Friday, August 30, 2013

ტყე *** საშა გველესიანი***

მე კი რა მინდა…
მარცვალი ვარ, შენი სამინდე,
მზეო დამინდე. . .

. . .
ხეები ჰგვანან ქარში შეკითხვას,
ქარებმა ეს ტყეც წელში მოხარეს,
ვის ვკითხო, იქნებ სიმართლე ითქვას,
ზეცას თუ მიწას, მტერს თუ მოყვარეს.
ღრუბლებში არ სჩანს მზის ათინათი,
ჩიტბატონებმა შეჰქმნეს ჩოჩქოლი,
მთის წვერს გადაჰკრა ნიავმა თათი,
გადააცალა თეთრი ქოჩორი.
ტყეო ნუ დარდობ, ტყეო ნუ წუხხარ,
მუმლს რომ ახელებს ბებერი ქარი,
ცას ეხიდება ტოტებით მუხა,
როგორც სიჩუმეს მღელვარე ქნარი.
შენი უღელი ქედზე დავიდო,
უშენოდ ერთი დღეც არ მქონია,
ეს გული, მკერდში ღმერთმა ჩამიდო,
გუგულის კვერცხი ხომ არ გგონია.
წარმართი სისხლი შენით დავძარი,
ღიმილი, შენი ჯვარით ვიჩუქე,
მწვერვალზე, დღეებს ითვლის ტაძარი,
სადაც მობეზრდა ყოფნა სიჩუმეს.
ნისლად შემორჩნენ ცრემლები თვალში,
ხეთა ძარღვები, ფითრებმა შესვეს,
ბაზალეთზე ვარ ყელამდე წყალში
და ცეცხლი მიწვავს დაჩეხილ ფესვებს.
ნეტავ გულაღმა დამაგდო ტყეში
და შემოდგომა დინჯი სიყვითლით
ხალიჩად მეგოს, შვლის ნუკრით ხელში,
ჩემთვის დარჩენილ დღეებს მივითვლი.
. . .
მეტი რა მინდა. . .
შენმა დოლაბმა, სამინდედ დამფქვას. . .
და კიდევ რა ვთქვა,
ამ ტყეში ერთხელ გაიამინდებს,
მზეო დამინდე. . .

2012

No comments:

Post a Comment