Saturday, April 28, 2012

ითვალე დღეები ♥♥ლევან ქერდიყოშვილი♥♥


იჯექი, თითებზე დღეები ითვალე,
სანთელი დაანთე დაღლილი მთქნარებით,
დამალე ჯღანებში ფეხები ტიტველი.
გააღე სულ ყველა დახშული კარები!

მაგ სულს რომ კარცერად უქციე გარემო,
აცადე სათქმელი, თავის გზით ატარე,
გაწელე დღეები როგორც რომ გარმონი
ძველ პანაშვიდებზე. მეზობლის პატარა
ბავშვივით, ხალისი აჩუქე სამყაროს
სიცოცხლის არსზე და შენს შანსზე იფიქრე,
გაუშვი თუ ითხოვს ეგ სული -საპყარი,
შენც გაჰყევ, ოცნების რაშებით იფრინე.

მერე კი დღეები თითებზე ითვალე
იმ შენი ნამდვილი ედემის ნახვამდე
და მოკვდი მშიერი, მწყურვალი, ტიტველი
და თავისუფალი ჩიტივით... ნახვამდის!

01.04.12.
ბობნევი, ღამე

Wednesday, April 25, 2012

მოქალაქე ♥♥ლელა ცუცქირიძე♥♥

მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე, 
თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი, 
ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი, 
როგორც ყოველთვის. 
ქროდა ქარი, მზე ანათებდა, 
სავსე იყო პროსპექტი ხალხით, 
იდგნენ ხეები. 

ზეაწეული, ხმელი ტოტებით 
ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. 
ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, 
თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ 
და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს. 

მე არ მეცალა ხეებისთვის, სამსახურში ვაგვიანებდი. 
მზე ანათებდა, ქროდა ქარი 
და არც ერთ ხეს, არც ერთი ტოტი არ ერხეოდა. 
ტოტებზე მშვიდად დგამდნენ ბუდეებს 
ბუნკერებში დანაყრებული ჭილყვავები, 
დებდნენ კვერცხებს, 
კვერცხებიდან ბახალები იჩეკებოდნენ. 
ბახალები ტოტებს შორის იდგამდნენ ფრთებს და 
ვარჯიშობდნენ, როგორ დაეკრათ ჯერ: კანტი-კუნტად, ჩუმი ტაში, 
მერე მქუხარე, 
მერე ხანგრძლივი, 
ბოლოს - ხანგრძლივი და მქუხარე. 

ერთი ხანობა, გავიფიქრე: 
მოქალაქენო, მოიჭერით ხმელი ტოტები, რომლებზეც ზიხართ, 
დაყარეთ დაბლა, როგორც ხელები 
და თავს მიეცით უფლება, რომ იამაყოთ: 
პრესტიჟული სამსახურით, კარგი მანქანით, 
კარგი სახლით და აგარაკით, 
ევრორემონტით, ევროიმიჯით, ევროპიარით... 
ახალგაზრდა საყვარელით, 
ბებერი ცოლით, 
ყოველ საღამოს, დასაქოქი თოჯინასავით მომართული რომ გეუბნებათ: 
- მომეცი ფული ავეჯისთვის, სპა-სალონისთვის, 
ლიპოსაქცია-ბოტოქსისთვის, 
კერძო ბაღისთვის, სკოლისათვის, სამკაულისთვის... 
მომეცი ფული სექსისათვის, მოჩვენებითი სიყვარულისთვის... 
თქვენც მშვიდად იღებთ მოწყალებას ჯიბეებიდან ან საკრედიტო ბარათებიდან 
არა ქუჩის ბოლო კახპასთვის, 
არამედ სახლის და ოჯახის ბოლო ცოლისთვის. 
ნუ ნერვიულობთ, არავინ განგსჯით: 
ტოტები უკვე მოჭრილი გაქვთ 
და დაბლა ყრია. 

...მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!) 
მოქალაქე ვარ 
და ფიქრის ისე მეშინია, როგორც ჭილყვავის, 
(ჰიჩკოკის ფილმის ფრინველები დამდევენ უკან). 
მეშინია, საერთოდ, ფრენის, 
უფრო საერთოდ: ხმელი ხეების, 
რომლებიც ჰგვანან უფრთო ფრინველებს. 
მეშინია მაღლა ახედვის და 
ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია. 
ასე, ადვილად ვამჩნევ წარწერას: 
”მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!” 

მე, ყოველ დილით, როცა პროსპექტი სავსეა ხალხით, 
ჩემი სახლიდან გამოვდივარ, 
მზე ანათებს, ქრის ცივი ქარი. 
არ ვიმჩნევ ხეებს - ხელებაწეულთ, 
არ ვიმჩნევ ფიქრს და უფიქრობას, 
ჭილყვავებისგან ამოკორტნილ რუხი ღრუბლების ტრანსპარანტებს 
და ამ და სხვათა მიზეზთა გამო, 
მოკრძალებით მოგახსენებთ: 
გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ, 
მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი, 
რჩეული გვამი.

Tuesday, April 24, 2012

არაფერსაც არ გადავდებ... ♥ ♥ცირა ბარბაქაძე♥ ♥


არაფერსაც არ გადავდებ _
მე ვიქნები ასეთი:
მოულოდნელი და უეცარი -
გაზაფხულის წვიმასავით...
არ გადავდებ შენთვის სათქმელ
არცერთ სიტყვას,
არ დავაჭკნობ, არ გავახმობ,არ დავამწნილებ...
გუშინდელ სათქმელს
ხვალ ისე ვერასდროს გეტყვი...
უდროო სიტყვებიც დროში იბადება...

და როცა გავჩუმდები,
ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს.

არ გადავდებ სათქმელს, ”რომელიც მოიცდის”...
”ეს მოიცდის...”, ”ის არ მოიცდის...”
აბა, ჰკითხეთ სიტყვებს და სათქმელს,
თავად გიპასუხონ... რომელი იტყვის:
მე მოვიცდი...
არასდროს არაფერი არ იცდის.

ერთხელაც გახდები ისეთი შეშლილი,
საკუთარ თავს გამოუცხადებ:
არაფერია, გადავდებ საკუთარ თავს,
”ის მოიცდის...”

თავ-გადადებულებო და თავ-დადებულებო,
გამოგელევათ ოპიუმი...
უთაოებს ჭკუა აღარ მოგეკითხებათ...

მე დღეს გზაში შემხვდა ჩემი თავი
და დავიბრუნე...


ც.ბ.
24 აპრილი, 2012

Monday, April 23, 2012

მადლობა ღმერთო! ♥♥თამო ჯაფარიძე♥♥



მადლობა ღმერთო,
რომ მაქვს სამშობლო, ამაყი ერი
და ჩემი გენი ერკინება ათასწლეულებს. . .
დამასნეულე უშბისა და შხარას სახადით,
”რიჰოს”, ”ლილეოს” ზიარებით დამასნეულე.


მადლობა ღმერთო,
რომ ჩემნაირ ცოდვილ ქალებს აძლევ შენდობას,
მენდობი დღემდე და სანთელსაც იწირავ ჩემგან,
სიზმარში მაინც ხომ მაქვს ფრთები
და აღმაფრენაც ზოგჯერ ცრემლით მაღვიძებს დილით. . .


მადლობა ღმერთო,
ჭრელი მინდვრებით გახედნილი ბავშვობისათვის,
თანხმობისათვის - დამერწია ორი აკვანი,
ჩემი სამყოფი კაბისა და სამკაულისთვის,
ჯილდოდ მოძღვნილი ეკლებისათვის,
სასწაულისთვის -
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი რომ ჰქვია სახელად. . 


მადლობა ღმერთო,
ჩემს აკვანთან საჩხაკუნო მახსოვს მძივები,
ძუძურძიანი დედის კალთა-
სიხარულის საბრძანებელი;
სიმღერა ქალთა - ბატონების საგალობელი,
მამის ხელები - საიმედო თავშესაფარი. . .


მადლობა ღმერთო,
რომ მასწავლე ტკივილი ლექსით,
არ მაძინებდი,
მწარე იყო სიზმრების დრამა. . .
არ ამიხდინე ოცნებების
ფერადი გამა,
არც ნატვრისთვალი არ მაპოვნინე. . .


მადლობა ღმერთო,
რომ მაქვს პური
და სიყვარულის შაქრით ნაზავი თბილი ვახშამი;
და მყავს გამწყრალი ქმარი, რომელიც
მიწუნებს მუდამ ტრაპეზის მარილს. . .
არის კედელზე შენი ხატი
და სანთლებთან მოჩურჩულე ჩემი შვილები. . .


მადლობა ღმერთო,
რომ არ მაქვს ფული. . .
და არაფერზე არ გავიყიდე,
რომ ოქრო-ვერცხლზე უფრო დიდი რამ
მიწყალობე
და როცა გთხოვდი,
ხელისგულზე სულ მქონდა თაფლი
და არასოდეს მიქციე შხამად. . .


მადლობა ღმერთო,
რომ ვარ ღარიბი და მაზიარე
სიმდიდრეს სულის,
რომ ამოავსე ჩემი გული
მდუღარე სისხლით
და არ მანახე ცარიელი გულის სიცივე.. .




მადლობა ღმერთო,
რომ ძაღლივით ვიყავ ერთგული,
რომ არ მომეცი ძაღლის ბედი,
არ შემიბრალე,
არ მანებივრე,
არ გამიშვი მრუდე ბილკით. . .
მადლობა ღმერთო,
რომ არავის არ ვუღალატე,
ღალატისათვის არ ვმტრობ არავის,
რომ ყვავის ტუზი მუდამ იდო
გაშლილ ბანქოში
და ცხოვრებაში არ მაძლევდი
არაფრის ”კოზირს”. . .


მადლობა ღმერთო,
მეგობრისათვის, ვინაც შეძლო
ბეწვის ხიდზე ჩემი გაყვანა,
ვინაც მასწავლა პატიება,
თმენა, გატანა
და ამისათვის
არაფერი მთხოვა სანაცვლოდ. . .


არ ვიცი ღმერთო,
არ ვიცი ღმერთო...
ვიცი - დავუშვი ისევ შეცდომა,
მჯერა ამ ლექსზეც მომცემ
შ ე ნ დ ო ბ ა ს...


2000 წლის 23 აპრილი.
მესტია

Friday, April 20, 2012

და წავალ... ♥♥♥ ნინი ჩეხელი ♥♥♥


არ არის სუნთქვისთვის შექმნილი ყოველი!
(შეკრული დავრჩები მე ისევ ზამთართან!)
არაფერს არ ვუცდი...არაფერს მოველი...
იმასაც ვაბრუნებ,რაც დღემდე გადამხდა.
არ მინდა მოძღვნილი არცერთი წამი და
დავუცდი მე ისევ,დარდების სიუხვეს!
ვხედავ,რომ მიზეზი - სიცოცხლის წავიდა
ჩემგან და ჩემს ზღაპარს ცა ადგილს მიუჩენს...
არ არის სუნთქვისთვის შექმნილი ყოველი
და წავალ...წავიღებ აყოლილ ბილიკებს...
არ ვიცი, დარდი მაქვს დღეს უფრო რომელი-
მივდივარ ასე...თუ ყველა რომ მივიწყებს...

Sunday, April 8, 2012

ბზობა „ბაიაობა“ უფლის შემობრძანება გულში (იერუსალიმში) [ლინონი]


გვიხარია ჩვენს გულებში თურმე მოდის ღმერთი წმიდა !
პალმის რტოებს ვგლეჯთ და ვუფენთ იყურება ხალხი ხიდან.
ზოგს უგრძვნია მაცხოვარი ბევრსაც ტანჯავს ინტერესი,
სასწაულებს ახდენს თურმე !
დამანახეთ მოდის ღმერთი !?
მოდის ღმერთი! 
ყვალა მათთვის ვინც გაუღო გულის კარი
ვინც შეძლო და მოერიდა, არ იკადრა ბნელი ავი ,
ბოროტებას გაერიდა, თავმდაბლობა არ შებილწა..
ვინც იცნო და განიცადა ყველა გულით ხვდება უფალს ..
ამის მნახველ დიდებულებს,
მღვდელმთავრებს და ჩენიებულებს
სიმწარისა მოსდით ოფლი ...
ღარიბია მოდის ჯორით!
ნუთუ ეს არს მაცხოვარი ?!
ხალხი ბრბოა შემოვაქცევთ, 
გავასწორებთ მიწას ცოდვით...
ხელგაშლილნი დახვდნენ მაინც
ხალხი ხედავს, ხალხი გმინავს ,
არ შეგვეტყოს გულგრილობა,
პალმის რტოც კი მიგვავს შინა ...
შემოეხვია ხალხი ულევი,
სასუფეველი გაგვანდე  წმიდა!
გვითხარი როგორ შევძლოთ შენამდე ,
მოსვლა და რწმენა გვასწავლე გვინდა ..
შენახარ ის  ვისაც ველოდით, მხსნელი მესია შენახარ  ჩვენი ?
ვინც სიღატაკეს ჩაგვრას და ოხვრას ამოგვარიდებს სულიდან შვებით ?
….
წამით შეყოვნდა სიტყვა ძლიერი .... 
და  სანამ  ხალხი კითხვას  ყვიროდა ...
(ფიქრი)  
ნუთუ ეს არის ერი რჩეული ? 
სულ ცოტა ხანში ჯვარს გაცვავს წმიდანს ..
ივიწყებს საქმეს სასწაულებით  თვალით ნანახს  და  გულით განცდილს...
ლაზარეც მოკლეს მკვდრეთით აღმდგარი, რომ ეთქვათ შემდეგ მასე სად არის ..

წარჩინებულნი ბევრნი არიან , ხოლო რჩეულნი მცირედნი მასში..
ხშირად სიკეთე ცოდვა  ჰგონიათ,  შაბათი იყო არადა მაშინ..

შენ შეგვიწყალე უფალო ღმერთო, ჩვენი ცოდვებით ჯვარს გაცვავთ მუდამ ..
არ შეგვეტყოს გულგრილობა….
პალმის რტოც კი მიგვაქვს შინა ... 

Saturday, April 7, 2012

აღსარება ***ნიკა ჩერქეზიშვილი***

(პოეტური მიგნებების გარეშე) 

მარტივად, 
ისე, 
რომ სიკვდილზე კიდიხარ, 
ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში, 
ყველა კონცეფცია და ყველა იდეა, 
ყველა თეორია მცდარია.
ფუ ეშმაკს! 
აქ ხვდები პარადოქსს, 
ჩანს,
წინ წაიწევა 
საქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ, 
უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა, 
ვიდრე სთხოვ, 
რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს
თუ არ მოუფრთხილდი,
ერთხელაც მოხდება, 
დადგება განგება შემთხვევის დონეზე, 
პირველი რჩევაა - მკვდარი ნუ მოკვდები, 
მეორე - კაცი რომ მეტია ცხოველზე. 
იცინი, 
(სიმწრისგან)
რომ სერიოზული, 
არის განლაგება ქაოსში საგნების,
პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად, 
რა შუაშია და 
ძნელია გაგნება 
გზის, 
როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი, 
მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად, 
ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილის 
აზრია უაზრო, 
ფუ შენი, 
მოდი რა, 
აქციე ზურგი ამ ხმას - გულისარევის, 
გეგმა ვინც დაიდო წინ - იმოგზაუროს
თვითონ
და მოეშვი წეს-წყობის არევას, 
წესი რა წესია თუ აურზაური, 
აღრევა, 
დებოში არ გამოიწვია, 
ფეხები რად გინდა თუ ძლივს არ მიათრევ, 
ასეა,
შენამდეც მრავალმა იწვნია, 
რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე. 
რადგანაც გრძელია გზა, 
გარდაუვალი,
აქამდე ყოფილთა, 
არდაბადებულთა, 
და შეწყალებაზე ნათქვამი უარი - 
დროა, 
რომ უარყო, 
სანამ ჩაგეხუთა 
ჰაერი, 
ცხოვრება ნამდვილი ომია, 
შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს, 
ვერც შენ გადარჩები თუ არ გითხოვია 
უფლისთვის, ინებოს, გახვიდე ბოლომდე. 
რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები, 
ჰგავხარ უსურვილო, 
უსულო თვითმკვლელებს, 
სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ, 
ილოცე - 
მიშველე, 
უფალო, 
მიშველე... 
დღეს ყველა სწავლული შტერია, 
პედანტი, 
ყველა გულმხურვალე - საზიზღარად მლიქვნელი, 
ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს, 
გამოთქმულ სირეგვნეს,
გამოთქმულ სიქველეს,
ვინ რა თავში იხლის, 
დროს,
წარსულს
რა შეცვლის,
ის მხოლოდ ოდროოდ წასულებს ენდობა, 
ვფიქრობ, 
ყველა კითხვას პასუხი გაეცა, 
დღეს თუ ხარ ცოცხალი - დღეს ითხოვ შენდობას. 
მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს, 
(აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები) 
ოცი საუკუნის წინ 
ღმერთმა ინება 
და ჩვენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება.

Monday, April 2, 2012

♥♥♥ ♥ნინი ჩეხელი♥


მაწუხებს სიჩუმე კვლავ გულის წიაღის.
არ მინდა უთქმელი რამე რომ დამრჩეს!
მაგრამ ეს სიცივე ჩემს იმედს მიახლის
კედელს და მერე ნატკენზე მაჭერს.


ალბათ ეს მომიწევს სულ...-მკრთალი ხელები,
ფურცელი,კალამი,სევდა და სითეთრე.
სიჩუმის ქაოსი და სუსტი ნერვები...
ცხოვრება მტოვებდეს,-მწყურვალი მივდევდე...


ოთახის სიძველე,ძახილი ფანჯრების,
დაფარვა უაზრო ლექსებით გვერდის...
უფეროდ დანახვა ფერადი ნაჭრების
და წამში ათასჯერ სიმღერა გედის.


გადამრევს,მგონია,ამდენი კითხვა და
დავრჩები შეშლილი,პასუხის ამარა...
-მიყვარდა ნამდვილად!ნამდვილად მიყვარდა!
...მერე კი წავიდა...ბარგივით დამყარა...


და ახლა არ მინდა გავუყვე სიმართლეს!
მე მინდა ვაბნიო ძვირფასი ჰანგები!
ცხოვრება ისეთი შეტევით მიმათრევს,
არ ვიცი მყარად თუ როდესმე დავდგები.


მაწუხებს სიჩუმე კვლავ გულის წიაღის.
-არ მინდა უთქმელი რამე რომ დამრჩეს!
მაგრამ ეს სიცივე წლებს მიწას მიაყრის,
რომ აღარ ვიქნები თანდათან მაჩვევს...