Monday, September 6, 2010

*** (გიორგი ზანგური)


შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,

სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,

განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს

თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,

შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -

ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,

ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,

მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,

სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,

ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,

ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა

და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,

სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,

ჩემი ადგილი ჩემსავე გულში

არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,

სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,

განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..

No comments:

Post a Comment