Friday, August 30, 2013

სიცოცხლე მასწავლე *** საშა გველესიანი***

ამებნა გზები და ვინ იცის 
სად წავლენ,
ცა, შენს ფერს იხატავს, 
მყინვარის სარკიდან,
ლექსებად ნათქვამი
სიცოცხლე მასწავლე
და როგორც ხარ-ჯიხვი,
კლდეებზე გამკიდე.
რძისფერი ნისლების
სიმკრთალე გამშვენებს,
და ღელავს ღიმილი,
თვალების სიღრმეში,
შევები ხევ-ხუვებს,
ვერავინ გვაშველებს,
ცრემლებად ჩამყევი
ნაწვალებ სიზმრებში.
მზის სხივის ცვარ-ნამთან
ალერსით დანაბადს,
გნახე და აპრილის
სურვილით აღვიგზნე,
თეთრონით მოვალ და
მოგახვევ შავ ნაბადს,
სანამდე გიჟ ღამეს,
გაუვლის ავი ზნე.
შემხედე, ირმის რძით
გამზარდეს დევებში,
ბალღი, ფეხს ვიდგამდი
ციცაბო აღმართზე,
ტკივილის ჩაჩეხვა
ვისწავლე ხევებში
და სული, შენს გზაზე,
ჯვარივით აღვმართე.
გათავდა. ფართო გზებს,
სიმშვიდეს შევეშვი,
ან შიშს და ან ბოღმას
რაისთვის ვეჭმები,
ძლივს გამოატია
არაგვმა კლდეებში,
სიპებით ნაჩეხი,
დიდრონი ბეჭები.

No comments:

Post a Comment