Tuesday, September 10, 2019

ნუ ხუჭავ თვალებს! /ნინო ალადაშვილი/


ნუ ხუჭავ თვალებს!
მიყურე და დამიმახსოვრე!
დაიმახსოვრე ყველა კოცნა,
ყველა სუნთქვა,
ყველა შეხება,
მომლოდინე შენს სხეულზე
ამოზრდილი,
სიხარულით მოზეიმე
ჩემი სხეული.
უყურე, როგორ იმეორებს
შენი ხელები
ჩემი ტანის ყოველ ფორმას,
ყოველ ხაზს და
მთლიან სილუეტს.
მინდა ხედავდე,
როგორ ენთება ჩემი კანი
შენ შეხებაზე
და მთვარის შუქზე
ლოტოსივით
თეთრად ელვარებს.
მინდა ხედავდე,
როგორ ხარობს ჩემი სული
შენთან ყოფნით.
ჩემს ყოველ კვნესა-ამოსუნთქვას
თან მოჰყვება
პირველყოფილ
ვნების სიმძაფრე.
მინდა ხედავდე,
სად ერთდება
ჩვენი სხეულის მდინარეები:
ბაგეებიდან დაწყებული სათავეები
ერთმანეთს ერწყმის.
ჩემი თმებიდან წამოსული ნაკადულები
შენს ყელს აწყდება.
ჩემი ხელები შენს მხრებს ერთვის,
შენი ხელები ჩემს მკერდს ერთვება.
იკვეთებიან აჩქარებულნი შუაწელში
და დიდდებიან.
მერე ორივე მიექანება
ფეხებთან ერთად,
ფესვებივით,
სადღაც ქვემოთ,
უსასრულო სასრულობაში.
ნუ ხუჭავ თვალებს!
მინდა მხედავდე,
და გესმოდეს,
და გჯეროდეს -
მე შემიძლია გადმოგისხა ჩემი სიცოცხლე.....
ჩვენი ცხოვრების მდინარეებმა
რომ იდინონ
დაუსრულებლად!...
/ნინო ალადაშვილი/
10
აგვისტო, 2019 .


Sunday, July 7, 2019

ისევ ის გზა და ცაც ისევ ისა... **ტარიელ ხარხელაური**

ისევ ის გზა და ცაც ისევ ისა...
და გვირილების ველი მყივარი,
ამომეშალა ყაყაჩო ნისლად
და გაუმხილა გულს სატკივარი.
შემოღმუოდა ბნელ ხეებს ქარი,
ჭალაში დადის ნისლი ეული...
გადმოვდექ სერზე უიღბლო მგზავრი
შენგან,
ყველასგან ზურგშექცეული
და კვლავ წვიმიანს ვითვლი საფლავებს,
თუმცა ვარსკვლავებს შუბლით ვეხები...
ბარბაცით მივდევ ღამეს ნამთვრალევს
და მიმაცილებს სუნთქვა ვერხვების.
შენ იქა სდგახარ,
სადაც ლანდები
და ზეციური ხმები იძვრიან,
მივალ, იქ მივალ, შეგიყვარდები,
შეგიყვარდები, ჩემო ნიბლია;
ნუ მომწერ ახლა,
ნურაფერს მომწერ,
გემუდარები, იყავ სულგრძელი,
ნუ დამაყვედრებ იმ ლამაზ ქორწილს,
დადუმდი მზეო და გაუძელი...
დადუმდი,
თუნდაც მიიქცე ფერფლად,
ცეცხლმა დაგწვას და ჩამოგაშავოს,
რასაც დღეს ჰფიქრობ,
რაც უნდა გეთქვა,
მერე სთქვი, ჩემი ციხის ნაშალო.
მერე...
მე როცა აღარ ვიქნები,
სიმძიმე ცრემლის თვალს
შეგიშფოთებს.
გაედევნები ცხელი ფიქრებით,
შენს ბაღთან ქარით
წამოშლილ ფოთლებს.
ისევ მწყურიხარ ჟამისგან ნაგვემს,
თუმც სივრცე მიწოვს უამინდობას...
კლდედ იქეც, სალ კლდედ,
გაქვავდი, ბაგევ,
ვიდრე ამოგცდეს სიტყვა
"მშვიდობით..."
ტარიელ ხარხელაური

Thursday, September 8, 2016

ეჭვი <<< მანანა ფრუიძე >>>



მზემოკიდებულ ჭვავის ყანას გაექცა გველი 
ადევნებოდა ოქროსფერი უმხურვალესი, 
ცახცახებს ვნება უმაძღარი,ცეცხლივით მწველი 
და სურვილს გიკლავს სათივეზე ქალის ალერსი.

გაშიშვლებულა სიყვარული სიშიშვლით ურცხვის,
ქათქათებს მკერდი და მკათათვის ზიზღით ვინთები,
ამომაკვნესებს ღაწვდახოკილს სიმლაშე კურცხლის,
ეჭვიან მზერას დაფარავენ სველი თითები

და... გარინდება ჩააკვდება სხეულს ხელებში,
და... ბინდისფერად მინავლული - უღვთო ღალატით,
ვიხეტიალებ გაფითრებულ,ჩამქრალ ფერებში,
ვით განთიადის მომლოდინე ბედის ჯალათი. 

Tuesday, September 6, 2016

ს ა შ ე მ ო დ გ ო მ ო გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ა <<< ცირა ბარბაქაძე >>>

უნდა წამოვკრიფო
სულის ნაწილები,
ვიდრე ეს ქარები
ღრუბლებს წამოშლიან,
ვიდრე თოვლი მოვა,
ვიდრე გაწვიმდება...
ვიდრე შემოდგომა
მზისფერ სამოსშია...

მერე მოგიყვები
ამ დღეს დაწვრილებით _
რაზე იცინოდა
მთვარე დავერცხლილი,
ფოთლებს მივუყვები...
ვიდრე გაწვიმდება,
უნდა წამოვკრიფო
სული სარეცხივით.

ახლა უშენობაც
შენი ნაწილია...
უფრო ნამდვილი და
უფრო შორეული...
მაინც უშენობით
დაღლილ_დაცლილი ვარ,
ქუჩას მივუყვები
წვიმამორეული...

Friday, July 15, 2016

არ კმარა უბრალოდ რომ მითხრა: მიყვარხარ...<<< ცირა ბარბაქაძე >>>


* * *
არ კმარა უბრალოდ რომ მითხრა: მიყვარხარ...
გახადე სიტყვები სიტყვებზე ტევადი...
არ მყოფნის 3D... 4D... 5D…
მინდა სიყვარული ყველაფრის ჯერადი…

გახადე ამ სიტყვებს ფარჩა და ატლასი,
შეაბი გიშერი, - არავინ გათვალოს...
შიგნიდან ერთი ხარ, გარედან - ათასი...
მე მინდა, სულ ყველა რომ ჩემში დავთვალო...

ც.ბ. 14.07.2016

Thursday, July 14, 2016

სუსტია ყველა... <<< ცირა ბარბაქაძე >>>

სუსტია ყველა:
ვინც სიყვარული
გამოკეტა საკუთარ თავში,
მთელი ცხოვრება
ვინც სიზიფეს ლოდი აგორა,
ვინც ისე დაჭკნა,
ვერ მოასწრო ყვავილად გაშლა,
ვინც სიყვარული
მთელ სამყაროს ვერ გააგონა...
სუსტია ყველა....
სიყვარული ვინც ვერ ჩატვირთა
სულში და
ზღვები ვინც აქცია მღვრიე აუზად...
და ვისმა გულმაც
ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას -
ადგა და შიშით
სიყვარული დააპაუზა....
სუსტია ყველა...
ც.ბ. 14.07.2016

Friday, July 8, 2016

*** გიორგი ზანგური ***

***

დღეს შენნაირი ნაზი ვარ,
მსურს ყვავილების კრეფა,
ხვალ ყვირილი და ბრაზი ვარ,
ხვალ გაღიმება ქრება.
მაქვს შენი ფერის აურა,
თან ცისარტყელა ერთი,
ორივეს გვიყვარს ხმაური,
გვწამს ერთნაირად ღმერთი.
მე შენნაირი ყელი მაქვს,
შენ ჩემნაირი სუნი.
ჩვენ მთვარე გვიყვარს თხელი და
გვაქვს ერთნაირი წუნი,
ცა ლურჯი გვიყვარს უაზროდ,
ზედ მოწითალო ხალი.
ზღვაც გავიყავით შუაზე
ვით საფირონის თვალი.
თუ გავიცინებ შენიდან,
თუ ავტირდები - შენგან.
ვინც ვარსკვლავებში შევიდა
ის მეოცნებედ შედგა.
ვინც ჩამოვარდა იქიდან,
ვინც უსურვილოდ დარჩა,
მან სევდიანად იკითხა
ჩემი ტყუპი ხომ რ ჩანს?
მას უპასუხეს - არა,
და მან მოიწყინა ისევ.
მაქვს შენნაირი კარადა,

დღეს ჩახუტებას ვიცმევ.