Tuesday, November 30, 2010

ახსნილი ტაბუ **ხათუნა ჟორდანია**

ერთ საიდუმლოს ამოვბეჭდავ ვარსკვლავთა ნებით,
გაცხადდებიან ზიარებით ზამთრის ბაღები,
ცად ელვასავით რაპირულად გამკრთალი ნიმბი
შეაკრთობს ღამეს გუმბათოვან მიმოთაღებით.

ეს უნდა მეთქვა წვიმის ხმით ან გრუხუნით მეხის,
ნელ ხმათა ნატიფ ჟღერადობას ციურ ჰანგებით, 
მიზიდავს მიწაც... ცივ სამარედ, ყოფით უკმეხი,
და საპირმოთნე მოჯამბაზე გრძნეულ განგების.

მხოლოდ შენშია მოყვავილე ზეცის ბაღნარი,
თვით სამოთხეც კი, მიმქრალი თუ ხორცივით ცხადი,
ადიონისებ სურვილს ვნების ბუკ-და ნაღარით
ისამანებს კი შენს სიმაღლეს ნაფიცი ვერცხლით?

სალი კლდესავით ბედის წარღვნით ვარ გალუმპული,
ო, სიყვარულო, ბევრიც მტანჯე, თუმც მანეტარე,
მივაყურადე იდილიურ ქარაგმულ მანტრებს,
ოცნების ფასკუნჯს დავუვარცხნე გზნების ბუმბული.

ნუ მიმიხურავ დარიბაბებს გულის აივნის, 
ვეღარ მზაფრავენ ნოსტალგიით ზამთრის ქარები,
ყველა ტკივილი, ყველა ტანჯვა, ვიცი, გაივლის
და ფარვანასებრ ისევ შენსკენ მოვექანები.

უკვე თენდება, ღრუბლის კერტებს ჩაუდგამთ ხსენი,
რძედაუშრეტელ ალიონებს მზით შობა ელით,
სულის თილისმებს ტაბუ აწმყოს მადლით ავხსენი,
კვლავ წუთისოფლის გზათა მიხმობს კორიანტელი.

*** (აყვავებულა არაგვზე დეკა) ელგუჯა უძილაური

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა - მთა,
სევდა მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ციხეგორობას სტუმრად მოგივალ
არ მაკოცება ნეტა?
შენთან ღრეობა მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.
ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს
რაისად სთელავ კენტად,
მოდი, ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.
და თუ შენს გამო ფშავლის ასულო
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
ნეტა მანახა როგორ მიტირებ
გლოვის სევდიან ხმაზე.
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა - მთა
სევდა მასწავლეს ფშავლის ასულო
ემაგ თაფლისფერ თვალთა.

Saturday, November 27, 2010

სულ ერთი... **ვასო შონია**

ერთი ამოსუნთქვა, სულ ერთი წამი,
სულ ერთი სიტყვა... მარცვალი სამი.

ჩემი ოცნება და ჩემი ნატვრა,
ოცნებით გაბრუვდა და ნატვრით დათვრა,
სიგიჟემ ოცნება ცოცხლად ისურვა,
აუხდენელი ნატვრა ინატრა,
შეისისხლხორცა, შეისისხლსულა...
მზედ  დაინათლა!..
ზღვად მიისხურა!..
უცვეთ იმედად იხილა...
მართალში ზღაპრად, ზღაპარში მართლად,
იხილა დანთებულ და უქრობ სანთლად -
ღვენთად უდნობად...
ყველაზე ახლო, თვალშესახები,
გადამიქცია შორეულ უცნობად,
გადამიქცია ცრემლიან ფიქრებად -
სიტყვად უსიტყვოდ, გრძნობად უგრძნობად...
სიგიჟემ ფაქიზმა, ჭკვიანმა სიგიჟემ,
კანი შემითხელა, სული გამიბერა,
გული გამიწურა, გაფრენა მისურვა...
მაქცია მელოდიად... მაქცია ნოტად -
უსაზღვრო სიცოცხლედ...  ცხოვრებად  ცოტად.

ერთი ამოსუნთქვა, სულ ერთი წამი,
სულ ერთი სიტყვა... მარცვალი სამი.

Friday, November 26, 2010

სატრფიალო ეპისტოლე *ხათუნა ჟორდანია*

მე შენ მიყვარხარ! ისე ვით ლილიტს,
იმ სუნთქვით, რამაც შეძრა ყოველი,
და ეთერული საუნჯით, თლილით, 
გაცოცხლებულა დღის სამყოფელი.
სხვა აღდგომისთვის ვქსოვ ახალ სხეულს,
ცას შევაგრაგნე გველის პერანგი,
ცეცხლში ალივით ვიყავ ცხებული
ცოდვის დამღით და ყოფის სვირინგით.
ძვირფასო, განა არ მეღვიძლები?!
განა ვერა გგრძნობ ერთ-ხორც და ერთ-სულ?!
მაგრამ ევაც ვარ გამოღვიძების,
რაც გვაშორებდა ჟამიჟამ ერთურთს.
მაინც ხომ შედგა დიდი შეხვედრა
ცისა და მიწის გარდაკვეთაზე,
ჰიმნად ქცეული ტრფობის ვედრება
ავაცისკროვნეთ სულისკვეთამდე.
მე შენ მიყვარხარ, ვიდრე სხეულად,
ვიდრე ადამად დაბედებამდე,
სამყარო რამაც ააცხაურა
აღსაზევებელ დაბადებამდე.
მე შენ მიყვარხარ უწინ და მანამ,
ვიდრე სამოთხის ანათემამდე
ცვარს გვიპკურებდა პურად მანანა
დაღამებიდან გათენებამდე...
მსურს, კვლავ შეგიგრძნო, როგორც სისავსე,
ვით სიმრავლიდან სულთქმნა ერთამდე,
რომ სასოებით ამაოსანო
ზე-საქორწინო გაღმერთებამდე!..

ჭიდილი *ხათუნა ჟორდანია*

ქარებო... ქარებო...
სადა ხართ? მომყევით!
სიცოცხლის მაგემეთ ლეწვა და ზანზარი,
ჩაბერეთ საზურნედ უღრუბლო ლოყები,
ქშინავდეს უცეცხლო გზნებათა ხანძარი.

გრიგალთა თარეში, სულების ყივილით,
რუხ ტაძრებს აცლიან იდუმალ საბურველს,
დილა მზეს შენატრის უმწეო ჩვილივით,
თვალთმაქცობს საწუთრო წუთთან მოსაუბრე.

ქვესკნელით განიღო აღდგომის კარიბჭე,
სხეული ამიწებს მიწიერ სარკოფაგს,
ახალი სამოთხის მებაღე _ ყარიბი _
წმინდა ნეკნს ულერწავს მთვლემარე არყოფნას.

თუმც... ჯერაც ღამეა, მრუმე და უძღები,
ბგერათა ატომი _ მეტყველი დენთია,
დასაბამს სასრული ქარაგმად წინ უძღვის,-
ღვთიური მარცვალის ნაყოფიც ღმერთია!

ტრფობის მაგია *ხათუნა ჟორდანია*

ნუღარ მიყურებ იმ სარკმლის მიღმა,
სულს რომ მიმღვრევენ ხსოვნის გედები:
ღამემ უკუნიც ამომიგმანა,
უორეულოდ დავეხეტები.

ზმანებაც არ ჩანს, შენც იგვიანებ!
ამინდიც გატყდა დანამდურევი,
თრობად მიიქცა ტრფობის მაგია
ძუძუნაწური ნანდაურებით.

ეგებ ცივ სივრცეს მთვარე წამოსცდეს,
უროიალო ქოროს _ ფუგები!
კვლავ მიგზავნიდე წარღვნებად კოცნებს
ვნების კოცონში დაფუფქულების.

გპირდები! *ხათუნა ჟორდანია*

ლოდინმა დაადნო ვნებათა თითბერი,
ბაგეებს ამბორის აღმოხდათ ტიტები,
ბუმბულთა ფრთის აშლას სახავენ თითები,
მზის წნულზე მქრალდება ასტრალის ტიტრები. 

რაც უფრო შორით ხარ, მით უფრო გცილდები,
ბადისებრ მოვქსოვე ბოლერო ბინდები,
ქარებმაც მულენის მოირგეს წინდები,
მომძებნი, მიპოვნი... მპირდები, მპირდები!..

სარკმელთან ჩასაფრდა უმთვარო უკუნი,
წარსულმა გამანდო მომავლის თიკუნი,
დავარცხნილ გრძნობებით ქვასავით ვფითრდები,
მოგძებნი, გიპოვნი... გპირდები! გპირდები!..

მარტოობის თალამონი *ხათუნა ჟორდანია*

მიხმობს მარტოობის მისტერია
ნების იდუმალი გახელებით,
ზეცა აღარ იცვლის ინტერიერს
ერთხელ ამოთქმული სახელებით.

ნუკვით ვენაპირე სამყაროებს,
არსთა გარდასახვის პამტომიმით,
ბგერა სიტყვით გაშლის მარაოებს
გზნებადანაღმული ატომივით.

ყოფის უფსალმუნო სამოსელით
ვსტუმრობ წუთისოფლის თალამონებს,
პეშვებს ცას მივაწვდენ საესაოდ,
შევთხოვ თანაგრძნობის თანალმობებს.

Thursday, November 25, 2010

ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი **ცირა ბარბაქაძე **

ამ თეთრ ფურცელზე მოვაგროვებ
ნაბიჯებს _ ფიფქებს...
გამორჩეულებს გადავაცვამ
ნისლის  ვუალებს...
დავითვლი ყველას, ჩემგან გასულს
აქეთ და იქეთ...
და უმეტესად, საკუთარ თავს
გარს რომ ვუარე _
დავითვლი ნაბიჯს....
რა თქმა უნდა, შენამდე მოსულს...
რომ მივიდნენ და უნებურად, ვერ მოვუარე...

25 ნოემბერი, 2010 წელი.

შეხმიანება ოშკს (მანიშნე მაინც) ** კოტე კაკიტაძე **

შენს ბებერ კედელს,
შენს ჩუქურთმას,
ჩემგან უნახავს,
რამე სათქმელი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?
შენს ნაბზარებში ხომ არსად დევს ძველი წერილი?
წერის არმცოდნის, თუმცა სუფთად გადაწერილი.
და იმ წერილში ხომ არ მთხოვენ კირის დაცილვას?
რა მეკირე ვარ? 
არ მოუკლავს კაცი დაცინვას!
იქნებ უჩემოდ ვერ გამოწვეს კარგად კრამიტი,
ან მთლელმა ქვისამ ვერ გააპო ზუსტად გრანიტი.
იქნება მნათემ არ აანთო გულით სანთელი,
ანდა სანთელი გახდა ისევ ჩამოსაქნელი. 
უადგილოა ახლა, მართლაც, ჩემი დანდობა,
მაგრამ დარდისთვის წამალია სხვისთვის განდობა.
მანიშნე მაინც, შენს ჩუქურთმას, ჩემგან უნახავს,
ერთი ტკივილი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?

Wednesday, November 24, 2010

ნედლი პალიტრა *ხათუნა ჟორდანია*

ჩემო ბატონო...
გახსოვს ოდესმე,
მეც ვყვავილობდი როგორც აპრილი,
შენ კი, ზამთარი გათოვდა მძიმე,
და ამ სიმძიმით იყავ დაღლილი.
მაგრამ ქორწილი თავისით შედგა,
და მე, აპრილი გკოცნიდი ზამთარს,
ძლივს, გაყინული გაგითბე გული,
გამოგარიდე ავარა ავდარს.
ბედი კი მაინც ცეკვავდა კანკანს,
მონეტებივიტ ვფანტავდით დღეებს,
და ღამეების კანდელთა კანკალს,
ვუსონეტებდით მშვიდ სამოთხეებს.
იხსნის აპრილი ბუნების ნებით,
ფიფქებით მორთულ გიპიურ კორსეტს,
ნედლ პალიტრაზე ნებივრობს ვნება
და ხატავს ხსოვნით აღდგენილ პორტრეტს.

ბუნგალოს ჰიტი *ხათუნა ჟორდანია*

ლურჯ ტალღაზე გრთავს ზღვა უსენსორო,
ამინდეს გაუწყებს ტელე-მისანი,
უნდა დატოვო ეს ბარი სენიორ,
ერთ დროსტარებად თუ დამისხალდი.
ზეცაც მოირთო პლუშის ღრუბელით,
ცხელ ნაპირს ლოკავს ზღვა მლაშე ენით,
ეს შედარება ამდილანდელი,
მიმანდილეთ ან შემაშრეთ ფენით.
აიციტატა ცა ალბატროსმა,
ბამბუკების და პალმების პარკში,
ტაბლად გაშალა სივრცე ტაროსმა,
გემები თვლემენ პორტის ჰამაკში.
ქარი აცეკვებს ხეებს დავლურით,
ბუნგალოს ჰიტიც მომბეზრდა ჟღერით,
წავიდეთ სენიორ,- სხვა ზღვა დავლიოთ-
შემოვერცხლილი კონცხის ფუჟერით.

თუკი ნატვრაა... *ხათუნა ჟორდანია*

სათრობელათი ვათრობ, -ვევლები,
ვითარც ჰეტერა საწუთროს ცბიერს,
ვერსალურ ხილვებს ავემხევლები
ვიდრე დღე-ღამის წარმავალ იერს...
ან თუ ნატვრაა... რაღა ათასი,
ერთი დღის გარდა ყველა დამაკლდეს,
და ეს სიცოცხლე ასე ლამაზი
ყაყაჩოსავით გულზე დამაკვდეს...

ერთი ხელწერა *ხათუნა ჟორდანია*

ეს წვიმა ახლა ჩემი თმებია,
თქვენც ხომ თმაწვიმა მოგწონდათ მუდამ,
იქნებ ახლა ვარ რითაც თვრებიან,
იქნებ ახლა ვარ ის თოვლის გუნდა...
ნურვინ მიმიტანთ ტკივილად გულთან,
აწ ბეწვის ხიდზე აღარ გავივლი,
რა ესაქმება მდგმურს სიყვარულთან
მალევე ჭკნება კოცნის ყვავილი..
მაგრამ ვერ გეტყვით მსგავსთთა და მსგავსთთა
დარად თმაწვიმა გავიწეწე რად?-
როს თხზავს საწუთრო ნაირფერ ფერებს
მსურს ჩემეულიც მქონდეს ხელწერა.