Tuesday, September 10, 2019

ნუ ხუჭავ თვალებს! /ნინო ალადაშვილი/


ნუ ხუჭავ თვალებს!
მიყურე და დამიმახსოვრე!
დაიმახსოვრე ყველა კოცნა,
ყველა სუნთქვა,
ყველა შეხება,
მომლოდინე შენს სხეულზე
ამოზრდილი,
სიხარულით მოზეიმე
ჩემი სხეული.
უყურე, როგორ იმეორებს
შენი ხელები
ჩემი ტანის ყოველ ფორმას,
ყოველ ხაზს და
მთლიან სილუეტს.
მინდა ხედავდე,
როგორ ენთება ჩემი კანი
შენ შეხებაზე
და მთვარის შუქზე
ლოტოსივით
თეთრად ელვარებს.
მინდა ხედავდე,
როგორ ხარობს ჩემი სული
შენთან ყოფნით.
ჩემს ყოველ კვნესა-ამოსუნთქვას
თან მოჰყვება
პირველყოფილ
ვნების სიმძაფრე.
მინდა ხედავდე,
სად ერთდება
ჩვენი სხეულის მდინარეები:
ბაგეებიდან დაწყებული სათავეები
ერთმანეთს ერწყმის.
ჩემი თმებიდან წამოსული ნაკადულები
შენს ყელს აწყდება.
ჩემი ხელები შენს მხრებს ერთვის,
შენი ხელები ჩემს მკერდს ერთვება.
იკვეთებიან აჩქარებულნი შუაწელში
და დიდდებიან.
მერე ორივე მიექანება
ფეხებთან ერთად,
ფესვებივით,
სადღაც ქვემოთ,
უსასრულო სასრულობაში.
ნუ ხუჭავ თვალებს!
მინდა მხედავდე,
და გესმოდეს,
და გჯეროდეს -
მე შემიძლია გადმოგისხა ჩემი სიცოცხლე.....
ჩვენი ცხოვრების მდინარეებმა
რომ იდინონ
დაუსრულებლად!...
/ნინო ალადაშვილი/
10
აგვისტო, 2019 .