Monday, September 6, 2010

სექტემბერი ჩემი *კოტე კაკიტაძე*


ჩემი აბგა, თავხედი და გოროზი,

შენი ჩანთა ფრიალა და ნაზი,

შენი ბაფთა, ქათქათა და ფაქიზი,

ჩემი პოზა –მოგონილი ბრაზი.

სიამაყე ჩემი – შეღინღლული ტუჩი,

სიკეკლუცე შენი – შებურცული მკერდი,

სამოსელი ჩემი –ნაცრისფერი ფლანელი,

შენი კაბა სადა, არსად ოქრომკედი.

გაღიმება შენი – გაბუტული ბაგე,

გაცინება ჩემი –ამრეზილი ლაში,

აღტაცება ჩემი – უთავბოლო კუნტრუში,

აფეთქება შენი –მიბნედილი ტაში.

სექტემბერი ჩემი, მელოტი და ჭაღარა,

შემოდგომა შენი, შორეული ბარაქა;

გავიხსენო უნდა გადამქრალი ამბორი,

გაღმა ნაპირიდან ნეტა მეტი რაღა ვქნა:

ჩემი აბგა, თავხედი და გოროზი,

შენი ჩანთა ფრიალა და ნაზი,

შენი ბაფთა, ქათქათა და ფაქიზი,

ჩემი პოზა –მოგონილი ბრაზი.

No comments:

Post a Comment