Sunday, August 1, 2010

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე (თეა ორჯონიკიძე )





რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,
თეთრი ტოტიდან აკაციის ყვავილი მათოვს...
ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ უშენობით დაღლილი–– რატომ?..

გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს...
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..

მინდა დავმშვიდდე... ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...

მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,
დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...
არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–
რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...

ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს...
სუნთქვაშეკრული ვაკოწიწებ დაფანტულ წამებს
და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ.

video

1 comment: