Tuesday, August 3, 2010

წერილი ზღვიდან ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


დაგმარცვლავ ტალღებად _
მიქცევებად და მოქცევებად...
დაგმარცვლავ საათებად, წუთებად, წამებად,
წელიწადის დროებად...
ჩაგაცმევ და გაგხდი გაზაფხულს,
ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარს...
გაგათავისუფლებ დროისგან...

დავმარცვლავ შენს სახელს და
ორ მარცვალს გავზრდი გეომეტრიული
პროგრესიით უსასრულობამდე...
დაგაბინავებ სტრიქონებში,
გადაგწერ და გაგამრავლებ,
შენს ასლებს ჩამოვურიგებ ყველას,
ვინც ყალბი ნამდვილისაგან ვერ გაარჩია.

დაგმარცვლავ კრიალოსანივით
და ყოველ ჯერზე
ლოცვასავით გაგიმეორებ...
გავხდები შენი გულისცემის
ტავტოლოგია...

მერე...
მოგაგროვებ
ფერადი კენჭებივით,
უწყლო სოფელში წვიმის წყალივით,
დაგაგუბებ ოკეანესავით,
შეგქმნი მუსიკასავით,
დაგწერ ლექსივით,
გადაგათეთრებ და გადაგწერ
უშეცდომოდ
ჩემში და
ჩემგან...

No comments:

Post a Comment