Sunday, August 8, 2010

მთვარე მამაა <კოტე კაკიტაძე>


კარგად ვერ ვაცნობიერებ, ეს მე ვარ, თუ ის მეორე მე, მთელი ცხოვრება გულს რომ მიწვრილებს. ახლა მკითხველია მთავარი. იქნებ მან მაინც ჩააკმედინოს ხმა.

მთვარე მამაა ჩემი,
(სულ ტყუილად ადარებ სხვას).
ამიტომაც არ მათბობს და
თვალსაც ამიტომაც არ მაშორებს.
მთვარე გონია ჩემი,
ამიტომაც ვარ მთვარეული,
მიტომ დავყვები მას,
მაშინაც, როცა მძინავს.
მთვარე გენია ჩემი...
ამიტომაც მეღიმება ხშირად,
მაშინაც კი, როცა დედაზე ვდარდობ,
მაშინაც კი, როცა ჩაძინებულ შვილს ვეფერები.
მთვარე სისხლია ჩემი,
ამიტომაც ვწითლდები ასე,
ამიტომაც ვდედ(ლ)დები ასე,
სხვის დედას რომ ვიხსენებ უდიერად.
მთვარე ზენიტია ჩემი,
ამიტომ დავდივარ თავაღერილი,
მაშინაც კი, როცა ის წყალზე ტივტივებს
და სულში ჩახედვას მთხოვს.
მთვარე ბორკილია მძიმე,
მთვარე სასჯელია მკაცრი.
დამსჯის, ალბათ, დოქის გატეხვამდე,
გატეხვის შემდეგ სხვაც კი დამსჯის.
მთვარე მამაა ჩემი,
და არ მაშორებს თვალს ისე,
როგორც ჩემი ბუნებითი მამა,
რომელიც წავიდა ერთხელ
და არცერთხელ არ დაბრუნდა.

No comments:

Post a Comment