Saturday, October 30, 2010

* * * ♥ ოთარ ჭილაძე ♥

რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ, 
რაც სანახავი არსებობს- ვნახე. 
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, 
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. 

ვერ დავარბიე ჩემში ველური, 
კანდაშაშრული მზით და მარილით, 
ვერ მივაჭედე სულს სახელური, 
რომ გამოაღოს ყველამ კარივით. 

ყველა ზეიმზე დავიგვიანე, 
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე. 
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი, 
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს. 

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს, 
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ 
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, 
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. 

* * * ♥ ოთარ ჭილაძე ♥

ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს, 
არ წარიკვეთო არასდროს სასო, 
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი, 
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს. 

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი, 
კვლავ ისეთია, როგორიც იყო, 
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის 
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს. 

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი, 
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის... 
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი 
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის. 

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი, 
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს, 
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი 
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო. 

* * * ♥ ოთარ ჭილაძე ♥

მზად ვარ გისმინო და გემსახურო. 
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი 
და მღერის შენი მძიმე საყურე, 
გაბრუებული დეკემბრის თოვლით. 

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი, 
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული. 
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს 
და სარკეებში ნასწავლ სიარულს). 

სარკმელში ისევ თოვლი ირევა 
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს. 
და სკამზე, როგორც ნანადირევი, 
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა. 

Saturday, October 23, 2010

ვნება- მღვრიე და უანკარესი... (ზაზა ბიბილაშვილი)

ვნება- მღვრიე და უანკარესი,
თუ რამ მქონდა და თუ რამ მინდოდა,
საზი,
ტრაპეზი
თუ ასპარეზი,
ბედი სპათა თუ ბედი ინდოთა-
დამიგდია და ჟინით მოჯრილი
ქვაბს შიგან მალპობს თანისთანობით
სენი შმაგის და სენი მიჯნურის
და უფრო მეტად - უნესტანობის.
წელზე - მახვილი, მეხად ნაჭედი,
რის ამეხებას ვერ მოვესწარი:
ირგვლივ - ათასი ციხე ქაჯეთის,
მაგრამ არც ერთში - ჩემი ნესტანი.
თვლემენ მცველები, იღბლიანები,
მოფრიალებულ კართან დილეგის.
ისე უწყალოდ იგვიანებენ,
ალბათ, არც მოვლენ ავთანდილები.
თითქოს მნათების ათინათებიც
საბალდახინე გვირგვინებია.
ყრიან ლელებში მყრალი კატები
და ლომებივით იღრინებიან.
ვეღარც სიკვდილი ჩადგა თვალებში-
ლანდი ტრფიალის მეხთატეხისა,
ვერც უჩინმაჩინ მტერზე თარეში -
ამირბარული ჩეხვა მეღირსა.

და აღარ ვიცი, რად დამაფეთა
სიზმრად ნანახი ეშხის ზმორებამ
ან სიყვარულის ჭრელი ნაფლეთი
რად მაფენია ვეფხის ზოლებად.

უნდა დაგიბრალო... (ზაზა ბიბილაშვილი)

უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.


ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი... (ზაზა ბიბილაშვილი)

ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი
და ზმანებების პირისფარეში.
ჯანდაბას ათასერთივე ღამის
სულის ამოხდა ღია თვალებში;
ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი -
შენი მწარე და მწირი ხუმრობა.
ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი,
ქარწაღებული კირითხურობა;
ურვის ურდოთა შემოწყობანი,
გახსენებული გემო ცრემლების.
ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარის
მკითხველები და გამომცემლები;
გული - საშენოდ ძლივს მონაკრები
ნაკუწ-ნაკუწი ავლადიდება
და თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლები
ჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!..
მაგრამ:
თუ ხსოვნა განგების დასებს
ჩემში შანთებით ამოუტვიფრავთ
და ვით დამეცი ქარიან თავზე,
არ დამავიწყდი ისე უტიფრად;
კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები,
ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი;
თუ შემიგინე შემოსაყრელი
ქალწულიცა და ნაქალწულარიც
და ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი,
აღარასოდეს თათმანს არ გესვრის;
თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი,
ვით უჭრელესი გველის ნაგესლი;
თუ შემატოვე თოვლიან ბაღებს
გონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი;
ვერ მოგინელე - არაყი მძაღე,
ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. -
ნურც გაკვირდები:
ვეღარ გავქვავდე,
როგორც საცრემლე მესაფლავეთა;
ამომივიდეს ყელში
აქამდე
ყელში გაჩრილი უცხო პლანეტა;
თავს დავაბრალო ჟინი ბავშვური
და ყულფში გავყო მთელი შეგნებით -
სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩური
ამბოხებული მხედრის ჩექმების...
გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც,
რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს...
- ასე დაერქვას შენი სახელი
დაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.

სიყვარულის ახსნა *ზაზა ბიბილაშვილი*

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.


ლექსი მოყმისა და სიყვარულისა *ზაზა ბიბილაშვილი*

გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი -
უსიყვარულო სოფელი...
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი - უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!


ნათითურები *კატო ჯავახიშვილი *

დამალვა-
პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები,
რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები-
განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა-
მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი...
დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები-
შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი-
ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას-
საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალებიც,
რატომღა ეძებენ სამალავს.
სუნთქვა-
ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.


Tuesday, October 19, 2010

ყვავილით მორთული ფიქრები. *ვასო შონია*

გამოიფანტნენ ღრუბლიდან...
გამოფანტელდნენ მდუღარე ფიფქები,
ფიქრებს გადმოღვრილს გულიდან, სულიდან,
დახვდნენ მთრთოლვარე, ბეღურა ფიქრები...

სიტყვები...
სიტყვები მისტიკა, სიტყვები ნისლები,
სიტყვები უტყვი და უთქმელი სიტყვები
სულზე ალესილი ისრებით
მჩხვლეტენ, მსერავენ...
გულს მისერავენ, მერე კერავენ...
ასე ვერ მომკლავს და ვერ მაცოცხლებს
აწი ვეღარსად, ვერასდროს, ვერავინ;
სახე ნაწერი კეთილი ნების,
მსხვერპლად ვიცანი ღვთიური ბნედის,
ღირსად და სწორად ზღაპრული ალის,
ღირსად და სწორად შარავანდედის...
ნათების სანთლის!..
ღირსად ტახტის და ღირსად კვართის,
სიტყვის ნათელის და სიტყვის მართლის!..

ფარფატებს...
ფარფატებს, კრთის და შფოთავს,
სინათლით სავსე წყვდიადში ბორგავს,
თავის არსებით ჩემ  ფიქრებს ავსებს...
მოსავს...
თავისი ლოცვით,  ჩემ  ლოცვას ლოცავს.

Saturday, October 16, 2010

ცივი ლოგინი ♥ გიორგი ზანგური ♥

ზედმეტად ნაცნობ მელოდიასავით
ავიკვიატე შენი სახელი
და რახანია ვღიღინებ,
ისე სევდიანად!
ისე მოგონებით,
ისე ჩუმად,
რომ მეც აღარ მესმის.
სხვებსაც გადავადე,
სხვებიც ავიყოლია
და ახლა, თითქოს მთელი ქალაქი,
მთელი სამყარო,
შენს სახელს ღიღინებს_
აკვიატებულ მელოდიას.
გელოდები:
კიბეებზე ნაბიჯების ხმად
ერთ_ერთ საფეხურზე უხერხულ წაბორძიკებად
და ლოყებაწითლებულ გაღიმებად,
უბნის ბიჭებმა დაგინახეს.
ჩემი სახლის თავისებური სუნი,
შენს სუნამოს ელოდება
ყველაზე სასურველ სტუმრად....
და ჩემს ვნებიან სავარძელსაც
ერთი სული აქვს
როდის ჩაგისვამს კალთაში,
როდის მოგეხვევა
და დაგლოშნის გაშმაგებით.
სარკეს ისე მოენატრე,
რომ საკუთარ სიშიშვლეში
არავის ახედებს.
ერთ დროს
როსკიპივით რომ იდგა შემოსასვლელში
და უნდოდა თუ არა
ყველას ახედებდა თვალებში
ათასნაირ დამოკიდებულებად,
თუმცა არც ისე ლამაზი იყო.
ლოგინი გარდაიცვალა.
ბოლო წუტებში ისე ნატრობდა
შენს სიმძიმეს,
ძილში ტრიალს,
სიმხურვალეს,
ზეწარზე მელნისფრად გადაყვანილ
სიზმრის ლაქებს,
მაგრამ ამაოდ
და უშენობით გარდაიცვალა.....
და შენს მოლოდინში გაუცივდა
სხეული ლოგინს.
მე? მე იმდენ ხანს ვღიღინებდი
შენს სახელს, რომ სმენა დავკარგე....
და უკვე აღარც მახსოვს
მერამდენედ ამოიყორა მუცელი
ქვიშის საათმა
შენი მსუყე მოლოდინით....

ატმის ყვავილი *კობა ჭუმბურიძე*


როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, 
კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, 
და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას,  ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი 
და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი, 
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, 
როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო 
შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, 
ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, 
ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი 
და ოცნებაში სულ თან დაგყვება შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.

Friday, October 15, 2010

*** /მათე მარადელი/


და მიმატოვეთ დაღლილ ყვავილთან


ოდესღაც იგი მეც ხომ დავტოვე


შენ კი ზამთარო, სულო დასჯილთა, 


მონანიება გადმომათოვე!




***


მე მინდა ელვა წელდაგრეხილი,

რომ ნაპრალებად გადასკდეს სივრცე.


ვნახავ გასასვლელს, ძილგატეხილი


და დედამიწას ახლობლებს მივცემ.

Thursday, October 14, 2010

სულერთია ♥ ლიკა ყიფშიძე ♥


ეხლა ჩემთვის სულერთია,
ნახვა გინდა თუ არა,
ვნება ჩემში ცეცხლისებრი,
უკვე თითქმის ჩამქრალა

ახლა გინდა დიდი ძალა
ალი რომ გააღვივო,
არ გიშველის ეგ ღიმილი
და არც წითელი ღვინო!

ნაკვერჩხალი მინავლულა,
ცეცხლი თითქმის ჩამქვრალა,
ახლა ჩემს გულს უნდა კითხო,
ნახვა უნდა თუ არა!

და ნურც მასე ნუ მიყურებ,
არც ეგ  მზერა გიშველის
სად იყავი ნეტავ მაშინ,
შენსკენ როცა ვიწევდი!

როცა გულის ბაგა–ბუგი
დედამიწას არღვევდა,
შენ რატომ ვერ გაიგონე,
შენამდე ვერ აღწევდა?

როცა ტუჩებს შენი კოცნის
მონატრება ანთებდა,
და სხეული ჩემს სიყვარულს
ნაპერწკლებად აფრქვევდა!

ხოდა ეხლა სულერთია,
ნახვა გინდა თუ არა,
რადგან ვნება ცეცხლისებრი,
უკვე თითქმის გამქრალა !

მეფევ, დარაბები დახურე *ეკატერინე ლომიძე*

მეფევ,
დარაბები დახურე,
შენი მზე ვიქნები ამაღამ,
ბალიშს მარტოობით დანაღმულს
მზიური ალერსით გავნაღმავ.
დახურე ალაყაფის კარი
და ნდომა დაივიწყე ომის,
ამაღამ სარეცელს გაგიყოფს
ქალღმერთი, ნაშიერი ლომის.
რად გინდა ჯარი და სარდლები,
გაუშვი, მეცხრე ცას ეწიონ,
ჩემსავით ვერავინ დაგიცავს,
ამაღამ, მსურს თავი შეგწირო.
ალერსს შემოგაწნავ მკლავებად,
სულის გაგიხდები ფარეში,
დილით გიპოვნიან მეფეო
საწოლში ტრფობისგან დარეშილს.
მეფევ,
დარაბები დახურე,
სანამ გამქცევია სურვილი,
მეფევ,
შემომძარცვე ქამარი,.
ბოთლში ჩაკეტილი სულივით,
ვწრიალებ, ვედები ტალანებს,
მინდა, რომ ტალღებად დავეშვა,
ჩაგძირო ძუძუთა მორევში
ყელი გამოვღადრო კაეშანს.
მეფევ,
გამომყევი დიოფალს,
სანამ ჟინი მიდუღს ავაზის.
შენი მზე ვიქნები ამაღამ,
ლომის ნაშიერი ლამაზი.
მეფევ,
დარაბები დახურე,
მცველები მოხსენი ალაყაფს,
ამაღამ ძუ ლომი დაგიპყრობს
და ტრფობას აგართმევს ალაფად.

Wednesday, October 13, 2010

შ ე ნ ♥ ცირა ბარბაქაძე ♥

მე შენ გელაპარაკები... 
მთელი სამყარო კი ექოსავით მიმეორებს: 
მე ვარ... მე ვარ... მე ვარ... 
ვისაც შენ ელაპარაკები... 

მე შენ დაგეძებ... 
მზე კი მეუბნება: 
ეს მე მეძებ... მე მეძებ... მე მეძებ... 
აბა, იპოვე, ჩემი მეცხრე სხივი 
სად დაიმალა...? 
ჩემ წინ ყვავილი გაიშალა 
და დავინახე: 
იმ ყვავილში სხივი როგორ შეიპარა... 
დავინახე, მაგრამ არ ვიცი, 
როგორ ვიპოვნო... 

მე შენს ნაფეხურებს მოვყვები... 
წინ კი იმდენი ნაფეხურია... 
აღარ ვიცი, საით წავიდე... 
საით წავიდნენ ჩემი ზომა ნაფეხურები? 
მგონი სულაც ცალ-ცალს ვაბიჯებ... 

მე შენ გეძახი... 
ქარიშხლები გამცემენ პასუხს... 
ალბათ დამეწყო 
სიყვარულის ღვთაებრივი პარანოია... 
და ეს ფოთოლიც, ალვის ხეზე, 
შენ მიგამგვანე... 

მელაპარაკე... _ გეუბნები! 
უცებ სამყარო _ ხილული და უხილავი _ 
შენ მაგივრად მიწყებს საუბარს... 
შენ კი... შენ... სად ხარ... 
კაცი თუ ღმერთი? 
ეს ყველაფერი შენი ასლია... 

მე შენს თვალებშიც შენ დაგეძებ... 
ნამდვილი ”შენ” უნდა გიპოვნო... 
და დაგაბრუნო... 
და გეტყვი მერე: 
აღარ გნახო, შინიდან რომ ისე გახვიდე, 
არ დამიბარო...