Thursday, August 5, 2010

ბალიშის ქვეშ დატოვებული წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ისევ გათენდა...
ჩამოდი ახლა ჩემი ქუთუთოებიდან და
დარჩი ჩემს სიზმრებში...
მე კი წავედი გაცვეთილ სამყაროში,
რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ბალიშის ქვეშ გიტოვებ წერილს:
გთხოვ, დამელოდო, მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

და მაპატიე, ვერ გაგიყოლებ,
ეს ქვეყანა უნდო და პირქუშია,
ფერგალეული,
მეშინია, არსად გაიხეს და თან არ ჩაგვიტანოს.
ვერ გაგიმეტებ...
ვიხეტიალოთ ასე, ცალ_ცალკე...
ერთმანეთის სიზმრებში დავრჩეთ
და სხვა დროს დაველოდოთ...

თუმც დრომ კი არა,
უდროობამ მოგვძებნა, მგონი...…
უდროობასაც თავისი დრო
ჰქონია რადგან,
ის სხვა დროც მოვა...
მანამადე კი...

სიტყვებს ფეხი ავადგმევინოთ,
სული ჩავუდგათ...
ფრთები მივცეთ და
ჩვენ შორის სივრცეს ამოავსებენ...

მივდივარ, მაგრამ
დაგატარებ ყველა უჯრედით,
ყველა მზერით და ყველა ნაბიჯით,
ისე გიღიმი,
როგორც ბავშვი თავის ანგელოზს...

გთხოვ, დამელოდო,
ჩემს სიზმრებში,
ჩემი ბალიშის მარცხენა მხარეს,
სადაც დავტოვე წამოსვლისას ორი კურცხალი _
მლაშე და თბილი...

No comments:

Post a Comment