Friday, August 6, 2010

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥

აჰა, დაღამდა..
დიდხანს გელოდი,
ახლა კარგავენ საზღვარს საგნები _
ხეების ტოტებს უერთდება
გამოღებული ჩემი ფანჯარა,
ხოლო ბეღურა სულში შემოდის,
რომელიც ალვის ხეზე დამჯდარა...
მე ვარ სარკმელი გამოღებული
და ყველაფერი ჩემში ხმაურობს _
ქუჩა, რომელზეც შენ გადადიხარ,
სახლი, რომელშიც უნდა შეხვიდე,
ჭიქა, რომელიც გელოდებოდა,
რათა პირამდე ყავით აგევსო...
და ყველაფერი ახლა ჩემშია _
მიედინება, როგორც მდინარე...
მე კი ვინა ვარ, ვერ გავარკვიე _
ქალაქი, სახლი, ხეები, ქუჩა...
იქნებ გზა,
ახლა შენ რომ მიყავხარ,
ანდა ეს წიგნი, სავსე აზრებით,
მიყვარხარ,
თუმცა ისევ დაღამდა
და დაეკარგათ საგნებს საზღვრები.

2 comments:

  1. ცირა ბარბაქაძის ფანი ვარ.ახალგაზრდა რომ ვიყო და პროფესიას ვირჩევდე...პროფესიას კი არა,მის სტუდენტობას ავირჩევდი..დარწმუნებული ვარ ცირას სტუდენტებმა იციან,რა ბედნიერება ხვდათ წილად..
    ლელა,მადლობა ამ ბლოგისთვის და ჩვენი დროის ასეთი კარგი პოეტების ლექსების შეკრებისთვის :)))

    ReplyDelete