Friday, August 24, 2012

****** ♥ ♥ ♥ ელგა ფოლადიშვილი ♥ ♥ ♥


ჩვენს ქოხში ახლა,შენ რომ ჩადგი უღრან ტყეში, ბინადრობს ქარი...
დიასახლისობს ეკალ-ბარდი...
ჭრიალებს კარი...
და აბლაბუდა ლამბავს ჭორებს ფანჯრის ღრიჭოში,
მარტოობაზე მობუტბუტე ობობის ხლართით...
ჩამოსძენძია გვირისტები ფერწასულ ფარდას,
დაჭინჭრულ კედლებს აქერცვლიათ ქავილით კანი...
და იალქანი მოქარგული ბალიშის პირზე
შუაღამისას ჩაძირულა მოხატულ ზღვაში...

 - დაბრუნდებიან?!.
ჩამოსძახა მზემ დედამიწას...
მიწამ სამზეოს გამოფინა შავ-თეთრი კადრი:
მე - სარკმელთან...
შენ - სარკმლის მიღმა...
ყამარის ნასროლ სარკეში ჩანს იმედი ხვალის...
ამთქნარებს დღე და თვალს ვერ ხუჭავს უძილო ღამე:
მიწას - თიხისა,
თიხას  - კაცის აწუხებს დარდი...
- დედამიწაზე დაეკარგათ გზა ერთმანეთთან  და როგორ გითხრა რა მოელით მზეო, მანდ, ცაში?!.

როგორც ყვავილი გაზაფხულზე მიწის გამოცვლას,
ისე მთხოვს სული, რომ გადავრგა ედემის ბაღში...
სურს ევა იყოს ან წარსულში, ან მომავალში ...
და ის ნეკნი, კენტი ნეკნი, თუნდაც წამით შეიგრძნოს ტანით...
გაბერწდა სიტყვა...
წყალი ჩადგა სხეულშიც, კვალშიც...
და თებერვალი თალხი კაბით მიჰყვება მარხილს...
გამოულოცა ამ გაზაფხულს მერცხლების გუნდმა,
და ზამბახები გადამალა მაისმა ცაში...

Wednesday, August 8, 2012

ადამიანი ჩიხია და ლაბირინთი... **ცირა ბარბაქაძე **


ადამიანი ჩიხია და ლაბირინთი...
ის შედის საკუთარ თავში და იკარგება,
ავიწყდება რომელი კარით შევიდა.

სწორედ ის კარია გასასვლელიც,
რომელიც შესასვლელია... _
ვკარნახობ საკუთარ თავს.
და საერთოდ, რას და(ვ)ეხეტები,
ან ძაფი გამოიბი და ისე იარე,
ან სიტყვების გუდიდან დროდადრო
ანბანი  გადმოჰყარე და დააწყე ასე:
აქ უკვე ვიყავი...
ეს გზა გავიარე...
ამ წყაროს წყალი დავლიე...
ამ ჭინჭარმა დამსუსხა...
ეს უცნობი იმდენჯერ შემხვდა, უკვე ნაცნობია...
ეს წერილი უკვე მივწერე 7 წლის წინ...
წინ თუ უკან...?
მაგასაც რა მნიშვნელობა აქვს, როცა წრეზე ტრიალებ.

07.08. 2012