Wednesday, August 4, 2010

უსისხლო წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მთელი ჩემი ხუთ ლიტრამდე სისხლი
შენს ლექსებში ჩავტოვე.
ბოლო წვეთებით გწერ ამ წერილს...
დავცარიელდი...
არ გთხოვ, სისხლი გადამისხი მეთქი,
არ მინდა, დაგაკლო არც ერთი წვეთი...
გინდა, წვიმის წყალი გადაუსხი
გამომშრალ ძარღვებს...
ახალმოსული,
გამოხდილია...
მე გამიწყალდება სისხლი,
მერე ის სისხლი გულს გამიწყალებს,
ამიწყლიანდება თვალები (როგორც ყოველთვის)
და გავხდები უმოწყალო და წყალწაღებული,
და... ენას ვეღარ ავიწყლიანებ
შენთვის _
ვის რაში უნდა, უსისხლო და წყალწყალა ლექსი...
ბოლოს მთლიანად გავწყალდები
და არ ვინატრებ:
ნეტავი დედას გავწყალებოდი მუცლადყოფნისას
და არ მენახე...
არ მინდა, წყალწყალა და უშენო ყოფნა და
წვიმის წყალივით ავვორთქლდები,
შენკენ წამოსულ ღრუბელს გამოვყვები
და შენს თავზე გავწვიმდები
ბევრჯერ...
გულს გაგიწყალებ თბილი წვიმებით...
სულს გაგიწყალებ...
სულ გაგაწყალებ,
აგაორთქლებ,
ღრუბელზე დაგსვამ
და იქიდან ერთად ვუყუროთ _
თბილი წვიმები როგორ ცეკვავენ და თამაშობენ
ქალაქის თავზე დაჭერობანას...
ვუყუროთ, როგორ ახასხასდება
ფილაქნებს შორის მწვანე ბალახი,
რომელსაც ერთ დროს ფეხით ვთელავდით...
ან რა აზრი აქვს, რა ფორმით მოვალ _
წვიმა ვიქნები, თოვლი თუ ნისლი...
თუკი ყოველთვის შენკენ მოვდივარ...
დიდი ამბავი, გამითავდა,
აღარ მაქვს ს ი ს ხ ლ ი.

No comments:

Post a Comment