Sunday, May 13, 2012

*** ♥ ცირა ბარბაქაძე ♥



ქვიშაზე რომ ხატავდი, ნამდვილი გეგონა...
ღრუბლებიდან რომ ძერწავდი _ ისიც...
ფიქრობდი: ერთი სულის შებერვა და
ფურცლიდან სიტყვებიც აფრინდებოდნენ,
ისინი ხომ უფრო ნამდვილები იყვნენ,
ვიდრე ფაქტები და მოვლენები შენ გარშემო...
ახლა გაიღიმე _
არ ღირს წუხილი იმის გამო,
რაც არასდროს ყოფილა...

ც.ბ
12.05.2012

Saturday, May 12, 2012

ჩემი იანვარი ***თამო ჯაფარიძე***


ჩემი  გაზაფხული ისე  ჰგავს  იანვარს,
როგორც შენს ფორთოხლისფერ მხრებზე  მიკრული
გვირილებით  მოხატული ჩემი  კაბა-
ახლა საკიდზე აპრილის ანაბეჭდებს რომ იმეორებს. . .
უშენო  გაზაფხულის იანვარია. . .
მოქმედების დროა:
გააღე  კარი,
შემოდი,
მოიხსენი  დუმილის  ტვირთი,
გაიხადე  მტვერი და ჭუჭყი,
დახსენი ნერვული  თასმები და  გათავისუფლდი;
გახსენი თმენის  შესაკრავები და ფიქრის ღილები,
კაბის  საკიდიდან  გადმოფინე  გვირილები,
დაყარე  ფორთოხლები  შენი  მხრებიდან,
გაშიშვლდი - გულის შიგნით გაშიშვლდი,-
შემმოსე  შენი  მკლავებით
და. . .
დამიცავი,  დამიცავი,
გაზაფხულის  იანვრისგან. . .

წიგნიდან ” გ ი ვ ე რ გ ი ლ ”

ვფიქრობ და...***ნინი ჩეხელი***


ვფიქრობ და ფიქრის სუყველა კუთხეს
ამძიმებს ისევ ნაცნობი ტანჯვა...
ალბათ ის ერთი ვიყავი წუხელ,
მთვარის სხეულში სითბო რომ დარჩა...


ვფიქრობ და თავი გამისკდეს ლამის...
ყველა წერტილში შვებამდე მტკივა.
დაღლილ სხეულში სიკვდილი ყვავის.
აღვნიშნავ დღეს,რომ წარსულზე წინ ვარ!


ვფიქრობ და ფიქრის სუყველა კუთხეს
ამძიმებს ისევ ნაცნობი ტანჯვა...
ოთახი სდუმს მთლად... სიგიჟე სუფევს...
მაჩქარებს დრო და მაჩერებს მაჯა...

Thursday, May 10, 2012

სახლი მინდოდა მქონოდა **გიორგი შალამბერიძე**

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო ხის და ისლის..
სასთუმლად ნუშის ბაღნარი,საბნად თიბათვის ნისლი..
ბაღი მინდოდა მქონოდა,თვალუწვდენელი ჩრდილით ..
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით,
ავაშენებდი სალოცავს ..გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს,ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში.. 

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს,
გავაშენებდი ვენახებს ,ცამდე ავწევდი ზვარებს 
და ავაგებდი სამრეკლოს,ვაგუგუნებდი ზარებს.. 
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს 
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს...
ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს,
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს...
მერე ვნახავდი საცოლეს ცისფერთვალებას,ლამაზს..
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო დავერცხლილ ქამარს, 
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვეტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს,თომას,პავლეს 

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან რძემდე ვავსმევდი ღვინოს 
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხარიბნალა ფაშატს 
და ვაჟებს ვანადირებდი კვდომის ვაცნობდი ლაზათს,
სახლი მინდოდა მქონოდა უბრალო ხის და ისლის 
სასთუმლად ნუშის ბაღნარი,საბნად თიბათვის ნისლი...

Wednesday, May 2, 2012

მე მაინც ვივლი!!! ***ელგა ფოლადიშვილი***





ფიქრის ქარავნით გადავივლი ყველა უდაბნოს...
ჩემი გზა ახლა ქვიშაზე და ქვა-ღორღზე გადის!
მირაჟის მიღმა დარჩენილა რძისფერი სივრცე და მოლოდინი _ მომხვდურის და შხაპუნა წვიმის...
ნელ-ნელა გადის დრო, საათიც, წამიც და წუთიც...
ქვიშის საათიც მოთმინების ფაიალს დაცლის და დაღლისაგან მოწუწუნე სხეულზე მალე თუ გამიჩნდება სიმხურვალის ხორკლი და ცვილი...
მე მაინც ვივლი!!!
გავრეკავ ფიქრის ქარავანს... ჩემი გზა ახლა უდაბნოზე, ქვიშაზე გადის!
გადახეთქილი ფეხისგულით ვტოვებ ნაკვალევს...
კენტი და ლუწი არევიათ უკვე ნაბიჯებს და განწირული ხმით მკივანი ქარის ძახილზე მზეს ყველა სხივი დაუშვია დედამიწაზე...
ოქროსფერ ქვიშას მზის ლაქები ატყვია გვალვად და ქვიშისფერ მზეს ქარვისფერი გაუწყდა მძივი...
მწყურვალ ოცნებას ჟანგისფერი შეუსვავს სევდა და ტკივილისგან დაჰბერვიათ კაქტუსებს მკერდი...
მე მაინც ვივლი!!!
გადავრეკავ ფიქრის ქარავანს... ჩემი გზა ახლა უდაბნოზე, ქვიშაზე გადის!
 —

*** პეტრე კოლხი ***



ქორწილს აპრილივით წვიმა მოუხდება ვიცი,
შენ კი სადედოფლო კაბა დაგამშვენებს თხელი,
საკურთხეველთან კი მაინც შეგაშინებს ფიცი,
და ცივ მარმარილოს ჩუმად მიაპარე ხელი...
მერე საბარძიმე ღვინოც მოგერევა ხმაში,
ლალის ტუჩებიდან იებს ეწვეთება სისხლი,
ტორის თქარუნით და თეთრი აღელვებით რაში,
ცაში გაგიტაცებს მფარველ ანგელოზად მკვირცხლი.
ქორწილს მოუხდება შენი დაბნეული მზერა,
როცა ჯვრისწერაზე თაფლის კელაპტარი იწვის,
ოქროს თევზების და ათას ერთი ზღაპრის გჯერა,
მერე შენი სახე ფრესკად მიახატეს ყინწვისს...
ქორწილს მოუხდება სველი ყვავილების გუნდი,
გიჟი ფიდიასის ქვაში ასხლეტილი ტანი,
მე შენ ცოლად არა-მხოლოდ სიყვარულად მსურდი,
ფუნჯით გატარებდა ყველგან ლოთი ფიროსმანი....
შენ კი კესანები თმაში ჩამოყრილი გშვენის,
მკერდზე აწყვეტილი ვნებას შეწირული ღილი,
მე ვარ უძილობა თეთრი ღამეების შენი,
შენ კი მუდამ ასე ჩემი აკრძალული ხილი..
                                               მამა პეტრე...