Sunday, November 21, 2010

*** (სიხარული ფერმკრთალი) *ვაჟა ხორნაული*

სიხარული ფერმკრთალი.
ცის ნაპირზე ნისლია.
გული გულში მფეთქავი.
მე უშენოდ,ღმერთმანი,
სუნთქვა არ შემიძლია.

ღრუბლის თეთრი ბანები,
მგალობელი ტყე-ველი.
სითბო შენი თვალების-
ჩემი გადამრჩენელი.

წყაროს წყალის წკრიალი,
წნორის მწვანე ხამლები.
ექოები მზიანი,
ალუბლების ბრიალი,
მელოდია ჭავლების.

გარინდული ქარები,
ფიქრი-ღამის მთეველი.
შუქი შენი თვალების-
ჩემი გადამრჩენელი.

მზის ნიავით შემთბარი
მთებზე სიზმრის ნისლია.
გული გულში მფეთქავი.
ახლოს მყავდე ნეტავი,
მე უშენოდ,ღმერთმანი,
სუნთქვა არ შემიძლია. 

No comments:

Post a Comment