Saturday, July 28, 2012

ისეთი სუფთა სიყვარულია... **ლელა ცუცქირიძე**

***
ისეთი სუფთა სიყვარულია,
როცა მოდიხარ,
დგება სახლში
თოვლში გამშრალი, 
გახამებული თეთრეულის კამკამა სუნი.
ისეთი თბილი სიყვარულია,
როცა მოდიხარ,
მე - თეთრეულზე 
ბამბის ძაფით ამოქარგული,
გაყინული, თეთრი ყვავილი ვდნები, 
ვიშლები.
სხვა არაფერი შემიძლია,
ვიშლები-მეთქი, ნელ-ნელა ვქრები.
ისეთი დიდი სიყვარულია.

Monday, July 23, 2012

შენ ხარ ასეთი.... ***ცირა ბარბაქაძე***


* * * 
შენ ხარ _
გარეთ _ ატლასი და
შიგნით ათასი...
შენ ხარ ბროწეულის ყვავილებიც
და ნაყოფიც _ ათასგულა...
მე ვაგროვებ ყველა გულს...
მე ვაერთებ ყველა გულს...
მე მინდა იყო ასეთი:
ერთგულა და ერთგული.

23.07.2012

Wednesday, July 18, 2012

ფორს-მაჟორი ***ლელა ცუცქირიძე ***



გამოაცხადეს მოსალოდნელი წყალდიდობების
და უეცარი წყალმოვარდნების შესახებ.
მივედი მდინარესთან და დავიწყე ლოდინი. 
ჩამოიარეს ფესვდაკარგულმა ხეებმა,
მომეცით ჩემი ფესვები-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის ფესვებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს გზებდაკრგულმა ხიდებმა,
მომეცით ჩემი გზები-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის გზებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს სახლდაკარგულმა კედლებმა,
მომეცით ჩემი სახლი-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის სახლებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს მკვდრებდაკარგულმა საფლავებმა,
მომეცით ჩემი მკვდრები-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის მკვდრებს მისდევდნენ.
ჩამოიარეს ხავსდაკარგულმა ლოდებმა,
მომეცით ჩემი ხავსი-მეთქი, ვთხოვე,
ზედაც არ შემომხედეს - თავის ხავსს მისდევდნენ.
...ყველაფერი წაიღო წყალმა,
დამტოვა წყალდიდობაჩავლილი,
ქვიშასავით გაცრილი...
როგორც ასახდენი სიზმარი.

Saturday, July 14, 2012

შენს ხმაში *** ნინი ელიაშვილი***


ლექსზე დამეტყო შენი ხმის ლაქა, -
გამოულევი სევდის მდინარე...
მრავალჯერ მეტყვი - არმყოფი - აქ ვარ!
სიახლოვიდან გამომდინარე.
შენი უაზრო სიტყვები მესმის,
რადგანაც აზრი ჩვენთვის მეტია!
გამოღვიძების ცივი მზე შემშლის
და შენს არყოფნას გზები მეტყვიან.
მივხვდები როგორ მიხმობს ჩვეული
შებინდებული ქალაქის სევდა.
ეს გული ქარში გადახვეული
ათასი წლის წინ რომ გამიჩერდა,
ისევ დაიწყებს აჩქარებას და
კვლავ გავაგრძელებ დაწერილ ლექსებს..
ყოველი გვერდის ჩამთავრებასთან
ჩემი კალამი თვითონვე გეძებს.
ლექსში ხმაურობს შენი ხმის ლაქა,
შენი არყოფნაც ლექსში ხმაურობს...
გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამს -
მინდა შენს ხმაში ვიმოგზაურო !
ახლა როდესაც სინათლე კვდება,
უხმოდ ჩამოკრა სიბნელის ზარმა..
ახლა - უბრალოდ მე გული მწყდება,
რადგან იძახი აქმყოფი - არ ვარ....

Sunday, July 8, 2012

*** ელგა ფოლადიშვილი


წავალ, ჩამოვხსნი გასაშრობად გაფენილ დღეებს,
თორემ ბეღურებს ფანჯრის რაფა ევიწროებათ...
სათითაოდ წამოვკრიფავ:
ფერწასულ აისს...
გაცრეცილ დილას...
უსახურ დაისს...
დაკემსილ ღამეს...
და ზეწარს, მარცხნივ რომ ეტყობა ნაწოლი...
გულის მხარე საწოლშიც ჩემია.

შენ მანამდე დალიე ჩაი...
მაგიდაზე დევს ორცხობილა.
ნუ უყურებ ასე ჯიუტად,
კედლის საათმა ისედაც იცი,
დიდ ისარს როდის უსწრება პატარა...
გაიკეტე კარი უხმოდ,
ნუ გადარაზავ...
არსად არ წავალ.
აივანამდე სულ ორი ნაბიჯია...
სამზარეულომდე -  ექვსი...
აბაზანამდე - ოთხი...
ამ "სამკუთხედის" იქეთ წასასვლელი მაინც აღარ მაქვს.

წავალ ავკრიფავ დასაკარგად განწირულ დღეებს,
გაწყვეტილი მძივივით რომ გაბნეულან მტვრიან ქალაქში...
კალთაში ჩავიყრი,
ფეხმორთხმული დავჯდები იატაკზედა დავახარისხებ:
შენთან ყოფნის და უშენობის დღეებს გადავთვლი...
მერე თითებზე დავითვლი წლებს და თავს ვინუგეშებ -
ათის შემდეგ ისედაც სიცარიელე იწყება...

ამასობაში შენ მოხვალ სახლში.
დაღლილი ხარ...
შემოდგომასაც გასდის ლანდი
და  ერთმანეთის ჩრდილად ქცეულები
რიგრიგობით რაზვათ - კარებს,
ხურავთ - დარაბებს,
აქრობთ - სიანთლეს...
ზამთრის საღამურს იცმევ და ამბობ:
მე ვიძინებ!..
შემოდგომას რა დააძინებს, ჩემთან რჩება დაზამთრებამდე...

წავალ...
აივნამდე სულ სამ ნაბიჯია,
წამოვკრიფავ გასაშრობად გაფენილ დღეებს...
სამზარეულომდე  -  ექვსი,
ჩაიდანს შემოვდგამ გაზქურაზე...
აბაზანამდე -  ოთხი,
გამშრალ თეთრულს ისევ დავალბობ...
და დილიდან ისევ თავიდან დაიწყება
მარტივი და მოსაწყენი არითმეტიკა:
ერთს პლიუს ერთი ორს უდრის,
ერთს პლიუს ნული - სიცარიელეს...
არც ოჯახს,
არც სიყვარულს,
სიცარიელეს!..

_____________

წავალ, ჩამოვხსნი გასაშრობად გაფენილ დღეებს,
თორემ ბეღურებს ფანჯრის რაფა ევიწროებათ...
ისინი ორნი არიან.

Saturday, July 7, 2012

ს ა მ კ უ თ ხ ე დ ი *** თემურ ჩხეტიანი ***

რითი ვიმართლო თავი
იმ ლექსთან,
ჩემს გამო რომ დააყრიან
სიცილის კენჭებს ?

რითი ვიმართლო თავი
იმ ქალთან,
ჩემს გამო რომ გააწნავენ
სიტყვას და სილას ?

რითი ვიმართლო თავი
იმ ხესთან, 
ჩემს გამო რომ დახერხავენ
ბოლო ფიცრებად ?..

წიგნიდან „საღამოს ფოსტა“, 1987 წელი

ჩემს სხეულთან გარითმული **ლიკა ყიფშიძე

ჩემს სხეულთან გარითმული,
ჩემს სულს რატომ გაემიჯნე?
როკავ...
ცეკვავ...
მიმზერ,მაგრამ...
ვეღარა ვგრძნობ შენში მიჯნურს!
მიმიზიდე...
განმიზიდე....
ვნება...
ცეცხლი...
ვნება...
ცეცხლი....
ახლოს თუ ვარ,მაკვდები და...
თუ შორსა ვარ,გიპყრობს ეჭვი....
დამამცირე...
დამაჩოქე....
ვერ მიმეტებ,ვერა,ვერა!
მერე ნაზად მეხები და...
გახრჩობს,გახრჩობს ნეტარება....
გაგახსენდა...
გაგახსენდა....
რომ ვარ სხვისი,არა შენი?
ზიზღი გიპყრობს,
მომისროლე?
თან არ მიშვებ ცალი ხელით?
მიმიზიდე...
განმიზიდე....
ვნება...
ცეცხლი...
ვნება...
ცეცხლი....
ახლოს თუ ვარ,მაკვდები და...
თუ შორსა ვარ,გიპყრობს ეჭვი....
ისევ ვცეკვავთ სინქრონში და....
სხეულს სული ემიჯნება...
გრძნობა მიშვებს,
მაგრამ შენი ვნების ცეცხლი არ მეშვება!
ხელისგული სულს მითბობს და
ვერსად წავალ
ვერა–ვერა!
ვერც გამიშვებ,
სანამ ჩემს ცეცხლს შენი ვნება ეფიცხება!
მიმიზიდე...
განმიზიდე....
ვნება...
ცეცხლი...
ვნება...
ცეცხლი....
ახლოს თუ ვარ,მაკვდები და...
თუ შორსა ვარ,გიპყრობს ეჭვი....
მოეძალა სულს სინაზე
ახლოსა ვარ და ვარ შენი
მზერა გათბა,
წამიერად ,ზიზღს როგორღაც დაეხსენი....
კვლავ მიზიდავ,
მიკრავ,მიკრავ...
ასე ძლიერ?
არა,არა!!!!
ძვლები მტკივა,ახლოსაა,
დაგვტრიალებს თავს ფარვანა!