Wednesday, February 23, 2011

წყურვილი **ლელა ცუცქირიძე**


სად  გადარეკე  ჩემი ღრუბლები ასე ქარდაქარ,
შუბლზე ნიშნად ცისკრისფერი ვარსკვლავი ენთოთ,
წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები…
დღეს თუ  ხვალ, ჭიშკარს მოადგებობდნენ
 ეჟვნად შებმული ჭექა–ქუხილის  ჟღრიალ–ჟღრიალით.

ახლა კი…
ახლა, ამ ბურბურა  მკათათვისაგან
ჩემი წყალუხვი მდინარე შრება.
ვეღარ ანთებენ გაშლილ ჭალებში ფშატის ხეები სანთლებად ნაყოფს,
მიწა დაღლილი ბერიკაცის ხელივითაა,
უღონოდ ფეთქავს.

იქ, მშრალ ნაპირზე  მეთევზე დგას,
ხელში  უჭირავს ნისლებისფერი დარაია,
როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი
და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე,
მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს
და  ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს.

ჩემი სატრფოა ეს მეთევზე,
რამდენი დღეა, მის მოსვლას ვუცდი…
შენ კი…

იქნებ მორეკო ჩემი ღრუბლები,
წვიმებისაგან სავსე ცურებით,
წყალუხვი გახდეს მშრალი მდინარე
გამოცურდნენ  კალმახები
და ჩემს სატრფოს წინწკლები მისცენ.

…მოვა მერე  ჩემს ჭიშკართან ჩემი მეთევზე,
ეზო იქნება დატბორილი ნაწვიმარი იების ბინდით,
ცა  –  ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი,
სახლი  –  ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით…
და სწორედ მაშინ, სპილენძის თუნგს როცა გავუწვდი,
სავსეს კისკისით,
შეიფრთხიალებს დარაია ჩემი სატრფოს ხელისგულებზე,
როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი
  და გაიშლება  – ნისლებისფერი, ლურჯად და წითლად გადაწინწკლული.
თვალებით ვეტყვი ჩემს მეთევზეს:
შემომახვიე, დარაია,
რომ შემეხოს შენი თითები,
თორემ საცაა,
ღილებაწყვეტილ  ღილ–კილოდან ამომისხლტება შენი სურვილი.

ახლა ხომ ხვდები, რატომ მინდა, რომ მორეკო
ჩემი ღრუბლები…

Sunday, February 20, 2011

ვარიაცია დროში და დროზე **ლაშა ბერაია**


ის არის.
თითქოს მართლა ის გზაა
ანთუ გზაგასაყარი,
სადაც ვხვდებით და ვშორდებით ერთურთს –
ეს დროა, სივრცეში განფენილი...
ხდომილებათა კასკადს ცხოვრებად ვნათლავთ,
ის კი დაგვცინის თითქოს – დრო,
განფენილი უსასრულო ვარიაციად,
რომლისთვისაც ხდომილებები
მარადისობის წკიპურტებია მუმიის ტანზე.
თავს რით დავაღწევთ სარკოფაგებს –
მომნუსხავ რწმენას, რომ აი, იქ, მიღმიეთში
გველის ნამდვილი, მნიშვნელოვანი?
გზები, გზები, გზები, ზარები,
ფარაონის ქურუმთ ფუსფუსი,
ორაკულთა შმაგი მჭევრობა,
მღვდლების ბუტბუტი, კივილი მოლას...
ის არის?
იქნებ ეს ის გზაა,
მგზავრიდან რომ ყარიბად გაქცევს,
რომლის მიზანი უხსენებლის პირით კუდის ჭერას ჰგავს?
სად უფრო მეტია, ნეტავ, სიბრძნე:
იმ მდინარის სიხარულში,
წინამორბედი წყლების კვალზე რომ რბის და კვალავს
გზას მომდევნო ზვირთთა კონისთვის,
თუ მარადიულის ცივ ცინიზმში,
რომლითაც ხელს ჰკრავს ჩვენს მცდელობებს –
დრო გავაჩეროთ, დრო დავაბრუნოთ, დროში გავშეშდეთ?
მუდმივად ვსწავლობთ დროის მოთოკვას,
ვატყუებთ, ვჭეჭყავთ, ვხევთ, ვანაკუწებთ,
მერე კი ჩვენი გემოვნებით ვაერთებთ მთელად
და აწ მართლაცდა წრეგადასული სიშმაგით ვამბობთ
უსათაურო ფანტაზიის ჩხირით ნაქსოვზე:
„აი ჩემი დრო – ჩემი ბაირაღი, ჩემი ჰიმნი და გამარჯვება.
შეხედეთ, დატკბით. თუ სურვილი გაქვთ, მოისინჯეთ,
იქნებ მოგერგოთ... უნდა მოგერგოთ – ეს ხომ ჩემი ნახელავია...“
ნუთუ ისაა?
ნუთუ დროში გაჭედილებს მარადისობა ოდესმე მოგვცემს
თუნდ მცირე იმედს, რომ ფარდის მიღმა შეგვახედებს
და იმ სცენას დაგვანახვებს,
სადაც ძრწიან, როკვენ, მჩქეფრობენ ჩვენი ვნებები,
სად დიად ფიქრებს ენაცვლება ენის მოჩლექა,
უადგილო ღლაბუცი და ფერისცვალება?
გადაიკვეთნენ მერამდენედ გზები, ხიდები,
მზვაობარ გულებს კარს უღებენ მგზავრთა ფიქრები.
გზებად ქცევისთვის მოწოდებად დაირწა მთვარე,
მის ნამგალში კი წვიმად მოდის ამაოება.

ნუ გაჩერდები.... (მგზავრი იყავი აქამდე და... ახლა კი _ გზა ხარ!) **ცირა ბარბაქაძე**


ნუ გაჩერდები,
როცა არ იცი, საით წახვიდე,
მდინარეებს ჰკითხე და გეტყვიან,
როგორ ისწავლეს სიარული...
მათ ყოველთვის ზუსტად იციან,
საით გაკვალონ....

ნუ გაჩერდები...
შენს თავს მიჰყევი და
ფონს გაგიყვანს...
და ეს სამყაროც
იქით წამოვა,
საითაც წახვალ....
ვარსკვლავივით აგედევნება...

და შენი სუნთქვის თანამგზავრი
ურჩი ქარებიც
ჩადგებიან,
რადგან ქარებიც…
მხოლოდ  უძრავ საგნებს ერჩიან...

ნუ გაჩერდები...
არცერთია ბოლო სადგური
და ვერსად ჩახვალ...
ნუ გაჩერდები...
მგზავრი იყავი აქამდე და...
ახლა კი _ გზა ხარ!


19 თებერვალი, 2011.

Friday, February 18, 2011

ჩემი ლამაზი, პატარა ქალი **ლელა ცუცქირიძე**


ჩემს ცოლსა ჰკითხეთ,
რად ვუყვარვარ,
მე ვერას გეტყვით…
მონადირე ვარ, მეომარი, მწყემსი, მეგუთნე…
მთელი ცხოვრება   გამარჯვების ყიჟინას ვცემდი,
ან ვებმებოდი დამარცხების  უხმო ფერხულში.

ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი,
როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი,
ის, ჩემი ცოლი,  მოდიოდა.  ჭრელი თავშალით
მოჰქონდა ჩემთვის პური, ღვინო,  აღზევანის მწიკვი მარილი… 
მერე  მიწიდან  ხელმეორედ იწვერებოდა  ხორბლის თავთუხად,
მწირი საგზლიდან დავარდნილი  სიყვარულის  ერთი  მარცვალი.

თუ ვნადირობდი, ან საომრად თუ მივდიოდი,
ის სახლში იჯდა.
ჯალაბს უვლიდა და ფიქრობდა,
 რომ მე ვიყავი,  ვინც ბრძოლაში გამარჯვებული
მთვარედ ჰკიდებდა ცის ჭერხოზე მტრის მოჭრილ მტევანს.
 და მთელი ღამე,  როცა ყველას მიაძინებდა,  
თავაუღებლად  თითისტარზე ნისლებს მირთავდა.
დილით კი  გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა,
რომ დაბრუნება  შემძლებოდა
  თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად.

თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით,
ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა,
მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა,
რომ გავყოლოდი მის  ნაფეხურებს, 
მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და 
მონატრებული, 
მივფერებოდი  ქერისფერ თმებზე.

მე ვერას გეტყვით,
ჩემს ცოლს  ჰკითხეთ,
ახლაც ვუყვარვარ.
აგე, მთიები ჩემს ჯუბაზე ამოქარგულ ორნამენტებს  ჰგავს  – 
ჩითისკბილას,  ნაჭრელს, ჯვრიანას…
მე  კი გზაში ვარ,  ოღონდ ახლა – მიწიდან ცისკენ.
სახეში მცემენ საზარელი, ცხადი სიზმრები: 
ცალად დამირჩა ჩემი ცოლი  –  ჩემი ირემი
და  ჯავრიანად,  
 კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი,
ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!

ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…

Thursday, February 17, 2011

თუ ნამდვილი ხარ, დამენახვე... ***ცირა ბარბაქაძე***


* *
სულ ასეა:
დროს მაშინ ვპოულობ, როცა ვკარგავ,
ან _ როცა ვფლანგავ...!
არ ვიცი, როგორ უნდა გავუფრთხილდე მას,
რაც წყალივით იპარება მუჭიდან...

აი, ახლა გადავწყვიტე, დროის დაზოგვა...
ავდექი და სიტყვებში ვასახლებ...
თან ვეკითხები ყველა სიტყვას _
ეს ხომ ნამდვილად შენი დროა...?
ხომ სწორად მოხვდი დროში?
თუ სიტყვები მემორჩილებიან,
მაშასადამე, არც შევმცდარვარ...
საით მივყავარ სიტყვების დროს?

ამაზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი...
და, შესაბამისად, შემდეგ სიტყვას ვეკითხები:
გინდა ამ დროში დარჩე?
სიტყვებს ყოველთვის აქვთ პასუხი...
მთავარია, დრო განსაზღვრო სწორად _
სწორ დროში მოხვდე...

არ ვიცი ახლა _
ვფლანგავ, ვხარჯავ თუ ვპოულობ დროს...
თუ, საერთოდაც,
ამ სიტყვებით სულ სხვა დროში ვმოგზურობ...

ამასწინათ მეგობარმა მითხრა:
ხომ გახსოვს, გაჩუქე დროის პორტატული
მანქანა...?
ჰოდა, იმ მანქანით “სხვა დროში” მოვხვდი და
ვეღარ შევხვდი მეგობარს,
რომელიც იმ დროს სხვა დროში იყო...
ნეტავ რად მინდოდა?
ისედაც იმდენი დრო მაქვს,
არ ვიცი, როგო დავკარგო...
არა და, უნდა დავკარგო და მერე
გულიანად ვიწუწუნო:
რა ვქნა, დრო არ მყოფნის, დრო არ მრჩება, დრო არ მაქვს...

დროის მეტი რა მაქვს:
და არა მხოლოდ აწმყო...
(აწმყო საერთოდ, დრო არც არის...)
წარსულები და მომავლები
და არა მხოლოდ ჩემი დროები.

რა  ვრცელია ის, რაც სინამდვილეში ასე მოკლედ გვეჩვენება..
ვრცელია... რადგან ყველა დროს თავისი სივრცე აქვს
და ახლა, როცა გელაპარაკები და შენ წინ ვდგავარ
ამ სიტყვებით...

შენ როგორ ფიქრობ: ემთხვევა ჩვენი დრო ერთმანეთს?
რამდენი დრო დავკარგე,
სანამ შენამდე მოვიდოდი
და რომ მოვედი, რა მერე...?
რამდენი მოვედი... შენ სხვა დროში დამხვდი...
მაშასადამე, სხვა სივრცეშიც...
სულ დაკარგული როგორ უნდა ვიყო:
ტექსტში დაკარგული, დროში დაკარგული,
სივრცეში დაკარგული...

პირობას გაძლევ(თ):
შენ და საკუთარ თავს (მათ შორის სხვაობას ვერ ვხედავ)_
როგორც კი დროს ვიპოვი,
მაშინვე დავკარგავ...

დრო _ ჩრდილია... აი, შეხედე, ამ ხეს და მზის დახრილობას...
ჩრდილი ადგილს იცვლის ხის გარშემო დროის მიხედვით
და ხე კი დგას და დგას...

მოდი, დავბრუნდეთ ჩვენს დროებში,
აღარ მინდა, ჩრდილების დევნა...
თუ ნამდვილი ხარ, დამენახვე...
და არა მხოლოდ სიზმრებში...
რაო? “ყველაფერს თავისი დრო აქვსო?” _
ჰო, რას არ მოიგონებს ადამიანი, ცხოვრებას რომ გაექცეს!

17 თებერვალი, 2011.

Thursday, February 10, 2011

როცა ცა იხსნება... **ცირა ბარბაქაძე **

აქ როცა ცა იხსნება,
მოემზადე დაკარგვისათის...

აქ არა ხარ ახლა შენ, არც მე ვარ,
სამაგიეროდ, არის ის _
კოსმოსი...
სადაც ყოველი მოძრაობა კანონზომიერია
და მიზიდულობა კანონი,
რომელიც მხოლოდ დისტანციაზე მოქმედებს.

აქ მე ვხვდები, რომ ზედმეტი მიახლოვება
გარდუვალი კატასტროფაა
და ჩვენ ვრჩებით არც ახლოს... არც _ შორს...
არამედ _ შორიახლოს...

კოსმოსი, რომელიც ჩვენში აირეკლა,
გვიმორჩილებს და გვატარებს იმ გზით,
რომელსაც ჩვენ დავარქმევთ ბედისწერას
და რომელიც ყოველთვის ხდება შემთხვევით.

აი, ჩემი თავისუფლება _
ვარსკვლავების მორჩილი ვარ...
ავჩერებივარ ცას და გეძებ, სად დაიმალე...

აქ როცა ცა გაიხსნება,
ვარსკვლავები დაგენახვებიან
და გასწავლიან გზას საკუთარი თავისაკენ.

რადგან, როდსაც ცაში იყურები,
სინამდვილეში შენ უყურებ
საკუთარ თავს ვარსკვლავებიდან...

ახლა თოვს წვრილად
და ნისლოვანებამდე ნისლი და ღრუბელია...
მაგრამ, როდესაც ცა გაიხსნება,
მე დაგინახავ ისე ახლოდან...
და შენ იქნები ისეთი გამჭვირვალე,
როგორც ჰაერი და
მე შეგისუნთქავ...
და რიტუალი, სახელად ცხოვრება,
აზრდაკარგული და გემოდაკარგული,
გააგრძელებს დინებას
ჩვენს საწინააღმდეგოდ,
მაგრამ ვეღარაფერს დაგვაკელბს!

ჩვენ კი _
დროისაგნ და ცხოვრებისაგან და საკუთარი
თავებისაგან გარიყულები,
შევრჩებით უცხოქალაქს...
რომელშიც შენ იკარგები დროგამოშვებით
მაშინ, როცა მე შენში ვარ დაკარგული.

იქ, სადაც ცა იხსნება
და ვარსკვლავები თავის ენაზე
მელაპარაკებიან,
სამყარო მიყვება შენზე...

დრო, თოკით დაბმული,
გახედნილია...

იქ, სადაც ცა იხსნება,
სატურნის ახლოს...
იქ, სადაც მესმის
ვარსკვლავების გულების ფეთქვა...
შენგან წასული
უნებურად მოვდივარ შენთან...

29 იანვარი, 2011.

Tuesday, February 1, 2011

ხალხურ მოტივებზე ♥ ნუციკო დეკანოზიშვილი

დილას აქეთია ვუყვები შენს შესახებ ღმერთს...
ცა პათოლოგიურად ცისფერია,
უბრალოდ, დალევს და წვიმს.

"თებერვალი დადგაო" ... და მე,
"ხეში წყალი ჩადგაო"... და გსვამ,
"ჩიტმა ჩიორამაო"... და შენ,
"საძირკველი ჩადგაო"... და

სად

არიან გახელილი სიზმრები და,
უსასრულო დღეები გზაწვრილები-ვით,
მე დღეს შენზე ვუყვებოდი ღმერთს,
მის ეზოში ყოჩივარდები

იწვნენ...

"თებერვალი დადგაო"... და შენ,
"ხეში წყალი ჩადგაო"... და ცრი,
"ჩიტმა ჩიორამაო"... და მზე,
"საძირკველი ჩადგაო"... და შინ

ვარ...

საყდრის მწვანედ აქაფებულ გზას
ნაპერწკლებით ველაციცე-ბი,
თითქოს შენ...
"თებერვალი დადგაო" ... და დღეს
შენს შესახებ
ათას რამეს ვუყვებოდი ღმერთს.