Friday, August 30, 2013

ყორღანები *** საშა გველესიანი***

ისე თოვს, ცა ფეხად 
ჩამოდის სიზმრებად,
ყოველ ფიფქს, ფერი აქვს, 
ფიქრის და ვედრების,
თეთრი მდუღარება
ნისლებად იღვრება,
არევით დაჰქრიან
თეთრონი მხედრები.
ლაგამაწყვეტილი,
ისე მიაჭენებს
დრო, რომ სულსაც, მგონი
გარეთ ეჩქარება,
ღამე, დილის სხივებს,
ჯვარზე მიაჭედებს,
ციდან, ვარსკვლავები
არეკეს ქარებმა.
თითქოს, სადღაც სხვაგან
უნდა წასულიყო,
ჩემი ზამთრისფერი
და მე ვერ მიმეტებს,
ჩუმი მონატრებით სავსე
წარსულიც ხომ
მორცხვად ეხავსება,
ტაძრის სილუეტებს.
წლებიც იზამთრებენ
თურმე ჩიტის ბუდით,
თურმე, ბედ-იღბალიც
ურმით იარება
და მეც, სიცოცხლე მჭირს,
რწმენის სიჯიუტით,
სიკვდილს რომ აჩნდება
ტანზე იარებად.
სიტყვა ბადებდა და
დრო კი გადიობდა,
ღამემ შეირჩინა
სხივი ნამალევი,
მეგონა ოთახში,
ვიღაც დადიოდა,
თურმე, ბოლთას სცემდა,
გული გამალებით.
შორით გამოსჩანან
დღედაულეველნი,
დროზე აღრენილნი,
ბოღმით მბორგავები,
შავი ყორნების
გამშინაურებელი,
დროჟამგადამქრალი
თეთრი ყორღანები.

No comments:

Post a Comment