Monday, September 6, 2010

დარწყულებული მოლოდინისა... (იმედი ჯახუა)


წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...

თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..

როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.

- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.

წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

No comments:

Post a Comment