
მერე...
მე როცა აღარ ვიქნები,
სიმძიმე ცრემლის თვალს
შეგიშფოთებს.
გაედევნები ცხელი ფიქრებით,
შენს ბაღთან ქარით
წამოშლილ ფოთლებს.
ისევ მწყურიხარ ჟამისგან ნაგვემს,
თუმც სივრცე მიწოვს უამინდობას...
კლდედ იქეც, სალ კლდედ,
გაქვავდი, ბაგევ,
ვიდრე ამოგცდეს სიტყვა
"მშვიდობით..."
ტარიელ ხარხელაური