Thursday, November 29, 2012

მიწა **ნინი ელიაშვილი**



რომელი გულით მიყვარდეს მიწა?
რომელი ცრემლით დავნამო იგი?
გულით, რომელიც ქვად გადაიქცა?
ცრემლით, რომელზეც სუყველა ირგვლივ
ღიმილს იმრავლებს? დღეს უკვე მარტო
ვცდილობ, სიმართლე აღარ წამომცდეს.
მინდა, რომ ვინმემ მეც განმიმარტოს,
როგორ გავართვა თავი გამოცდებს..
შეუნიღბავად მინდა დანახვა,
თუნდაც ვუყურო მხოლოდ სიავეს!
ჩემი ოცნება ბრბომ რომ დამარხა
და მეგობრებმა რომ ჩამიარეს
საათებივით.. მერე ამიხსნეს
ამის მიზეზი - ჩემი სიცივე..
ვერ მივაწვდინე თვალი სამიზნეს
და თავი ვეღარ გადავირჩინე.
მაგრამ და მაინც სიტყვა აშლილი
არ ვეგუები განაჩენს, ურჩი..
ცოდვებით სავსე დამდევს თან ჩრდილი
და შიშით სხვასაც ვერაფერს ვურჩევ..
გულით, რომელიც ქვად გადაიქცა,
ცრემლით, რომელიც ღიმილს გვრის ყველას,
მე წვიმებივით დავნამე მიწა..
მიწა, რომელიც დღეს ითხოვს შველას...

Wednesday, November 14, 2012

*** ნინო ალადაშვილი***


თუკი ჩემს სიტყვებს 
შეუძლიათ, 
შეგასხან ფრთები,
თუკი ჩემს ლექსებს
ძალა აქვთ, რომ

გაქციონ ჩიტად,
შემისვი ფრთებზე,
მომატარე
მოლურჯო მთები
და მერე სადმე
გადამკარგე
მტრედისფერ ნისლად.