Friday, November 26, 2010

ჭიდილი *ხათუნა ჟორდანია*

ქარებო... ქარებო...
სადა ხართ? მომყევით!
სიცოცხლის მაგემეთ ლეწვა და ზანზარი,
ჩაბერეთ საზურნედ უღრუბლო ლოყები,
ქშინავდეს უცეცხლო გზნებათა ხანძარი.

გრიგალთა თარეში, სულების ყივილით,
რუხ ტაძრებს აცლიან იდუმალ საბურველს,
დილა მზეს შენატრის უმწეო ჩვილივით,
თვალთმაქცობს საწუთრო წუთთან მოსაუბრე.

ქვესკნელით განიღო აღდგომის კარიბჭე,
სხეული ამიწებს მიწიერ სარკოფაგს,
ახალი სამოთხის მებაღე _ ყარიბი _
წმინდა ნეკნს ულერწავს მთვლემარე არყოფნას.

თუმც... ჯერაც ღამეა, მრუმე და უძღები,
ბგერათა ატომი _ მეტყველი დენთია,
დასაბამს სასრული ქარაგმად წინ უძღვის,-
ღვთიური მარცვალის ნაყოფიც ღმერთია!

No comments:

Post a Comment