Tuesday, August 3, 2010

წერილი შენთვის ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მოდი და შენი თვალებით
გადამიღე სულის კარდიოგრამა...
და აჰა, შენ, ჩემი ანამნეზი:
ხანდახან ვგუბდები და ისე საშიში ვარ,
მეშინია, არ მივატოვო
კალაპოტი,
რომელსაც ჩემი სახელი და გვარი ჰქვია.

მოდი და...
ამ სულს რამე გაუგე _
მოუწესრიგე თანდაყოლილი არითმია,
გაუკვალე გზა,
თითქოს პირველი თოვლი მოვიდა და
ჯერ არავის გაუვლია...
და გამოუწერე სუფთა ჰაერი,
რომელიც არსად იშოვება...

გამომაღვიძე შენი სიზმრებიდან
და დამაბრუნე იქ,
სადაც არ მახსოვს,
რომ ოდესმე ვიყავი...


ჩვენ შორის არსებულ სივრცეებს რომ
სივრცე ემატება...
ჩემი ლექსები ხდება
რაღაცნაირი დუნე, ოკეანესავით,
და ისეთი, რომელსაც სიტყვებით დავწერ,
მაგრამ სიტყვებით ვერ აღვწერ.

სტრიქონები ჩემი
ხელისგულის ბედის ხაზებია
და ახლა ერთ_ერთ მათგანზე ვმოგზაურობ,
რომ შენ სადმე გადაგეყარო.

უკვე ყველაფერი გითხარი ჩემ შესახებ,
რაც ვიცოდი და
დანარჩენი მინდა, რომ
შენს თვალებში ამოვიკითხო.

No comments:

Post a Comment