Sunday, August 8, 2010

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ვიცი, არაფერი არ შეიცვლება _
ამოვა მზე, გათენდება...
და ადამიანები შეჩვეულ საქმეს
გააგრძელებენ...
ხელები მოძებნიან შეჩვეულ სადავეებს,
სრულიად მექანიკურად დაიმორჩილებენ...
ან უფრო სწორად,
ჩვევა დაიმორჩილებს ადამიანს,
რომელსაც ჰგონია, რომ რაღაც შეუძლია _
სიყვარული, სიძულვილი, აღფრთოვანება...
ვითომ...
ვიცი, არაფერი არ შეიცვლება!
რომ შემეძლოს,
ცხოვრებას დავარქმევდი ცუდ ჩვევას..
მეც ამ ადამიანებში ვარ _
არეულ-დარეული, გადაზელილ-გადმოზელილი...
ჩემი ტკივილი ის არის,
რომ არ შემიძლია შევუერთდე
გარესამყაროს...
და როგორც ვერცხლისწყალი,
გატეხილი თერმომეტრიდან გადმოცვენილი,
ამაოდ დავსრიალებ ზედაპირზე _
ნაწილებად დაქუცმაცებული...
იქნებ ვინმემ დამაბრუნოს ბუდეში, სადაც
ერთი რამე დამევალება _
გავფართოვდე და შევიკუმშო იმის მიხედვით,
ტემპერატურა რას მიკარნახებს...
ვიცი, არაფერი არ შეიცვლება!
და შენც ამაოდ მაიმედებ _
რომ ხვალიდან და სამუდამოდ
ყველაფერი კარგად იქნება:
მზე ამოვა, მთვარეც ამოვა _
სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთ ცაზე...
ვიცი, არაფერი არ შეიცვლება!
მაგრამ მაინც...
კარს რომ გამოვხსნი
და ფრთხილ მზერას მიმოვატარებ
(უ)შენ(ო) ოთახს...
რად იცვლება მთელი სამყარო?!

No comments:

Post a Comment