Friday, November 26, 2010

სატრფიალო ეპისტოლე *ხათუნა ჟორდანია*

მე შენ მიყვარხარ! ისე ვით ლილიტს,
იმ სუნთქვით, რამაც შეძრა ყოველი,
და ეთერული საუნჯით, თლილით, 
გაცოცხლებულა დღის სამყოფელი.
სხვა აღდგომისთვის ვქსოვ ახალ სხეულს,
ცას შევაგრაგნე გველის პერანგი,
ცეცხლში ალივით ვიყავ ცხებული
ცოდვის დამღით და ყოფის სვირინგით.
ძვირფასო, განა არ მეღვიძლები?!
განა ვერა გგრძნობ ერთ-ხორც და ერთ-სულ?!
მაგრამ ევაც ვარ გამოღვიძების,
რაც გვაშორებდა ჟამიჟამ ერთურთს.
მაინც ხომ შედგა დიდი შეხვედრა
ცისა და მიწის გარდაკვეთაზე,
ჰიმნად ქცეული ტრფობის ვედრება
ავაცისკროვნეთ სულისკვეთამდე.
მე შენ მიყვარხარ, ვიდრე სხეულად,
ვიდრე ადამად დაბედებამდე,
სამყარო რამაც ააცხაურა
აღსაზევებელ დაბადებამდე.
მე შენ მიყვარხარ უწინ და მანამ,
ვიდრე სამოთხის ანათემამდე
ცვარს გვიპკურებდა პურად მანანა
დაღამებიდან გათენებამდე...
მსურს, კვლავ შეგიგრძნო, როგორც სისავსე,
ვით სიმრავლიდან სულთქმნა ერთამდე,
რომ სასოებით ამაოსანო
ზე-საქორწინო გაღმერთებამდე!..

No comments:

Post a Comment