Sunday, August 1, 2010

მონატრება *თეა ორჯონიკიძე*


მოდი ჩემთან, გადამისვი თმაზე ხელი,
მომენატრე, მართლა ძლიერ მომენატრე.
ხეებს უკვე გაუხდიათ სამოსელი–
შემოდგომა აპარტახებს ბაღში ვარდებს.

მოდი ჩემთან, სინანულის მცვივა ცრემლი,
გავიხსენოთ დათოვლილი გაზაფხული...
სიამაყემ ჩამოყარა უკვე ფრთები
შენკენ ბილიკს მოვუყვები დაზაფრული.

ქარი დაჰქრის და სველ ჭადრებს ნელა არწევს,
თეთრ დუქანში ძველ მეარღნეს ემღერება...
საოცნებო ბილიკს მისდევს თეთრი რაში–
მე კი ქვეყნად აღარავინ მეფერება.

მოდი ჩემთან, მართლა ძლიერ მომენატრე,
აღარა აქვს ნუთუ ლოდინს დასასრული?...
იქნებ ისევ გაეღვიძოთ ბაღში ვარდებს
და გათანგულს მომილოცო გაზაფხული.

No comments:

Post a Comment