Sunday, November 14, 2010

მილოსელის ირონია *ლიკა ყიფშიძე*

...კარზე მკვეთრმა დაკაკუნებამ,
როგორც იქნა,გამომაღვიძა!
სიცივისაგან სხეულს ედო ნაცრისფერი,
ოთახს თვალი მიმოვავლე...
ნაკვერჩხალი უკვე სულმთლად
ჩამწვარიყო,ჩანაცრილიყო!
ბუხრის ანტიკურ ორნამენტებს
და მილოსელის ქანდაკების,
ასლს,რა თქმა უნდა,
ნაცრისფერი გადაკვროდა...
 ყველაფერს ახლა ირგვლივ
ეს ფერი–
ნაცრისფერი გადაფენოდა
და ნაცრისფრად თენდებოდა!
კვლავ ისმოდა კარზე კაკუნი,
გათოშილი
ვეგდე დივანზე,
ვერ ვინძრეოდი!
თუმცა აღარც სურვილი მქონდა
წამოდგომის!
და ყველაფერი გამახსენდა...
გამახსენდა,როგორ გელოდი!
შენ მითხარი,რომ მოხვიდოდი,
მითხარი,რომ არასოდეს
და არავინ
ასე ძლიერ არ გყვარებია,
რომ არასოდეს, ასე ძლიერ,
ჯერ არავინ  მოგნატრებია!
მე მჯეროდა და გელოდი!
ჯერ ბუხარი გავახურე,
მერე ლამაზი სასმისები შევარჩიე,
სუფრაც გავაწყვე,
იქვე ,დივანთან,მაგიდაზე
და გელოდი!
ცოტა დავლიე...
შენ კი არ ჩანდი...
ცოტას ცოტა დავამატე...
ვიხსენებდი ჩვენს სიყვარულს...
ედებოდა შეშას ალი,
ტკარცალებდა...
ჯერ ფეხსაცმელმა მომიჭირა
და გავიხადე!
მერე დამცხა...ღილებიანი ჩავიხსენი
ბოლომდე კაბა და ძირს დავაგდე...
შევამატე ბუხარს შეშა,
დავიმატე ჩემთვის ღვინო!
შენ კი არ ჩანდი!
კვლავ არ ჩანდი!
მერე მახსოვს ბევრი ვიცეკვე
და დავეშვი გათანგული რბილ დივანზე...
მენატრებოდი...
ისე ძლიერ მენატრებოდი,
მახსოვს ხელისგულს რომ ვყნოსავდი,
რადგან შენი სხეულის სუნს მივამსგავსე!
მერე ჩემს მკლავს დავუწყე კოცნა,
შენ მეგონე ...გავიხადე მთლად სამოსი!...
მერე არ მახსოვს,
კოცონს რცხვენოდა უკვე ჩემი,
თუ მე კოცონის!..
თენდებოდა,ნაცრისფერად თენდებოდა,
კარზე კი ისევ გაისმოდა
მკვეთრი კაკუნი,
სხეულს ედო ნაცრისფერი...
მილოსელის ქანდაკება საუკუნეებს
შესცქეროდა,
ჩანდა გულგრილი
და ირონია მძაფრდებოდა,
მის მომტვრეულ ხელებს 
როცა შევყურებდი!

No comments:

Post a Comment