Wednesday, August 4, 2010

გაბრაზებული წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ტექსტად გაქციე...
გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში,
ახლა კარს ვაღებ და
გეუბნები _
გათავისუფლებ...
მზის სხივებივით
აიკრიფე ამ ფურცლებიდან _
სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა,
წერტილებით და მძიმეებით,
კითხვისნიშნებით...
დამიტოვე თეთრი ფურცელი...
წადი და დარჩი ისევ უცვლელი,
თითქოს იყავი ოკეანე,
კენჭი გესროლეს
და არაფერი არ მომხდარა _
ყველა რგოლი გაიშალა
წყლის ზედაპირზე...

აიკრიფე ანიდან და ბანიდან
და განიდან და... ჰაედან...
თქმულიდან და უფრო მეტად
ართქმულიდან...
და მაპატიე, რომ ვერასოდეს
გადაგითარგმნე, რას ნიშნავდა
მრავალწერტილი...

მე გაპატიებ, რომ შეგეშალე
და რომ ვერასდროს ვერ გაიგე,
რაზე ვყვებოდი...

No comments:

Post a Comment