Friday, September 23, 2011

შენ რომ დაგანახა..).. **გუჯა ბიძია**



შენ რომ დაგანახა ეხლა ,
როგორ ვიღიმები..
სულში სიამის
მიჟღერენ სიმები,
გულო თბილად.. ტკბილად,
როგორ მეწურები,
სიზმარო ამიხდი..
მესურვილები..
შენ რო დაგანახააა
რას მიგავს თვალები-
დაღლილი,გაბზარული
და განაწამები-
როგორ გამოცვალეე
..კი არ მემტერები-
ყინულის ნატეხი
გამილღვე მოფერებით.
შორით მოფერებით
სული გამინათე,
ჩემო..მშობლიურო
რა თვალით დამინახე..
შენ რომ დაგანახააა,
რაც მე დავინახე..
რაც შენ მაპოვნინე
და რაც შევინახე ..
რაც შემატყობინე
რაც შენ გამიმხილე
რაც შენ მომანდე
და მაგრძნობინე..

შენ რომ დაგანახაა
როგორ ვიღიმები..
ამიყვავილდები
გამიგვირილდები...

მერე ცა სხივებით გაიყო **მათე მარადელი**



წვიმებმა ცრემლები დაღვარეს,
მერე ცა სხივებით გაიყო.
სილურჯეს არ ქონდა საზღვარი,
ოცნება სიღრმეზე ღრმა იყო.
დამთავრდა ქარების ბოგინი,
ავდრების ქურქი და თავშალი,
მინდვრებში დავიგე ლოგინი,
ზეწრებად ბალახი გავშალე
და შენი თითების ლერწამი,
ვაზივით ტკბილი და ხვიარა
უცოდველ შეხებად ვიწამე,
დასაწურ ალერსად კიარა.

Wednesday, September 21, 2011

საშემოდგომო განწყობილება ♥ ♥ ♥ ცირა ბარბაქაძე ♥ ♥ ♥



უნდა წამოვკრიფო
სულის ნაწილები,
ვიდრე ეს ქარები
ღრუბლებს წამოშლიან,
ვიდრე თოვლი მოვა,
ვიდრე გაწვიმდება...
ვიდრე შემოდგომა
მზისფერ სამოსშია...

მერე მოგიყვები
ამ დღეს დაწვრილებით _
რაზე იცინოდა
მთვარე დავერცხლილი,
ფოთლებს მივუყვები...
ვიდრე გაწვიმდება,
უნდა წამოვკრიფო
სული სარეცხივით.

ახლა უშენობაც
შენი ნაწილია...
უფრო ნამდვილი და
უფრო შორეული...
მაინც უშენობით
დაღლილ_დაცლილი ვარ,
ქუჩას მივუყვები
წვიმამორეული...

Sunday, September 18, 2011

მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით ** მარინა ცვეტაევა თარგმანი რუსულიდან - ბესო ხომერიკი**



მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით,
მომწონს, რომ თქვენით არა ვარ ავად
და ის, რომ მძიმე სფერო პლანეტის
ფეხქვეშ დარჩება, არსად არ წავა.

მომწონს როცა ვარ თავაშვებული
და არასოდეს რომ არ ვწითლდები,
როს ეხებიან გაშეშებული
სადმე, შემთხვევით, ჩვენი თითები.

მომწონს, როდესაც სულ არ მაოცებს,
სხვას ეფერებით როცა ჩემს გვერდით
და მეც თუ ვინმეს თქვენთან ვაკოცე,
არ მეტყვით, დამწვას გეენამ ცეცხლით.

და რომ სახელებს ჩვენ ერთმანეთის
არ ვიტყვით ნაზად დილა-საღამოს
და არასოდეს სახელით ღმერთის
საყდარში ჯვარს არ დაგვწერს მამაო.

მადლობა თქვენდა ამ გულით,წრფელით,
თქვენ არც კი იცით, გიყვარვართ ისე,
თქვენდამი გრძნობით რომ არ ვარ ხელი,
თქვენზე არ ვფიქრობ ისევ და ისევ.

მასზედ, რომ მზე არ დაგვნათის მწველი
და რომ შევყურებ მთვარეს ეული,
ვაი, რომ ავად არა ვარ თქვენით,
ვაი, რომ ჩემით არ ხართ სნეული.

Tuesday, September 13, 2011

ლოტოსის ზანზალაკი **გიორგი ლობჟანიძე**

გასუქებულა ჩემი ძველი შეყვარებული,
ერთი შეხედეთ:
სავსე მთვარეს დამსგავსებია!
როგორ უხდება
როგორ შვენის
და ალამაზებს
ათქვირებული, ატეხილი ხორცის თახთახი.
როგორ ურცხვად იფურჩქნება საკუთარ თავში _
როგორც ლოტოსი,
ჭაობიდან ამოყვინთული,
საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი.

როგორ მიყვარდა ჩემი ძველი შეყვარებული,
ხილულ-უხილავს შორის
უხმოდ დავბარბაცებდი,
ჩემს თავს შიგნიდან ვაწყდებოდი გალიასავით,
კრთებოდა სული
და ხორცის გარსს აზანზარებდა.
და მთელი ღამე წკრიალებდნენ ზანზალაკები...

ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული,
მეტად და მეტად გაასუქე, გააფუფუნე,
ნაპირებიდან გადატყორცნე, გადაიყვანე
უყურადღებოდ დარჩენილი პურის ცომივით,
რომ არასოდეს არ ივარგოს გამოსაცხობად,
ცომადვე დარჩეს, სათანადოდ მოუზელავი.

მე ხომ მოვზელდი,
წამით თავს არ დავანებებდი
და ნაზუქივით ჩავაკრავდი ვნების თონეში.

ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული...
ის ლოტოსი _ ჭაობიდან ამოყვინთული,
საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი,
ახლა ასე უიმედოდ გასუქებული,
კიდევ უფრო გაასუქე,
დაამახინჯე,
რომ არცერთ კაცს არასოდეს აღარ მოუნდეს
მისი შეხედვა, ხელისხლება, კოცნა, ალერსი,
ათასი წელი სამყაროში ახეტიალე,
მარადის ვნებადაუმცხრალი, ტანატეხილი,
რომ ვნებისაგან ჟღრიალებდეს,
როგორც ლოტოსის
ზანზალაკი _
დროზე ადრე გაფუებული,
ვარცლის პირიდან გადმოსული
ცომისაგან გამოძერწილი...

Friday, September 9, 2011

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა **ოთარ ჭილაძე **


გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


Wednesday, September 7, 2011

კაცი სახებად ქმნილია ღმერთის.. ***გუჯა ბიძია***


(დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
იოანეს სახარება..)

არ მახსოვს..იქნებ,
მიამბო ვინმემ ნაფიქრი ჩემი,
ან მიპასუხეს თუკი ვიკითხე,
ან წავიკითხე
სხვისი ნათქვამი სიტყვანარჩევი:
ფიქრი სწრაფია,ურჩი,თავნება
ხელიდან სხლტება.
ხან უსარგებლო,
ხან მარგებელი
არ მოგეშვება,
თავბრუს დაგახვევს ფიქრის გორგალი,
დრო კი..მოჰკალი..
შენივე ხელით.

ფიქრით,უთქმელით
კლავ მართლაც დროჟამს..
უტყვი ფიქრები,გინდ სასიკეთო
გიმოკლებს წამს და დროჟამს ამოსჭამს
უთქმელი სიტყვა..
ფიქრი სიტყვაში,სიტყვა საქმეში
ვით ძვირფასი ქვა
ოქროს სარტყელში-
არ უნდა დარჩეს
ჩაუსმელი თუ
უკეთებელი.

დახუჭე თვალი,
ფიქრი-მხატვარი
წუთებს აგივსებს,
გაგილამაზებს ფერად ხატებით,
და გაგიცოცხლებს
ფუნჯის  ჩამოსმით,რაც მახსოვრობამ შემოგინახა
სურათები თუ ჩანახატები ..
ისიც აქ არი
რაც უკვე  ნახე,ან არც გინახავს ,
ან რაც გსურს მხოლოდ,
დასაწყისში თუ საბოლოოდ,
ისიც აქ არი.
დახუჭე თვალი..
აჰა ზღაპარი..

ფიქრი-მხატვარი
ჯადოქარია,
განა ქარია,
რომ მოტანილი უკან წაიღოს,
შენ დაგიტოვებს,
ხელთ რომ ჩაგიგდებს,
დაგიმარტოვებს..
წყაროს ხომ ხედავ,დუდუნი გესმის?
გესმის?..სთქვი მერე..სხვამაც გაიგოს
და ხმა გაიღოს..
ახრილს,აწვერილ ხეებს ხომ ხედავ?
სხვაც დაინახავს..
სიოს გრძნობ?..ნიავს თითქოს სახეზე,
სხვაც იგრძნობს ამას,თუ თქმას გაბედავ,
იმის თქმას  რასაც შენ გრძნობ და ხედავ..
გრძნობასა და ფიქრს,
რისი თქმაცა ღირს
სიტყვაწყობაში თუ გამოჭედავ,
სხვაც დაინახავს..
ისიც სხვას ეტყვის,
არ შეინახავს..

ფიქრი გრძნეული ჯადოქარია,
ჰო..მხატვარია,
განა ქარია,
განა ვინმესთან  მიუქარია,
შენთან რომ არის,შენც გიხარია..
გესმის გალობა იმ მგალობელის?
შენსკენ მოფრინავს,
არაა..არ გძინავს..
ის სულ თანა გდევს,
მარტო არ გტოვებს,
ბევრჯერ გითქვია სამადლობელი,
ახლობელია..
ჰო..ახლობელი.
აგე ,მოფრინავს,
ხომ გესმის ხმები,
დაკეცა ფრთები
და ხელისგულზე ჩამოგისკუპდა
ნიბლია ჩიტი,
რაო..რა უნდა..
შენს მაჯისცემას-ძარღვი რომ ფეთქავს,
ფიქრით რომ შლიდი,
თუ შვებას გვრიდი,
ყურს მიუგდებს და ჩამოგიმარცვლავს
ჩიტი ნიბლია.
შენ ხომ არასდროს არ დაგითვლია,
რა გახარებდა,
ანდა რა გწყინდა.
ჰოდა დაგითვლის,მიტომ მოფრინდა..
დახე ნისკარტი როგორ დახარა,
კეთილმა ფრთა თუ გადაგაფარა,
შენთან დარჩება,შენც ხომ ეს გინდა..

და აბა უთხარ,თავს და ნიბლიას,
რაც გიფიქრია,
უთხარ რაც ნახე,ან ჩუმად გულში
რაც გაგივლია,
კარგი რაც არის,ჩახედე ცუდშიც,
რაც არის არის..
ჩამოჰკარ ზარიც
და ბოროტების ანახე სახე,
ანდა სიკეთე
ჰო..დაანახე,
ან შეაწუხე,
ანაც გუნება გამოუკეთე.

ჩახედე შენს სულს..
იქნებ გაიგო როდის დაიწყო,
იქნებ გაიგო  როდის  დაიყო
შენი ფიქრები
ნახე, მიხვდები
გზა არჩეული რატომ გაიყო,
ანაც მიზეზი თუნდაც რა იყო
მისი, რაც ეხლა გშლის და გაწუხებს,
მისი,რაც სულზე გიჭერს მარწუხებს,
ან თუ გახარებს,
რაღა გახარებს,
მზეს ასცქერი თუ თავი ჩახარე,
სად იავკარგე,
ან რა დაკარგე,
რატომ დაკარგე,
თუ გქონდა რამე,
სითბო ,სიამე..
რა შეიძულე,რა შეიყვარე,
და შენი თავის მიხვდი ვინა ხარ-
მტერი ,მოყვარე?
ჩახედე შენს სულს..
ხელი ჩაჰყავ და დადე ქვაზე,
ფიქრი აცხადე..ფიქრობდი რაზეც..
ჩახედე შენს სულს
და სთქვი,თუ რა გსურს..

..გახევდი..რისგან?..
ანარეკლისგან..
რომ სჩანდა წყალზე,
სულის წყაროზე,
მოციაგეზე,
მოკამკამეზე,
შენს სულის რკალზე,
სულის სავალზე..
..თავი ასწიე,
მისკენ გასწიე,
მზე გადასწიე..
სიამის ჩრდილმა გადაგიფრინა
თითქოსდა თავზე,
თვალი აგევსო,მოსწყდა,დაღარა,
მიჰყვნენ ცრემლები ერთმანეთს ღარზე,
გაკვალულ გზაზე.
სიკეთე იდგა წყაროსთან,წყალზე.
სუფთა და წმინდა,თვით სილამაზე..
თვალებამწვარმა დამალე სახე,
არსად გენახა რაც ეხლა ნახე,
დაიფიცებდე თუგინდა ხატზე..
ნიბლია ესვა,ოცნება, მხარზე,
ყვავილთა კაბა უმანკო ტანზე,
ღიმის სინაზე,
სიო ურხევდა წამწამებს თვალზე,
სიკეთე იდგა წყალთან ..თუ წყალზე..
თითქოსდა ქნარზე
დაკრულზე,ჰანგზე,
ცისარტყელები ცეკვავდნენ ცაზე.
ციდან დაეშვა ჰო..სილამაზე
თუ თვით სიკეთე,
შენი მოკეთე,
შენს სულის რკალზე,
სულის სავალზე
ციდან დაეშვა და შენთან ერთად
აფრინდა ცაზე.

თურმე გქონია იდეალები,
რას  ემალები,
ან რას მიაღწევ იდუმალებით
და უთქმელობით ან რას მიაღწევ.
ტვირთია სული მარტოსულისთვის,
მარტო ვერ ასწევ,
და ვერც გაქაჩავ..
მარტოსულობას თავს ვერ დააღწევ.
ამას ხვდები და რასაც ხვდები
ის გაწრიალებს,
და სხვას დაეძებ..ვერ ნახავ ?..იცი
რათ გინდა ფიცი-
დაიღუპები,
თუ გაჩერდები,
ან  გაჩუმდები.
ჰო..სხვას დაეძებ,
სიტყვებს ტივად კრავ
მისთვის, ვინც გრძნობას შენსას გაიზიარებს
და ვინც შენსავით იმ გრძნობას ეძებს,
მთელ  დედამიწას  რომ ატრიალებას..
კრავ სიტყვებს,
თითქოს ეხები სიმებს,
სიმებს ჩამოკრავ,
ამტვრევს თითები თითქოს სიჩუმეს
და ელი..ელი
ვინმეს თუ რამეს..
ღამე  დღეს ცვლის და დღე კიდე ღამეს,
შენ კი კვლავ ელი,
მართლაც სულ ელი,
ზოგჯერ სულელიც
გგონია თავი,
ან ღვთისმოსავი,
ბედის მორჩილი-ასწია ხელი,
დასწია ხელი..
ზარის ხმას ელის..
ზარი ჩამოჰკრა ,ჩამოითვალა,
კიდევ ერთი დღე გარდაიცვალა..

დრო ულმობელი-
მართლაც რომ გველი,
იცის რაც გელის,
გულგრილია და დაუნდობელი,
რაც გელის იცის,
ბევრი უნახავს შენსავით დღეში,
გრძნობის გარეშე.. უსიყვარულოდ..
ცოცხალი ლეში..
გეტყვის უბრალოდ,არ შეგიცოდებს,
და რა აკეთო თუ ვერ მიხვდები,
თუ გააზანტე მერე ფიქრები,
ვერ გამოხატე ფიქრი სიტყვებით-
მერე აღარც ხელს გამოგიწოდებს...
ჩახედე მერე,
თვალი უსწორე,
შენს სულს უსულოს,
უსიყვარულოს..
ეს ის სულია,ადრე რომ ნახე
და იმ ოცნების გიჩვენა სახე..
ცალად იარე ერთად სავალი?!..
გითხრეს რასაც ჰგავს ცალად მავალი-
ცოცხალი ლეში..!
ბოროტებამ რომ ჩაიგდო ხელში,
რომ ვერა ჰპოვა უსიყვარულომ,
მარტოსულობის შვება-წამალი,
დრო რომ გავიდა
და აღარ დარჩა გამოსავალი.
..შეგცივდა ვიცი..შეკრთი,
მრავალი
ფერხთ აგიცოცდა ქვეწარმავალი,
სისხლით აივსო მზე ჩამავალი,
არსება რაღაც,
უკუნეთიდან ამომავალი,
სახეშხამი და სახე მზარავი,
ნათრევი სულით,
ნათრევ სხეულით
გამომძვრალი და გამომავალი,
ყველა არსების დედინაცვალი..
ქვაგულ მტარვალი..
ცეცხლით დამწვარი გზის გამკვალავი..
შენს წინა დადგა.
სულზე დაგადგა სულთა მპარავი..

ხომ დაინახე..შენც ხომ გენება
რომ დაგენახა
მარტოსულობის
საშინელება..

ვიცი იპოვი გასაღებს კარის,
მიხვდები ვიცი,
სხვა გზა არც არის, სამოთხე არის,
ანადა რამე რაღაც მაგგვარი,
და ხვდები მასაც,არ არის ზღვარი,
და ჯოჯოხეთიც იქვეა ახლო,
ავი და კარგი გვერდიგვერდ სახლობს..
ტკივილი,წყენა,
ღალატი,შური,
ავად დარჩენა,
სულის გაყიდვა,
ბოროტი ენა
სუულ
ჯოჯოხეთად გვიქცია ზენამ..
თუკი გაიღე ვინმესთვის გული,
თუ გინდა ..თხილის,
ჰო..ლუკმაპური..
გაულამაზე მოყვარეს სული,
და არ დატოვე,
არ მიატოვე
საკუთარ თავთან  მეომარი
და მარტოსული,
და მიუტოვე ამპარტავნებას
თავგასულობა
ზღვარგადასული,
და შეგიძლია
შენ მოლოდინი შორით წასულის,
თუნდ შენს ძებნაში..სხვისკენ წასულის,
გზადაბნეულის,
გზადაკარგულის,
თუნდაც უცნობის,ჯერ არ ნახულის,
და მაგრამ მაინც
სულში ჩაწნულის და ჩაქარგულის,
მაშინ..
მაშინ  აქვეა სამოთხეც ..ახლო..
ღირსი ხარ მისი სიკეთეც ნახო..
შენშია ყველა გზა გასაყარი,
იქეთ ეშმაკი,
აქეთ საყდარი..
სული მაღალი,
სულიც საპყარი..
კაცი სახებად ქმნილია ღმერთის
და შემოქმედათ
თვით სამოთხისა და ჯოჯოხეთის!!..

ხელისგულზე გყავს ჩიტი ნიბლია-
რაც გიფიქრია,
რაც გულში გითქვამს
და  გაგივლია..
ჩ ი ტ ი    ნ ი ბ ლ ი ა
შ ე ნ ი    ფ ი ქ რ ი ა.
სთქვი..სიტყვამ ფიქრი
რომ არ დააფრთხოს
შენი და სხვისი
სული გაათბოს..

Tuesday, September 6, 2011

ისევ ქარებს მინდა ავედევნო **თამაზ მეტრეველი**


ისევ მომენატრა გრიგალები,
ისევ ქარებს მინდა ავედევნო,
ისე მომიქაჩავს სიგარეტი,
თუ მეც ჩავიფერფლე, არ მეძებო!
აქ რა დამრჩენია დასარჩენი,
ჰოდა, ზეცისაკენ მივიჩქარი;
ჩემი მოედანი ასაფრენი!
თეთრი კედლებია ციხისანი!!!
მინდა არწივებთან მეგობრობა,
ჰოდა, გთხოვთ, არავინ შემაჩეროთ!
ჩემი გაძარცვული შემოდგომა,
მაინც დასჭირდება საქართველოს!
ისევ მეძახიან უფსკრულები,
ხეობებს ზვავებად გადავუვლი...
შენთან სიყვარულზე ვჩურჩულებდი,
აქ კი სიგიჟეა სასწაული...!
ისეც ყველაფერი ჩავლილია,
მგონი გრიგალებსაც გავასწარი;
ზეცამდე სულ ცოტა მანძილია,
მხოლოდ სიკვდილია სანახავი!

Saturday, September 3, 2011

*** ბარამ გურჯი



ქალი ჩანჩქერიდან მოსხლეტილი მკვირცხლი წვეთია, ჰაერშივე ქანდაკებად ქცეული...

ქალი მშვენებაა, შემოგზნებული ვნებათა ღელვის იისფერ სხეულში ჩაბუდებული...

ქალი დედაა, ტკბილი და მძიმე, მოლაპლაპე, ჩაუქრობ ლამპარზე ფრთებშეტრუსული თალხი პეპელა. თუკი ცხოვრება სანთლად ჩამოქნა მამაზეციერმა და ნაპერწკალს მისცა წუთისოფელი...

ქალი ლამაზი ნაღვენთია, ბედისწერის დამჭკნარი ქუთუთოდან ჩამოწურული ცრემლი, წლების პირღია იარებიდან ჩამოდენილი მლაშე სითხე...

ქალი ოცნებაა, მიუწვდომელ სილურჯეში მოფარფატე ოცნება...

ქალი ნატვრაა, ამაოების ცხრაკლიტულიდან გამომხტარი და ზვიადად ალანძული....

ქალი ტკივილია, სიყვარულის გადახსნილ ძარღვებში მქუხარე სიამე...

ქალი მშვენებაა, დღეთა დინების ლივლივა ზედაპირზე მიწოლილი ნიმფა, დინჯი და გულგრილი სალბუნი გულისა...

ქალი სიხარულია, გრძნობათა შეკრულ კამარაში, როგორც აკვანში, წამიერი ვნებათაღელვის არტახებით ჩაკრული...

ქალი ღიმილია, თუშის კიდეებიდან მალულად ამოძურწული ჭინკის თვალებში მინავლული და გაღვივებული ციმციმა ნაპერწკლების ხმამაღალი ოცნება, ლამაზი და აუხდენელი...

ქალი მელოდიაა უჩინარი მაესტროს ფრაკის კალთას აყოლილი, აფრების პრიალა სიმებში გადახლართული უხილავი ნეტარება...

ქალი ცრემლია ცხოვრების ქარნაკრავ ღაწვებზე მოძალებული და ქარის ბროლისფერ კიბეზე ასაფრენად გამზადებული...

ქალი ავაზაა, მოსხლეტილი, თალხი ტანის ულმობელი ბანოვანი...

ქალი ჰაერია: მასავით მსუბუქი, უხილავი, ჩუმი და უკარება, მასავით ცხელი და გაყინული, მასავით გულგრილი და ყოვლისშემძლე, მასავით საჭირო და მაცოცხლებელი...

ქალი ლამაზი სულია, პირველი კოცნაა, ხანმოკლე ბედნიერებაა, მიუწვდომელი სიმაღლეა, თვალშეუდგამი მწვერვალია...

ქ ა ლ ი ქ ა ლ ი ა...

*** ბარამ გურჯი



დღე–ღამეს არა, საათებს არა, ჩემს გულს, ჩემს სუნთქვას, ჩემს თავს, ჩემს სიცოცხლეს გჩუქნი...
სულიც წაიღე, სხეულიც, გონიც, რაც გამაჩნია შენია უკვე, როგორც მე თავად...
სანაცვლოდ ვითხოვ შენს გულში ადგილს, შენს სულში კუნჭულს, ოთახში კუთხეს, საწოლში ბუდეს...
მე კი გპირდები თვალდახუჭული მოგყვე ფეხდაფეხ, ვისწავლო ენა შენთან სალაპარაკო, ვისწავლო ქცევა, რომ არ დაგაღალატო, ვისწავლო ხერხი, რომ არასდროს არ მიღალატო...
ჩემი ხარ, ვცდილობ სამუდამოდ დაგისაკუთრო, შენში მეძებე და მიპოვიო სულ მეუბნები, ჩემშიც რომ შენ ხარ... სადღა გეძიო, უკვე გიპოვე – მე გეუბნები...
აფეთქებული, ჟინმორეული, ბრდღვიალებ, ელავ, ვიცი წამლეკავ, ხელი ჩამჭიდე, მოგყვები, ვბედავ, არ მინდა შველა...
უფსკრულთან ვდგავართ, თუ გადახტები მეც გადმოგყვები, ჩემთან მოხვედი, მე ეს ვიცოდი, გელოდებოდი...
და ახლა თუნდაც უფსკრულში, თუნდ ჯოჯოხეთში, სადაც კი წახვალ, თან გამოგყვები, სულ ერთი არის საით წამიყვან, მე ხომ ამიტომ გელოდებოდი...

Friday, September 2, 2011

*** ცირა ბარბაქაძე

გეტყვი სიმართლეს, 
შენ _ 
ვინც ჩემში ჩემზე ახლოს ხარ,… 
სახიფათოა, სიცოცხლისთვის 
ჩემი არყოფნა 
და შენი ყოფნა ჩემთან და ჩემში?
ნუ გადამარჩენ, 
როგორც გინდა ისე მამყოფე... 
გინდა, მომწყვიტე დედამიწას, 
როგორც ნაყოფი... 
შენა ხარ ჩემში... 
ისარგებლე 
ჩემი არყოფნით!