Tuesday, November 30, 2010

ახსნილი ტაბუ **ხათუნა ჟორდანია**

ერთ საიდუმლოს ამოვბეჭდავ ვარსკვლავთა ნებით,
გაცხადდებიან ზიარებით ზამთრის ბაღები,
ცად ელვასავით რაპირულად გამკრთალი ნიმბი
შეაკრთობს ღამეს გუმბათოვან მიმოთაღებით.

ეს უნდა მეთქვა წვიმის ხმით ან გრუხუნით მეხის,
ნელ ხმათა ნატიფ ჟღერადობას ციურ ჰანგებით, 
მიზიდავს მიწაც... ცივ სამარედ, ყოფით უკმეხი,
და საპირმოთნე მოჯამბაზე გრძნეულ განგების.

მხოლოდ შენშია მოყვავილე ზეცის ბაღნარი,
თვით სამოთხეც კი, მიმქრალი თუ ხორცივით ცხადი,
ადიონისებ სურვილს ვნების ბუკ-და ნაღარით
ისამანებს კი შენს სიმაღლეს ნაფიცი ვერცხლით?

სალი კლდესავით ბედის წარღვნით ვარ გალუმპული,
ო, სიყვარულო, ბევრიც მტანჯე, თუმც მანეტარე,
მივაყურადე იდილიურ ქარაგმულ მანტრებს,
ოცნების ფასკუნჯს დავუვარცხნე გზნების ბუმბული.

ნუ მიმიხურავ დარიბაბებს გულის აივნის, 
ვეღარ მზაფრავენ ნოსტალგიით ზამთრის ქარები,
ყველა ტკივილი, ყველა ტანჯვა, ვიცი, გაივლის
და ფარვანასებრ ისევ შენსკენ მოვექანები.

უკვე თენდება, ღრუბლის კერტებს ჩაუდგამთ ხსენი,
რძედაუშრეტელ ალიონებს მზით შობა ელით,
სულის თილისმებს ტაბუ აწმყოს მადლით ავხსენი,
კვლავ წუთისოფლის გზათა მიხმობს კორიანტელი.

No comments:

Post a Comment