Friday, April 19, 2013

აგვისტო 2008 ***თამო ჯაფარიძე***


იყოს ნამდვილი სინამდვილე, როგორიც ღმერთი...
თეთნულდის ძირში სახლი გვედგას, მაჩუბის გვერდით,
იალაღებზე გვყავდეს ხარები,
შვილებს ათივეს ჰქონდეთ შენი ლურჯი თვალები....
სამას მეათე არაგველის დედა ვიყო, მოშურნეც მყავდეს...
სწვავდეთ მამული, დედულეთი, ცოლები ჰყავდეთ,
სოფლის ბოლოში გვედგას წისქვილი,-
ერთგულებას ფქვადეს და ფქვავდეს...
ბუხარი ენთოს, სახურავზე ცეკვავდეს კვამლი,
თვალი მეჭიროს ჭიშკრისაკენ და ჩემი კალთა
სავსე იყოს წიწილების წიავ- წიავით...
ქროდეს ნიავი, ბალახებს ვწნავდე,  
ენგურის წყალით ვზელდე მალამოს,
საქართველოს მოჭრილ მხრებზე  წამლად ვაფენდეთ,
კოდორის კართან კარავს შლიდე, ელოდე შვილებს,
მღეროდნენ ლილეს, ბრუნდებოდნენ,  გულში იკრავდე,
სამასმეათე არაგველის მამა იყო, გქონდეს სიმართლე....
ისე გიყვარდე, სამყაროს ცვლიდე....
...და  ტაბლას ვშლიდე, ჯვრებიანი ცხელი პურებით,
ყველა  შინ მყავდეთ, გული  გულობდეს,
კარებს აღებდე და  ჩვენს  სახლში
ღმერთი  სტუმრობდეს...

2008 წ. სვანეთი.

Tuesday, April 9, 2013

სააპრილო ♥ ♥ თამო ჯაფარიძე ♥ ♥


სიტყვას აღარ  აქვს სისხლის ძალა,-  მუსიკას ვუხმობ . ..
არ  მინდა ცაში ატყორცნილი  ქუდების ექომ
აშალოს  ვერცხლის  მავთულებზე მერცხლის ნოტები,
თუ არ მოვკვდები,
ვერ  შეგელევი...
მოგაქვს  მზეების ლურჯი მეწყერი,
მეღვრები  მიწით სავსე  სხეულზე, მარცვლად ვიბნევი,
ახლა იმდენი სათქმელი მაქვს  ხელისგულებზე,
გადაირევი...
თმას  მზესუმზირის  ცეცხლი მიწვავს, გულს გაზაფხული,
დახანძრულია  ღამე  მზიანი და უშენობის
ჰაერი დგას
შენი  ხმაურით...
დაჭიმულია სიტყვის სიმები,  თასმები ლექსის...
ვერ ვთქვი- მთავარი  სანანებელი  გოდება ვერ ვთქვი,
მებრძვი  დიადო, უკურნებელო  სიყვარულო,
ბოლომდე  მებრძვი....
აჰა, ხმალი!
და მოკვეცილი ჩემი ნაწნავი,- ბეწვის ხიდი
გადააფინე  სიკვდილის ღიობს,
გნებდები, ოღონდ  არ გააჩუმო,
სიცოცხლის  წამი,-
ჩემი აპრილის  ქვის ვიოლინო....
1980 წელი; გაზეთი- "რიჰო".