Friday, August 30, 2013

ქაღალდის მისტერია ანუ კეისარს, კეისრისა *** საშა გველესიანი***

ქაღალდზე თენდება, ქაღალდზე ღამდება,
ქაღალდებს, ბედ-იღბალს ანდობენ მავანნი,
ქაღალდზე, ხანდახან, ცხვარიც კი ავდება,
ვინ იცის ქაღალდის ავან-ჩავანი.
. . .
წარსულის დღეებმა დამიგეს მახე და
ამდენმა შეკითხვამ დაქანცა გონება,
ნეტავ სულის სასწორს ერთხელ შემახედა,
ვნახო, ცოდვა-მადლი როგორ იწონება.
როდემდე ვუთრიო სიცრუეს ბაწარი,
სულსაც მოაკითხეს საყიდლად ჩარჩებმა,
მთის წვერზე, საძვალეს დაჰყურებს ტაძარი,
პასუხის გაცემის დროც აღარ დარჩება.
თითქოს და წამგვარეს ბატკნების ფარა და
წამართვეს მიწა და წაიღეს ხერთვისი,
ღამდება აშკარად, -- თენდება შარადა,
ვერაფრით შევძელი ამოხსნა მერმისის.
. . .
თევზი რას მიქვია, მომე სათხეველი,
ქუდზე დამიძახეთ, ჯავარდნით და ფარით,
ძარღვებში სისხლია შენთვის სათხეველი,
ლოცვებში დამმარხეთ, სახეზე დაფარნით.
სამშობლო, ქაღალდზეც ეტევა თურმე და
მავანი, რომელიც ხელსაც არ შეისვრის,
არცოდნით, კეისარს უფალში ურევდა...
ღმერთს, ღვთის ეკუთვნის და კეისარს კეისრის.
ვინღა გააშიშვლებს ხალიბურ სატევარს,
სახეს, სადიდგორედ ვინ აიალმურებს,
სული ემსგავსება ძაღლების ნათევარს,
კაცი აღარ დარჩა საწიწამურე.
. . .
ქაღალდზე სიკეთის წერტილის ძებნაში,
სიცოცხლე, ხანდახან ერთ ბეწვზე ჰკიდია,
ქაღალდზე, ხანდახან ლექსებსაც წერენ და
ქაღალდზე, ხანდახან სულებსაც ჰყიდიან.

No comments:

Post a Comment